არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რელიგიაა დამნაშავე ომებში?

რელიგიაა დამნაშავე ომებში?

რელიგიაა დამნაშავე ომებში?

მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე სასულიერო პირი და მწერალი ჯონათან სვიფტი წერდა: „რელიგიას მხოლოდ იმის ძალა შესწევს, რომ ერთმანეთი შეგვაძულოს, მაგრამ არა იმის, რომ ერთმანეთი შეგვაყვაროს“. ბევრი ამტკიცებს, რომ რელიგია უფრო დაყოფას უწყობს ხელს, ვიდრე ერთიანობას, თუმცა ყველა არ ეთანხმება ამ აზრს.

მაგალითად განვიხილოთ, რა დასკვნამდე მივიდა გაერთიანებული სამეფოს ბრადფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი, რომელიც მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს. ბი-ბი-სის დავალებით მკვლევართა ამ ჯგუფს უნდა გამოეკვლია, რელიგია მშვიდობას უწყობს ხელს თუ ომს.

მკვლევართა მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო: „სხვადასხვა სპეციალისტის მიერ ჩატარებული ისტორიული ანალიზის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში წმინდა წყლის რელიგიური ომი თითქმის არ ყოფილა“. როგორც მათ განმარტეს, „იმ ომების გამომწვევი მიზეზი, რომლებსაც საინფორმაციო თუ სხვა საშუალებები რელიგიურს ან რელიგიურ ნიადაგზე გაჩაღებულს უწოდებენ, სინამდვილეში ნაციონალიზმი, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ან თავდაცვაა“.

მაგრამ ბევრის აზრით, სამღვდელოება თავისი მოქმედებითა თუ უმოქმედობით, ამართლებდა და აქტიურად უჭერდა მხარს მრავალ შეიარაღებულ შეტაკებას, რასაც ქვემოთ მოყვანილი ციტატებიც ადასტურებს.

● „როგორც ჩანს, თითქმის ყველგან რელიგია ძალადობას უკავშირდება . . . ბოლო წლებში რელიგიურმა ძალადობამ თავი იჩინა მემარჯვენე ქრისტიანებს შორის შეერთებულ შტატებში, გაღიზიანებულ მუსლიმანებსა და ებრაელებს შორის ახლო აღმოსავლეთში, მოქიშპე ინდუსებსა და მუსლიმანებს შორის სამხრეთ აზიაში და ადგილობრივ რელიგიურ დაჯგუფებებს შორის აფრიკასა და ინდონეზიაში . . . ამ ძალადობრივ ქმედებებში გარეულთათვის რელიგია პოლიტიკური კურსის განსაზღვრისა და შურისმაძიებლური იდეოლოგიის გამართლების კარგი საშუალებაა“ (Terror in the Mind of God—The Global Rise of Religious Violence).

● „პარადოქსია, მაგრამ ხშირად ყველაზე საშინელი სოციალური მანკიერებები იმ ქვეყნებში შეიმჩნევა, რომლებიც რელიგიურობით გამოირჩევა . . . საზოგადოების რელიგიურობა არ გამორიცხავს დამნაშავეობის მაღალ მაჩვენებელს . . . ერთი რამ ცხადია: თუ გნებავთ უსაფრთხოდ, წესიერად, მშვიდად და ცივილიზებულად იცხოვროთ, მოერიდეთ იმ ადგილებს, სადაც რელიგია დომინირებს“ (Holy Hatred).

