არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა შეუმსუბუქებს ჭირისუფალს ტკივილს?

რა შეუმსუბუქებს ჭირისუფალს ტკივილს?

რა შეუმსუბუქებს ჭირისუფალს ტკივილს?

„იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18).

საყვარელი ადამიანის დაღუპვას სხვადასხვა ემოცია ახლავს. მაგალითად, გაოგნება, მწუხარება, და შესაძლოა, დანაშაულის გრძნობა ან ბრაზი. როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, ახლობლის დაკარგვაზე ყველა ერთნაირად არ რეაგირებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ყველა ზემოთქმული ემოცია არ დაგეუფლოთ და სხვებივით არ გამოხატოთ მწუხარება. მაგრამ თავს ნუ შეიკავებთ ემოციების გამოვლენისგან, თუ ფიქრობთ, რომ ეს გჭირდებათ.

„გამოხატეთ თქვენი მწუხარება!“

ელოიზას, რომელიც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, დედა მოუკვდა. ის თავს იკავებდა გრძნობების გამოხატვისგან. „თავიდან ვტიროდი, მაგრამ შემდეგ ვცდილობდი, დარდი გულში ჩამეკლა და ჩემი განცდები არ გამომეხატა. თავი ისე მეჭირა, როგორც პაციენტის სიკვდილის დროს. ალბათ, ჯანმრთელობაც ამის გამო შემერყა. მინდა ვურჩიო ყველას, ვისაც საყვარელი ადამიანი დაეღუპა: გამოხატეთ თქვენი მწუხარება, დაიცალეთ ემოციებისგან და გულზე მოგეშვებათ!“

მაგრამ შეიძლება გადიოდეს კვირები, დღეები და თავს ისე გრძნობდეთ, როგორც ერთი ქალი, სესილია, რომელსაც ქმარი კიბოთი დაეღუპა. იგი ამბობს: „ხანდახან ჩემს თავზე მებრაზება იმიტომ, რომ არ ვამართლებ მათ მოლოდინს, ვინც ფიქრობს, რომ უკვე დიდი ხანია, უნდა შევგუებოდი ჩემს დანაკარგს“.

თუ მსგავსი აზრები თქვენც გაწუხებთ, გახსოვდეთ, რომ არ არსებობს დადგენილი წესები იმისა, თუ როგორ და რამდენ ხანს უნდა იგლოვოს ჭირისუფალმა. ზოგს შედარებით მალე უყუჩდება ტკივილი, ზოგს კი მეტი დრო სჭირდება. ამ პროცესს ვერ დააჩქარებთ. ამიტომ, თავს ძალას ნუ დაატანთ, რომ განსაზღვრულ „ვადაში“ მორჩეთ გლოვას. *

მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, თუ გადის დრო და ატყობთ, რომ თქვენს გლოვას დასასრული არ უჩანს და დარდი ძალას გაცლით? ალბათ, თქვენც იმავე მდგომარეობაში იმყოფებით, როგორშიც ერთ დროს მართალი ადამიანი, იაკობი იყო. როცა თავისი ვაჟის, იოსების დაღუპვის ამბავი გაიგო, იაკობი „არ იღებდა ნუგეშს“ (დაბადება 37:35). თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, დარდმა რომ არ გშთანთქოთ?

საკუთარ თავზეც იფიქრეთ. „ძალიან დავიღალე, ვგრძნობ, რომ მეტი აღარ შემიძლია“, — ამბობს სესილია. როგორც მისი სიტყვებიდან გამოჩნდა, დარდი ჭირისუფალს გულზე ლოდად აწევს და ფიზიკურად და ემოციურად ფიტავს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ყურადღებას მიაქცევთ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას — საკმარისად დაისვენეთ და ნოყიერი საკვები მიიღეთ.

