არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წარმოგიდგენიათ მსოფლიო ტერორიზმის გარეშე?

წარმოგიდგენიათ მსოფლიო ტერორიზმის გარეშე?

წარმოგიდგენიათ მსოფლიო ტერორიზმის გარეშე?

„ჩვენ დიდი ბრძოლა გვჭირდება, რომ ტერორისტების გულიდან და გონებიდან აღმოვფხვრათ ძალადობა“, — ასეთი დასკვნა გაკეთდა ეგრეთ წოდებული ტერორისტების ბიოგრაფიების ინტენსიური შესწავლის შემდეგ, რომელიც ოც წელს გრძელდებოდა.

რა აღმოფხვრის ადამიანების გულებიდან და გონებიდან შურისძიების სურვილსა და ძალადობას რომელიც მათ ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი?

წიგნი, რომელსაც აზროვნების შეცვლა შეუძლია

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ჰაფენი, რომელიც წინა სტატიაში იყო ნახსენები, შეიცვალა. მან გადაწყვიტა, გადაემოწმებინა თავისი რელიგიური შეხედულებები და ბიბლია შეეძინა. ის ამბობს: „დავიწყე სახარებების [მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს] კვლევა, რომელიც იესოს ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მალევე მოვიხიბლე იესოს თვისებებით, მისმა სიკეთემ და მიუკერძოებლობამ გული გამითბო“.

ჰაფენი ამბობს, რომ ბიბლიაში, კერძოდ, საქმეების 10:34, 35-ში ჩაწერილმა სიტყვებმა მასზე ძალიან იმოქმედა: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“.

„მივხვდი, რომ ხალხია დამნაშავე ტომობრივ დაპირისპირებაში, ნაციონალიზმსა და რასიზმში. იმასაც მივხვდი, რომ ბიბლიას ადამიანთა აზროვნების შეცვლა შეუძლია და ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში ღვთის კეთილგანწყობის მოპოვებაა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ტომისა თუ რასისთვის ბრძოლა“, — ამბობს ჰაფენი.

წინა სტატიაში მოხსენიებული ხოსება პატარა შეიარაღებული რაზმის მეთაური იყო, რომელიც პოლიციის შენობის აფეთქებას გეგმავდა. „სანამ თავდასხმას განვახორციელებდით, დამაპატიმრეს. ორი წელი ციხეში ვიჯექი“, — იხსენებს ის. მოგვიანებით მისმა მეუღლემ ლუსიმ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ბოლოს მას ხოსებაც შეუერთდა.

ხოსება ყვება: «რაც უფრო მეტად ვეცნობოდი იესოს, მით უფრო მეტად ხდებოდა ის ჩემთვის მისაბაძი. ერთმა მისმა ნათქვამმა ძალიან დამაფიქრა: „ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“. ვიცოდი, რომ ეს სიმართლე იყო» (მათე 26:52). ხოსებამ აღიარა: „მკვლელობა სიძულვილსა და შურისძიების სურვილს აღვივებს მოკლულის ოჯახის წევრებში. ძალადობა ვერ შეცვლის მსოფლიოს უკეთესობისკენ, მას ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს“. ხოსებამაც დაიწყო აზროვნების შეცვლა.

ჰაფენისაც და ხოსებასაც საკუთარი გამოცდილებიდან შეუძლიათ თქვან, რომ ბიბლიური სწავლებები ძირეულად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ და „არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელები 4:12). ღვთის სიტყვა ბევრს დაეხმარა აზროვნებისა და ცხოვრების წესის შეცვლაში. მაგრამ რა ამტკიცებს იმას, რომ მათ შორის, ვინც ნამდვილად მიყვება ბიბლიის სწავლებებს, ერთიანობა არსებობს?

სიყვარულით გაერთიანებული საძმო

როდესაც ჰაფენიმ იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დაიწყო სიარული, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სხვადასხვა რასის ადამიანებს შორის არსებულმა ჰარმონიამ. „ჩემთვის ამაღელვებელი იყო თეთრკანიანთა გვერდით ჯდომა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე თეთრკანიანს ძმას თუ ვუწოდებდი. ამან კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ მოწმეები ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები იყვნენ. ყოველთვის მივილტვოდი ისეთი ერთიანობისკენ, რომელიც ამ ხალხს შორის იყო; სხვადასხვა ეროვნების მიუხედავად, მათ მთელი გულით უყვართ ერთმანეთი“, — ამბობს ჰაფენი.

იესომ თქვა, რომ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები სიყვარულით ამოიცნობოდნენ (იოანე 13:34, 35). ის არ იღებდა მონაწილეობას პოლიტიკურ დაპირისპირებებში და თავის მოწაფეებსაც ეუბნებოდა: „ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“ (იოანე 6:15; 15:19; მათე 22:15—22). ჭეშმარიტი ქრისტიანები ამოიცნობოდნენ სიყვარულით და პოლიტიკურად ნეიტრალურები რჩებოდნენ; დღესაც იგივე შეიძლება ითქვას ჭეშმარიტ ქრისტიანებზე.

