არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

დაგაახლოებთ თვითგვემა ღმერთთან?

მრავალი ადამიანისთვის თვითგვემა ყოვლად მიუღებელია. მორწმუნეები, რომლებიც იგვემავენ თავს უკიდურესი მარხვითა და შიშველ სხეულზე ჯვალოს ტარებით, ღვთისმოშიშებად ითვლებიან. ასეთი რამ მხოლოდ შუა საუკუნეებში არ ხდებოდა. ბოლოდროინდელი მონაცემებით, თვითგვემას ცნობილი რელიგიური წინამძღოლებიც მიმართავენ.

რა აღძრავს ადამიანებს, ღმერთს ასეთი სახით სცენ თაყვანი? ერთ-ერთი ქრისტიანული ორგანიზაციის წარმომადგენლის სიტყვების თანახმად, „თუ ნებაყოფლობით ვგვემთ საკუთარ თავს, ამით იესო ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი ვხდებით, რაზეც მან ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა ცოდვისგან ჩვენს გამოსასყიდად“. რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით, საინტერესოა, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე.

გაუფრთხილდით საკუთარ სხეულს

ბიბლია კონკრეტულად არაფერს ამბობს თვითგვემის შესახებ. მაგრამ ის მოუწოდებს ღვთისმოშიშ ადამიანებს, გაუფრთხილდნენ საკუთარ სხეულებს. ყურადღება მიაქციეთ, როგორ აღწერს ბიბლია ცოლ-ქმრის სიყვარულს. იმის შესახებ, თუ როგორ ზრუნავს კაცი თავის სხეულზე, ბიბლიაში ნათქვამია: „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები . . . არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს, როგორც ქრისტე — კრებას“ (ეფესოელები 5:28, 29).

თუ ღმერთი მორწმუნეებისგან სხეულის გვემას მოითხოვს, მაშ, რა აზრი ჰქონდა იმის თქმას, რომ ქმარს ცოლი საკუთარი სხეულივით უნდა ჰყვარებოდა? აშკარაა, რომ მათგან, ვინც ღვთის სიტყვაში ჩაწერილ პრინციპებს აფასებს, მოითხოვება, გაუფრთხილდნენ და უყვარდეთ საკუთარი სხეული. ეს სიყვარული მეუღლეზეც უნდა ვრცელდებოდეს.

ბიბლიაში ჩაწერილია სხვა პრინციპებიც, რომლებიც აღძრავს მკითხველს, გაუფრთხილდეს საკუთარ სხეულს. მაგალითად, მასში წერია, რომ ზომიერი ვარჯიში სასარგებლოა (1 ტიმოთე 4:8). ღვთის სიტყვაში აგრეთვე საუბარია ზოგიერთი საკვებისა და სასმელის სამკურნალო თვისებებზე და არასწორი კვების სავალალო შედეგებზე (იგავები 23:20, 21; 1 ტიმოთე 5:23). წმინდა წერილები მოგვიწოდებს, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, რათა უფრო აქტიურები ვიყოთ (ეკლესიასტე 9:4). შეიძლება ბიბლია ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ მოგვიწოდებდეს და, ამავე დროს, სხეულის გვემას გვთხოვდეს? (2 კორინთელები 7:1).

უნდა განასახიერონ ქრისტიანებმა იესოს ტანჯვა?

ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაცია არასწორად აკეთებს დიდ აქცენტს იესოსა და პირველი ქრისტიანების ტანჯვაზე და თავიანთ მიმდევრებს თვითგვემისკენ მოუწოდებს. მაგრამ ბიბლიაში აღწერილი ტანჯვა, რომელსაც ღვთის მსახურები ხვდებოდნენ, არასდროს ყოფილა თვითგვემით გამოწვეული. ბიბლიის დამწერები ქრისტეს ტანჯვას იმ მიზნით კი არ გვახსენებენ, რომ ქრისტიანებმა თვითგვემას მივმართოთ, არამედ იმიტომ, რომ დევნას გავუძლოთ. აქედან გამომდინარე, ის, ვინც საკუთარ თავს აყენებს ტკივილს, არ ჰბაძავს იესო ქრისტეს.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს საუკეთესო მეგობარს გამძვინვარებული ბრბო ესხმის თავს. ხედავთ, რომ თქვენი მეგობარი მშვიდად ხვდება თავდამსხმელებს და შეურაცხყოფას შეურაცხყოფით არ პასუხობს. თუ გსურთ, რომ მიჰბაძოთ თქვენს მეგობარს, მიაყენებთ საკუთარ თავს ფიზიკურ შეურაცხყოფას? ცხადია, არა, რადგან ასეთი საქციელით თქვენ ბრბოს მოქმედებებს გაიმეორებთ. მსგავს სიტუაციაში მეგობარს ალბათ იმით მიჰბაძავთ, თუ თავდამსხმელებს სამაგიეროს არ გადაუხდით.