შეიძლება მადა დაკარგოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ მაღაზიებში სიარულსა და საჭმლის მომზადებაზე. მაგრამ, თუ ნოყიერ საკვებზე უარს იტყვით, ხელს ადვილად დაგრევთ სხვადასხვა ინფექცია თუ დაავადება, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენს მდგომარეობს. ეცადეთ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მცირე ულუფით მაინც მიიღოთ საკვები. *

თუ შეძლებთ, დაიწყეთ ვარჯიში; სეირნობაც კი უკვე ბევრს ნიშნავს. ფიზიკური აქტივობა კარჩაკეტილობას აგარიდებთ. გარდა ამისა, ზომიერი ვარჯიშის შედეგად ტვინში გამოიყოფა ქიმიური ნივთიერება ენდორფინი, რაც კარგ განწყობას შეგიქმნით.

უარს ნუ იტყვით დახმარებაზე. დახმარება განსაკუთრებით შეიძლება მაშინ დაგჭირდეთ, თუ მეორე ნახევარი დაგეღუპათ. ალბათ, ადრე თქვენი საყვარელი მეუღლე არაერთ საქმეს აკეთებდა, ახლა კი ყველაფერი თქვენი გასაკეთებელი გახდა. მაგალითად, თუ ფინანსურ და საოჯახო საქმეებს ის უძღვებოდა, თავიდან შეიძლება ამ ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად გაგიჭირდეთ. ასეთ დროს მეგობრებისგან ტაქტიანად მოცემული რჩევა დიდ დახმარებას გაგიწევთ (იგავები 25:11).

ბიბლია ნამდვილ მეგობარს „გასაჭირისთვის დაბადებულ ძმას“ უწოდებს (იგავები 17:17). ასე რომ, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, ნუ იფიქრებთ, რომ ვიღაცისთვის ტვირთი გახდებით. პირიქით, ხალხთან ურთიერთობა მძიმე წუთებში შვებას მოგიტანთ. დედის სიკვდილის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა სალიმ შეამჩნია, რომ სხვებთან ურთიერთობა მას კარგ გუნებაზე აყენებდა. სალი ამბობს: „ბევრი ჩემი მეგობარი სხვადასხვა ღონისძიებაზე მეპატიჟებოდა. მათი დახმარებით მარტოობის გრძნობას მოვერიე. ძალიან მსიამოვნებდა, როცა სხვები მეკითხებოდნენ, როგორ ვგრძნობდი თავს. დიდ შვებას მგვრიდა, როცა დედაზე ვლაპარაკობდი“.

იცხოვრეთ მოგონებებით. გაიხსენეთ საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული სასიამოვნო წუთები და დაათვალიერეთ მასთან გადაღებული სურათები. თავიდან ამ ყველაფრის გახსენება შეიძლება მტკივნეული იყოს. მაგრამ დროთა განმავლობაში მოგონებები ტკივილს დაგიამებთ.

შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური. ფურცელზე გადმოიტანეთ სასიამოვნო მოგონებები ან ის სიტყვები, რასაც საყვარელ ადამიანს ეტყოდით, ცოცხალი რომ ყოფილიყო. მიანდეთ თქვენი განცდები დღიურს და გაცილებით გაგიადვილდებათ საკუთარ გრძნობებში გარკვევა. წერა დაგეხმარებათ, ემოციებისგან დაიცალოთ.

რა შეიძლება ითქვას გარდაცვლილის პირად ნივთებზე? ამ საკითხზე ყველას განსხვავებული აზრი აქვს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მწუხარებას ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს. ზოგი თვლის, რომ დაღუპული ახლობლის პირადი ნივთების შენახვა ჭირისუფლის მდგომარეობას ამძიმებს. სხვები კი — პირიქით. სალი ამბობს: „დედაჩემის პირად ნივთებს დღემდე ვინახავ. ეს ძალიან მშველის“. *

მიენდეთ „ყოველგვარი ნუგეშის მამას“! ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22). ლოცვა არ არის უბრალოდ ემოციური შვების წყარო. ლოცვის მეშვეობით ჩვენ ურთიერთობას ვამყარებთ „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამასთან, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:3, 4).

