არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არიან დემონები?

ვინ არიან დემონები?

ბიბლიის თვალსაზრისი

ვინ არიან დემონები?

სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ არსებობენ ბოროტი და კეთილი სულები, მაგალითად, ჯინი, მოჩვენებები, ჭინკები და დემონები. ამ სულებიდან ზოგს ერთდროულად კარგსა და ცუდ თვისებებს მიაწერენ. ზოგი უარყოფს ამ სულების არსებობის იდეას და მას ცრურწმენის გადმონაშთად ან ადამიანური ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევს. რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე?

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ შემოქმედი თავად არის სული და მისი პირველი ქმნილებებიც სულიერი არსებები არიან (იოანე 4:24; ებრაელები 1:13, 14). ღვთის სიტყვა ბოროტ სულებსაც იხსენიებს და ზოგჯერ მათ დემონებს უწოდებს (1 კორინთელები 10:20, 21; იაკობი 2:19). ბიბლიაში არსად წერია, რომ დემონები ღმერთმა შექმნა. ვინ არიან ისინი და საიდან წარმოიშვნენ?

„შემცოდველი ანგელოზები“

ღმერთმა სულიერი ქმნილებები თავისუფალი ნებით შექმნა. მათ თავად შეეძლოთ კეთილისა და ბოროტის გარჩევა. სამწუხაროდ, პირველი ადამიანების შექმნის შემდეგ ანგელოზთა გარკვეულმა რაოდენობამ არასწორი გზა აირჩია და ღმერთს აუმხედრდა.

პირველი, ვინც ყველაზე დასაძრახი საქციელი ჩაიდინა, იყო მეამბოხე სულიერი ქმნილება, რომელიც სატანა გახდა. იესო ქრისტემ თქვა: „ის . . . ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება“ (იოანე 8:44). რატომ აუმხედრდა სატანა ღმერთს? მას სურდა, რომ მიესაკუთრებინა ის, რაც შემოქმედს ეკუთვნოდა — ხალხის თაყვანისცემა. იგი ღვთის მეტოქე გახდა, ამიტომ ეწოდა „სატანა“, რაც „მოწინააღმდეგეს“ ნიშნავს. საუკუნეების შემდეგ, ნოეს დღეებში, სხვა ანგელოზებიც შეურთდნენ სატანას. მათ შეისხეს ხორცი და საცხოვრებლად დედამიწაზე ჩამოვიდნენ (დაბადება 6:1—4; იაკობი 1:13—15). როცა წარღვნა მოხდა, „შემცოდველი ანგელოზები“ სულიერი სხეულით კვლავ ზეცას დაუბრუნდნენ (2 პეტრე 2:4; დაბადება 7:17—24). დროთა განმავლობაში მათ დემონები ეწოდათ (კანონი 32:17; მარკოზი 1:34).

ურჩმა ანგელოზებმა საკუთარი დაუმორჩილებლობის შედეგები იწვნიეს. იუდას 6-ში ვკითხულობთ: „ანგელოზებს, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო, უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში ინახავს იგი [ღმერთი] გასამართლების დიდი დღისათვის“. ღმერთმა დემონებს ჩამოართვა უფლებამოსილება, რომელიც ამბოხებამდე ჰქონდათ ზეცაში. ღმერთმა ისინი, ასე ვთქვათ, „უკუნი სიბნელით მოცულ ჯურღმულებს გადასცა“. ამგვარად, ეს ანგელოზები სრულიად მოსწყდნენ სულიერ სინათლეს.

„შეცდომაში შეჰყავთ მთელი მსოფლიო“

მართალია, დღეს დემონებს აღარ შეუძლიათ ხორცის შესხმა, მაგრამ მაინც შესწევთ ძალა, გავლენა მოახდინონ ადამიანთა ცხოვრებაზე და დაუმახინჯონ აზროვნება. სატანასა და მის დემონებს „შეცდომაში შეჰყავთ მთელი მსოფლიო“ (გამოცხადება 12:9; 16:14). „დემონურმა სწავლებებმა“ მთელი მსოფლიო მოიცვა (1 ტიმოთე 4:1). ცრუ რელიგიებმა მილიონობით ადამიანს დაუბრმავა გონება და ამიტომ არ სურთ ღვთის შესახებ სასიხარულო ცნობის მოსმენა (2 კორინთელები 4:4). ქვემოთ მოცემულია ზოგი არასწორი შეხედულება, რითაც დემონებს შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები.