ნათელია, რომ ქრისტეს მიმდევრებმა არ უნდა მიაყენონ საკუთარ თავს ტკივილი და არ უნდა მიჰბაძონ იმ გაშმაგებულ ბრბოს, რომელმაც იესო აწამა და მოკლა (იოანე 5:18; 7:1, 25; 8:40; 11:53). ქრისტიანებმა უნდა მიჰბაძონ იესოს სიმშვიდეში და გაუძლონ განსაცდელებს (იოანე 15:20).

დამახინჯებული სწავლება

ქრისტიანობამდელ ეპოქაში წმინდა წერილები, რომლითაც იუდეველები ხელმძღვანელობდნენ, საკუთარი სხეულის ვნებას უკრძალავდა. მაგალითად, კანონში პირდაპირ ეწერა, რომ იუდეველებს საკუთარი სხეული არ უნდა დაესერათ, რაც როგორც ჩანს, ძველად სხვა ერებისთვის იყო მისაღები (ლევიანები 19:28; კანონი 14:1). თუ ღმერთი სხეულის დასერვას კრძალავდა, ცხადია, ის არც გაშოლტვას მოიწონებდა. ბიბლიური პრინციპი ნათელია — ნებისმიერი სახით საკუთარი თავის განზრახ ვნება ღვთისთვის მიუღებელია.

როგორც მხატვარს სურს, რომ მის ნამუშევარს აფასებდნენ, ასევე იეჰოვა ღმერთს, ჩვენს შემოქმედს სურს, რომ თავისი ქმნილება, ადამიანი, საკუთარ სხეულს აფასებდეს (ფსალმუნი 139:14—16). თვითგვემა ვერ განამტკიცებს ღმერთთან ადამიანის ურთიერთობას. პირიქით, ეს ყველანაირად ეწინააღმდეგება იმას, რასაც სახარებები ასწავლის.

ღვთის შთაგონებით მოციქული პავლე ადამიანთა დამთრგუნველ სწავლებებზე ამბობდა: „ამ ყველაფერს მართლაც აქვს გარეგნული სიბრძნე თვითნებური თაყვანისმცემლობითა და მოჩვენებითი თავმდაბლობით, სხეულის დათრგუნვით, მაგრამ სრულიად უსარგებლოა ხორციელ სურვილებთან ბრძოლაში“ (კოლოსელები 2:20—23). საკუთარი სხეულისთვის ზიანის მიყენებას აზრი არა აქვს, რადგან ამით ღმერთს ვერავინ დაუახლოვდება. ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ღვთის მოთხოვნები გამომაცოცხლებელი, ადვილი სატარებელი და მსუბუქია (მათე 11:28—30).

გიფიქრიათ?

● როგორი შეხედულება აქვს ღმერთს ადამიანის სხეულზე? (ფსალმუნი 139:13—16)

● დაგეხმარებათ თვითგვემა არასწორ სურვილებთან ბრძოლაში? (კოლოსელები 2:20—23)

● არის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა დამამძიმებელი ან დამრთგუნველი? (მათე 11:28—30)

[ჩანართი 11 გვერდზე]

ბიბლიური პრინციპი ნათელია — ნებისმიერი სახით საკუთარი თავის განზრახ ვნება ღვთისთვის მიუღებელია

[სურათი 10 გვერდზე]

პილიგრიმი ჩოჩვით მიემართება ტაძრისკენ

[საავტორო უფლება]

© 2010 photolibrary.com