ღვთის სიტყვას, ბიბლიას თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი ნუგეში მოაქვს. ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ აღნიშნა: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). მკვდრეთით აღდგომის იმედზე ფიქრი ძალიან მანუგეშებელია. * აი, რას ამბობს ერთი ქალი, ლორენი, რომელსაც მოზარდი ძმა უბედური შემთხვევის დროს დაეღუპა: «როცა თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ხელში ვიღებდი ბიბლიას და ვკითხულობდი, თუნდაც მხოლოდ ერთ მუხლს. განსაკუთრებით იმ მუხლებს ვირჩევდი, რომლებიც პირადად ჩემთვის იყო გამამხნევებელი, და მათ ხშირად ვკითხულობდი. ძალიან მანუგეშებდა სიტყვები, რომლებიც იესომ ლაზარეს სიკვდილის შემდეგ მართას უთხრა: „აღდგება შენი ძმა“» (იოანე 11:23).

„არ გშთანთქოთ დარდმა“

სიძნელეებს ვერ გაექცევით, მაგრამ თუ დარდს მოერევით, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებით. თავს ნუ დაიდანაშაულებთ, თუ ცხოვრების ფერხულში ჩაებმებით, და ნუ იფიქრებთ, რომ საყვარელ ადამიანს ღალატობთ ან ივიწყებთ. ფაქტია, რომ დაღუპული ახლობელი ყოველთვის თქვენს მეხსიერებაში იქნება. ზოგჯერ შეიძლება მოგეძალოთ წარსულ მოგონებებზე ფიქრი, მაგრამ თანდათანობით ტკივილი გაგიყუჩდებათ.

შეიძლება ტკბილ-მწარე მოგონებებმა თავი გაგახსენოთ. მაგალითად, ეშლი, რომელიც წინა სტატიაში იყო ნახსენები, ამბობს: „მახსენდება ის დღე, სანამ დედა მოკვდებოდა. მან უკეთესად იგრძნო თავი და საწოლიდანაც კი ადგა. იმ დღეს ჩემი და დედიკოს თმას უვარცხნიდა, ჩვენ სამნი კი იქვე ახლოს ვიდექით და რაღაცაზე ვიცინოდით. უცებ, დედას სახეზე ღიმილი შევნიშნე. მისი გაბრწყინებული თვალები კარგა ხანი არ მენახა. ის ძალიან ბედნიერი იყო თავისი ქალიშვილების გარემოცვაში“.

თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, თუ რა ისწავლეთ იმ ადამიანისგან, რომელიც დღეს თქვენ გვერდით აღარ არის. სალი იხსენებს: „დედა არაჩვეულებრივი მასწავლებელი იყო. იგი ყოველთვის კარგ რჩევას მაძლევდა და თანაც ისე, რომ თავს არ მაბეზრებდა. დედამ სწორი გადაწყვეტილებების მიღება მასწავლა; ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ გადაწყვეტილება ჩემით უნდა მიმეღო და არა მამის ან დედის კარნახით“.

მოგონებები შეიძლება სწორედ ის აღმოჩნდეს, რაც დაგეხმარებათ, რომ ცხოვრების გზა განაგრძოთ. ერთმა ახალგაზრდამ, სახელად ალექსმა, ეს საკუთარ თავზე გამოსცადა: „მამაჩემის სიკვდილის შემდეგ გადავწყვიტე, ისე მეცხოვრა, როგორც მამა მარიგებდა — ყოველთვის გამეხარა ცხოვრებით. მინდა ვუთხრა მათ, ვისაც მშობელი ხელიდან გამოეცალა: თქვენ ბოლომდე ვერასდროს მოიშუშებთ მშობლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს, მაგრამ იმას მაინც შეეცადეთ, რომ დარდმა არ გშთანთქოთ! გამოხატეთ მწუხარება, იტირეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცხოვრება გრძელდება და წინ ბევრი საინტერესო რამ გელით!“

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 ამ დროს კარგი იქნება, თუ მოერიდებით ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, ისეთის, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ახალი ურთიერთობების დაწყება. ასეთი გადაწყვეტილებები მხოლოდ მაშინ უნდა მიიღოთ, როცა საკმარისი დრო გავა და თქვენს მდგომარეობას შეეგუებით.