მკვდრები სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს აგრძელებენ. დემონები ხალხის მოსატყუებლად არაერთ მეთოდს მიმართავენ, კერძოდ, გარდაცვლილი ახლობლების სახით ეცხადებიან, მათ ხმასაც ბაძავენ და ამგვარად აჯერებენ, რომ შეუძლიათ საყვარელ მიცვალებულებთან ჰქონდეთ ურთიერთობა. ეს სიცრუე იმდენად კარგად არის შენიღბული, რომ ბევრს ეჭვი აღარ ეპარება სულის უკვდავებაში. ბიბლიაში საპირისპიროს ვკითხულობთ: „მკვდრებმა . . .არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5, 6). ‘ვერც ერთი მდუმარებაში ჩამავალი, ვერ ადიდებს იაჰს’ (ფსალმუნი 115:17). *

ზნეობრივი ნორმების დაცვა არცთუ ისე მნიშვნელოვანია. 1 იოანეს 5:19-ში ვკითხულობთ: „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). სატანა და მისი დემონები მასობრივი მედიის საშუალებებით პროპაგანდას უწევენ თავისუფალი ცხოვრების წესს და გამართლებას უძებნიან უზნეობას (ეფესოელები 2:1—3). ნებისმიერი სახის აღვირახსნილობა დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ბევრი იწყნარებს უზნეო საქციელს და თვლის, რომ ბიბლიური ნორმები დრომოჭმულია.

სპირიტიზმში ცუდი არაფერია. ერთხელ პავლე მოციქულს შეხვდა „ერთი მოახლე გოგონა. ის შეპყრობილი იყო სულით, დემონით, რომელიც მკითხაობის ძალას აძლევდა. წინასწარმეტყველებით გოგონა დიდ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს“ (საქმეები 16:16). პავლემ იცოდა, რომ ამ გოგონას დემონისგან ჰქონდა მიცემული მომავლის წინასწარმეტყველების უნარი, ამიტომ არ მოუსმინა მას. გარდა ამისა, პავლეს არ სურდა, რომ გული ეტკინა ღვთისთვის, რომელსაც ყველა სახის სპირიტიზმი, მათ შორის ასტროლოგია და ოკულტიზმი, სძულს (კანონი 18:10—12).

თავი დაიცავით დემონებისგან

როგორ შეგიძლიათ თავი დაიცვათ ბოროტი სულიერი ქმნილებებისგან? ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7). ჩვენ ყურად ვიღებთ ბიბლიაში მოცემულ მითითებებს. ბიბლია ერთადერთი წმინდა წიგნია, რომელიც ააშკარავებს სატანისა და დემონების ხრიკებს (ეფესოელები 6:11; 2 კორინთელები 2:11). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ბოროტი სულები და ისინი, ვინც ღმერთს უპირისპირდება, მარადიულად არ იარსებებენ (რომაელები 16:20). იგავების 2:21-ში ვკითხულობთ: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე“.

[სქოლიო]

^ აბზ. 11 მკვდრეთით აღდგომის ბიბლიური იმედისა და მკვდრების მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავები 6 და 7.

გიფიქრიათ?

● ღმერთმა შექმნა დემონები? (2 პეტრე 2:4)

● შესაძლებელია მკვდრებთან საუბარი? (ეკლესიასტე 9:5, 6)

● როგორ შეგიძლიათ თავი დაიცვათ დემონებისგან? (იაკობი 4:7)

[სურათი 21 გვერდზე]

დემონები არაერთ ხრიკს მიმართავენ ადამიანების შესაცდენად