იესოს სწავლების თანახმად ცხოვრება

როგორ იარსებებს სიყვარული, როცა ტერორიზმი ასეა გავრცელებული და ყოფს მსოფლიოს? როცა პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოიქმნება მტრობა, პატრიოტული სულისკვეთება ხშირად უბიძგებს ერთ ადამიანს ან ერს, აღდგეს მეორეს წინააღმდეგ.

მაგალითად, 1914 წელს ეროვნული სიამაყით შეპყრობილმა გავრილო პრინციპმა მოკლა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი. პრინციპი იყო ერთ-ერთი ორგანიზაციის „შავი ხელის“ წევრი, რომელიც, მანიფესტის თანახმად, მიზნების მისაღწევად „მშვიდობიანი გზის ნაცვლად, ტერორისტულ აქტებს“ ამჯობინებდა. ერცჰერცოგის მკვლელობამ ეგრეთ წოდებულ ქრისტიან ერებს შორის ომი გააჩაღა, რომელმაც პირველ მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა და იმ მილიონობით მებრძოლის სიკვდილი გამოიწვია, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იესოს, „მშვიდობის მთავრის“ მიმდევრები იყვნენ (ესაია 9:6).

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ერთმა ცნობილმა მღვდელმა, ჰარი ემერსონ ფოსდიკმა ქრისტიანული რელიგიის წინამძღოლები დაადანაშაულა იმაში, რომ თავიანთ მრევლს არ ასწავლიდნენ, მიჰყოლოდნენ იესოს მაგალითს. ის წერდა: „ჩვენ ხალხს მეომრებად ვზრდით. ჩვენს მეომრებს გმირობის წოდებას ვანიჭებთ, ეკლესიებში საბრძოლო დროშებიც კი აღვმართეთ“. ფოსდიკი შემდეგ დასკვნას აკეთებს: «ერთი და იმავე ბაგით „მშვიდობის მთავარსაც“ განვადიდებთ და ომსაც».

რაც შეეხება იეჰოვას მოწმეებს, 1975 წელს გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები იტყობინებოდა, რომ „იეჰოვას მოწმეები არასოდეს უჭერდნენ მხარს ძალადობას და ყოველთვის იცავდნენ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს ორი მსოფლიო ომის დროს და ცივი ომის პერიოდში არსებულ საომარ კონფლიქტებში“. ცუდი მოპყრობისა და დაპატიმრებების მიუხედავად, მოწმეები „ძალადობაზე ძალადობით არასოდეს პასუხობდნენ“. სოციოლოგიური კვლევის დასკვნაში ნათქვამი იყო: „იეჰოვას მოწმეები დარწმუნებულნი არიან, რომ ბიბლია ღვთივშთაგონებით დაწერილი წიგნია და მათი სწავლებებიც ამ წიგნზეა დაფუძნებული“.

ანდრემ, რომელიც პირველ სტატიაში მოვიხსენიეთ, ჯარში მსახურების მოწვევა მიიღო, მაგრამ მან ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება არჩია. ის ყვება: „ერთ სახელმწიფო ჩინოვნიკს ავუხსენი მოწმეების ნეიტრალური პოზიცია. ჩინოვნიკი შევიდა ჩემს მდგომარეობაში და მითხრა, სამხედრო ფორმა ჩამეცვა და ისე მექადაგა. ვუთხარი, რომ თუ ასე მოვიქცეოდი, ხალხს სამხედრო პირი ვეგონებოდი; იეჰოვას მოწმეებს კი მტკიცე, ნეიტრალური პოზიცია უკავიათ“. ნეიტრალიტეტის გამო ანდრეს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ბიბლიური სწავლებების ფასი

ერთხელ ბელგიის ყოფილ მინისტრს მეზობელმა მისცა წიგნი, „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“, რომელშიც იესოს ცხოვრება იყო მოთხრობილი. წიგნმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აი, რა მისწერა მინისტრმა თავის მეზობელს: „ადამიანებს უფრო მეტი ინტერესი რომ გამოევლინათ სახარების მიმართ და ცხოვრებაში გამოეყენებინათ იესო ქრისტეს პრინციპები, მსოფლიო დღეს სრულებით განსხვავებული იქნებოდა“.

წერილში აგრეთვე ნათქვამი იყო: „ჩვენ აღარც უშიშროების საბჭო დაგვჭირდებოდა, აღარც ტერორისტული აქტები მოხდებოდა [და] ძალადობასაც ბოლო მოეღებოდა“. და მაინც, ადამიანების ზღვარს გადასული ეგოიზმის შესახებ ის ასეთ დასკვნას აკეთებს: „ეს ყველაფერი ილუზიაა“. ნუთუ ეს მართლა ასეა? დღევანდელ ძალადობით სავსე მსოფლიოში ბიბლია ბევრ სხვადასხვა ეროვნების ადამიანს დაეხმარა, აღარ ყოფილიყო მოძალადე და დაეცხრო გულისწყრომა, რაც ათწლეულების განმავლობაში მათ უაზრო სისხლისღვრისკენ უბიძგებდა.

