არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თქვენ საოცრად ხართ შექმნილი!

თქვენ საოცრად ხართ შექმნილი!

თქვენ საოცრად ხართ შექმნილი!

გინატრიათ ოდესმე, ალბატროსივით ცაში ლივლივი, დელფინივით ცურვა, ავაზასავით სირბილი ან გითქვამთ გულში, ნეტავ, არწივის თვალისჩინი მომცაო?!

ცხოველებს მართლაც გასაოცარი უნარი აქვთ! მაგრამ ადამიანებსაც გვაქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობები. ადამიანის სხეულს სრულყოფილი „მექანიზმი“ უწოდეს. რასაკვირველია, ადამიანი მექანიზმზე ბევრად მაღლა დგას. ჩვენ დაჯილდოებულნი ვართ შემოქმედების, გამოგონებისა და წარმოსახვის უნარით, აგრეთვე გვაქვს ცოდნის შეძენის წადილი. ეს ყველაფერი კი გვაძლევს ისეთი მექანიზმების შექმნის შესაძლებლობას, რომელთა მეშვეობითაც თითქმის ნებისმიერი რამის გაკეთება შეგვიძლია, რაც ჩვენს გულს გაუხარდება. შეგვიძლია ბგერის სიჩქარეზე სწრაფად ფრენა, უკიდეგანო ოკეანეების გადაკვეთა წყალქვეშ თუ წყალს ზემოთ, 14 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კოსმოსის ნახვა, ცოცხალი ორგანიზმის უჯრედზე დაკვირვება, წამლების გამოგონება, მკურნალობის მეთოდების შემუშავება და ისეთი ტექნოლოგიების შექმნა, რომლებიც დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.

მაგრამ გასაოცარი საქმეების კეთება ტექნოლოგიების გარეშე ჯანმრთელ და კარგად ნავარჯიშებ ადამიანებსაც შეუძლიათ. მაგალითად, ოლიმპიური თამაშების მონაწილეები — ტანმოვარჯიშეები, სიმაღლიდან წყალში მხტომელები, მოციგურავეები, მოთხილამურეები და სხვა სპორტსმენები განსაცვიფრებელი სისხარტით, არტისტულობით, შემოქმედებითი უნარითა და გრაციით ატყვევებენ მაყურებლებს.

აფასებთ თქვენს განსაკუთრებულ უნარსა თუ შესაძლებლობებს? შეიძლება ოლიმპიური თამაშების სპორტსმენი არა ხართ, მაგრამ უთუოდ გექნებათ ესა თუ ის ნიჭი ან უნარი, რისთვისაც ღვთის მადლიერი უნდა იყოთ. ძველად ბიბლიის ერთმა მწერალმა ღვთისადმი მადლიერება ასე გამოხატა: „ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი“ * (ფსალმუნი 139:14). იფიქრეთ ამ სიტყვებზე შემდეგი სტატიების კითხვისას, რომლებიც უფრო დეტალურად განიხილავს ადამიანის სხეულის უნიკალურ შესაძლებლობებს და იმ თვისებებს, რომლებიც განგვასხვავებს სხვა მიწიერი ქმნილებებისგან.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 მკითხველებს, რომელთაც აინტერესებთ, როგორ უპირისპირდება შემოქმედება ევოლუციას, შეუძლიათ წაიკითხონ ბროშურები: „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა—ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“. ამ ბროშურების მიღება შეგიძლიათ თქვენ მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისგან ან ჟურნალის გამომცემლებისგან.

[ჩარჩო 3 გვერდზე]

გამართული დგომა ენერგიას ზოგავს

გამართული დგომა ენერგიას გვაზოგვინებს, ვინაიდან ვერტიკალურ პოზაში კუნთებს მცირე ძალა ადგებათ. ნევროლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერის ჯონ სკოილსის თქმით, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დახარჯულ ენერგიასთან შედარებით, ფეხზე დგომის დროს ენერგიის მხოლოდ 7 პროცენტს ვხარჯავთ. სკოილსი დასძენს, რომ ძაღლი მწოლიარე მდგომარეობაში დახარჯულ ენერგიასთან შედარებით, ოთხზე დგომისას ენერგიის დაახლოებით 70 პროცენტს ხარჯავს.