● „ბაპტისტები კონფლიქტურობით უფრო არიან ცნობილნი, ვიდრე მშვიდობისთვის გაწეული ძალისხმევით . . . მეცხრამეტე საუკუნეში, როცა [ამერიკაში] მონობის საკითხმა თუ სხვა ცვლილებებმა განხეთქილება ჯერ კონფესიებს შორის, შემდეგ კი მთელ საზოგადოებაში გამოიწვია, ბაპტისტები ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში მხარს უჭერდნენ მათ მიერ წმინდა ომად შერაცხულ საომარ მოქმედებებს და ირწმუნებოდნენ, რომ ღმერთი მათ მხარეს იყო. ბაპტისტები აქტიურად უჭერდნენ მხარს საომარ მოქმედებებს ინგლისთან (1812), მექსიკასთან (1845) და ესპანეთთან (1898) ომის დროს. აქედან ბოლო ორ ომს ისინი იმ მოსაზრებით ამართლებდნენ, რომ ეს ომები ჩაგრული ხალხის რელიგიურ თავისუფლებასა და მისიონერული მოღვაწეობისთვის ახალი კარის გაღებას ემსახურებოდა. ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ბაპტისტებს ომი სწყუროდათ და არა მშვიდობა. უბრალოდ, როცა ომის საშიშროება რეალურად დადგა, მათ მხარი დაუჭირეს საომარ სამზადისს და ჩაებნენ მასში“ (Review and Expositor—A Baptist Theological Journal).

● «თითქმის ყველა დროის ისტორიკოსი იზიარებს იმ აზრს, რომ სხვადასხვა ერისა და კულტურის ხალხში მომხდარი შეტაკებების დროს ორივე მხარეს რელიგიური მოტივაცია ამოძრავებდა. „ღმერთები ჩვენთან არიან!“ — ეს მოწოდება ოდითგანვე ომის გაჩაღების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება იყო» (The Age of Wars of Religion, 1000-1650—An Encyclopedia of Global Warfare and Civilization).

● „რელიგიური ლიდერები . . . უფრო კრიტიკულად უნდა მიუდგნენ იმ ფაქტს, რომ მათ ვერ შეძლეს ღირსეული წინამძღოლობა და თავიანთი რელიგიის ფუნდამენტური ფასეულობების წარმოჩენა . . . ფაქტია, რომ ყველა რელიგია ისწრაფვის მშვიდობისკენ, მაგრამ საკითხავია, შეძლო თუ არა რელიგიამ ოდესმე მშვიდობისმყოფელის როლის შესრულება“ (Violence in God’s Name—Religion in an Age of Conflict).

ისტორიის განმავლობაში ძირითადი ქრისტიანული რელიგიების (კათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული) სამღვდელოება, კონფლიქტის ორივე მხარეს ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ მღვდლებსა და კაპელანებს აემაღლებინათ მებრძოლთა საბრძოლო სულისკვეთება და ელოცათ დახოცილთა და მომაკვდავთათვის. ამგვარად სამღვდელოება იწყნარებდა სისხლის ღვრას და კურთხევას არ აკლებდა სამხედრო ძალებს.

ზოგმა მაინც შეიძლება თქვას, რომ რელიგია არ არის დამნაშავე ომებში. მაგრამ იბადება კითხვა: შეძლო კი რელიგიამ ოდესმე ადამიანების გაერთიანება?

[ჩარჩო 5 გვერდზე]

„მისმა მოწყალებამ, მედისონ ავენიუს ბაპტისტური ეკლესიის პასტორმა, დოქტორმა ჩარლზ იტონმა გუშინ კათედრიდან განაცხადა, რომ სამრევლო სახლი გამწვევ პუნქტად უნდა იქცეს სახმელეთო ჯარსა და საზღვაო ფლოტში მსახურების მსურველთათვის.

ის ერთ-ერთი იყო იმ ათეულობით სასულიერო პირს შორის, რომლებიც დილის საკვირაო ქადაგებებში ომის თემაზე ქადაგებდნენ და ყველას მოუწოდებდნენ, რომ პირველივე შესაძლებლობისას მხარი დაეჭირათ ომისთვის, რითაც სამშობლოსა და დემოკრატიისადმი ერთგულებას დაამტკიცებდნენ. მრავალი ეკლესიის თავზე დროშები აფრიალდა“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“, 1917 წლის 16 აპრილი).