შესავალ სტატიაში მოხსენიებული ანდრე კინაღამ იმ ბომბის მსხვერპლი გახდა, რომელმაც მისი რამდენიმე მეგობარი იმსხვერპლა. ეს ბომბი ერთი საომარი დაჯგუფების მიერ იყო დადებული. ანდრემ მოისმინა ბიბლიური რჩევა, რომ მთელი გულით უნდა ეპატიებინა და გამოიყენა კიდეც (კოლოსელები 3:13). მოგვიანებით ჰაფენიმ, რომელიც ამ ბომბის აფეთქების შემდეგ რამდენიმე წელიწადში ზემოხსენებული დაჯგუფების წევრი გახდა, ბიბლიური პრინციპების გამოყენება დაიწყო და ძალადობა მიატოვა (ფსალმუნი 11:5). დღეს ორივე, ანდრეცა და ჰაფენიც იეჰოვას მოწმეები არიან და აფრიკაში მთარგმნელობით განყოფილებაში მსახურობენ.

უსაფრთხო მომავლის რწმენა

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ხედავს, რომ ბიბლიის შესწავლა მათში უსაფრთხო მომავლის რწმენას ბადებს. ერთხელ ანდრე თავის მეზობელს ბიბლიიდან იმ მონაკვეთს უკითხავდა, რომელშიც საუბარია ახალ სამართლიან ქვეყნიერებაზე (ესაია 2:4; 11:6—9; 65:17, 21—25; 2 პეტრე 3:13). მოულოდნელად სახლს ავტომატებით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა შემოარტყეს ალყა და ანდრეს დაკითხვა მოუწყვეს. მაგრამ მათ დატოვეს იქაურობა, როგორც კი გაიგეს, რომ ანდრე ბიბლიის მასწავლებელი იყო, და მეზობელი ძალიან აფასებდა მას.

ანდრემ თავის მეზობელს აუხსნა, რომ ღმერთი ჩაერევა ადამიანთა საქმეებში, როგორც ეს ნოეს დღეებში გააკეთა, როცა „დედამიწა . . . აივსო ძალადობით“ (დაბადება 6:11). ღმერთმა წარღვნით გაანადგურა მაშინდელი მსოფლიო, მშვიდობისმოყვარე ნოე და მისი ოჯახი კი გადაარჩინა. იესომ თქვა: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათე 24:37—39).

იესო, „კაცის ძე“, ღვთის მიერ არჩეული ზეციერი მთავრობის ანუ „ღვთის სამეფოს“ მმართველი მსოფლიოში არსებულ ძალადობას მალე ღვთის ზეციერი ლაშქრის მეშვეობით მოუღებს ბოლოს (ლუკა 4:43). ზეციერი მეფის, იესოს დროს „აყვავდება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა“. იესო თავის ხალხს „ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის“ (ფსალმუნი 72:7, 14).

ყველა, ვინც სიმართლეს შეიყვარებს და გახდება ზეციერი სამეფოს ქვეშევრდომი, დაინახავს, როგორ გადაიქცევა დედამიწა სამოთხედ, რომელზეც მშვიდობა დაისადგურებს (ლუკა 23:42, 43). ბიბლია გვპირდება: „მოუტანონ მთებმა მშვიდობა ერს და ბორცვებმა — სიმართლე“ (ფსალმუნი 72:1—3, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ისურვებდით ისეთ მსოფლიოში ცხოვრებას, რომელსაც ასეთი მეფე მართავს? ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ მსოფლიოში ტერორიზმი აღარ იარსებებს.

[ჩანართი 7 გვერდზე]

ჰაფენისაც და ხოსებასაც საკუთარი გამოცდილებიდან შეუძლიათ თქვან, რომ ბიბლიური სწავლებები ძირეულად ცვლის ადამიანის ცხოვრებას

[ჩანართი 9 გვერდზე]

„ხალხს იესო ქრისტეს პრინციპები რომ გამოეყენებინა, დღეს მსოფლიო სრულიად განსხვავებული იქნებოდა. ჩვენ არ დაგვჭირდებოდა უშიშროების საბჭო, არც ტერორისტული თავდასხმები მოხდებოდა და არც ძალადობის აკრძალვა მოგვიწევდა“ (ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი)

[სურათი 8 გვერდზე]

ჰაფენიმ და ანდრემ გამოიყენეს ბიბლიური პრინციპები და ერთმანეთი ნამდვილი სიყვარულით შეიყვარეს