^ აბზ. 10 ალკოჰოლს მხოლოდ დროებით შეუძლია, შეგიმსუბუქოთ ახლობლის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი, მაგრამ ხანგრძლივი დროით დარდს ვერ გაგიქარვებთ; შეიძლება მასზე დამოკიდებულიც კი გახდეთ.

^ აბზ. 16 ვინაიდან ყველა განსხვავებულად გამოხატავს მწუხარებას, მეგობრებმა და ნათესავებმა ჭირისუფალს საკუთარი აზრი არ უნდა მოახვიონ (გალატელები 6:2, 5).

^ აბზ. 18 მკვდრების მდგომარეობისა და აღდგომის იმედის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ მე-6 და მე-7 თავებში წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 8 გვერდზე]

„როცა თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ხელში ვიღებდი ბიბლიას და ვკითხულობდი, თუნდაც მხოლოდ ერთ მუხლს“ (ლორენი)

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

დანაშაულის გრძნობასთან გამკლავება

შესაძლოა ფიქრობთ, რომ თქვენი უყურადღებობის გამო დაგეღუპათ საყვარელი ადამიანი. შვებას მოგგვრით იმის გაანალიზება, რომ დანაშაულის გრძნობა — უსაფუძვლოა თუ საფუძვლიანი — სავსებით ბუნებრივი რეაქციაა. და მაინც, არ არის აუცილებელი, გულში ჩაიკლათ მსგავსი გრძნობა. თუ ილაპარაკებთ, გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს.

აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ, როგორც უნდა გვიყვარდეს ადამიანი, ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ მის ნაბიჯებს და ვერც „დროისა და შემთხვევისგან“ დავიცავთ მას (ეკლესიასტე 9:11). ეჭვი არავის შეაქვს იმაში, რომ თქვენ საუკეთესო გინდოდათ თქვენი ახლობლისთვის. მაგალითად, თუ დროულად ვერ მიმართეთ ექიმს, განა ეს იმას ნიშნავს, რომ გინდოდათ მისი ავადმყოფობა და სიკვდილი?! რა თქმა უნდა, არა! მაშ, თქვენ ხართ დამნაშავე მის სიკვდილში? არა!

ერთი დედა, რომელსაც ქალიშვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, მოერია დანაშულის გრძნობას და თქვა: „დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, არ უნდა გამეშვა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ ასეთი რამ არც კი უნდა გამეფიქრებინა. ცუდი არაფერი იყო იმაში, რომ მამასთან ერთად გავუშვი. ეს მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო“.

შესაძლოა ფიქრობთ: „რამდენი რამის თქმა და გაკეთება მინდოდა“. მართალია, მაგრამ რომელ ჩვენგანს შეუძლია თქვას, რომ იდეალური მამა, დედა ან შვილია?! ბიბლია შეგვახსენებს: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია“ (იაკობი 3:2; რომაელები 5:12). შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ სრულყოფილი არ ხართ. სულ იმაზე ფიქრი, ნეტავ ასე არ მომხდარიყოო, არაფერს შეცვლის, პირიქით, თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეაფერხებს. *

[სქოლიო]

^ აბზ. 36 ტექსტი აღებულია ბროშურიდან „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 6 გვერდზე]

დაქვრივებულმა მშობელმა უნდა ანუგეშოს თავისი მგლოვიარე შვილი

[სურათები 9 გვერდზე]

ფურცელზე საკუთარი განცდების გადმოტანა, სურათების დათვალიერება და სხვებისგან დახმარების მიღება შეუმსუბუქებს ჭირისუფალს საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს