არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იბნ ბატუტას თვალით დანახული მსოფლიო

იბნ ბატუტას თვალით დანახული მსოფლიო

იბნ ბატუტას თვალით დანახული მსოფლიო

იდგა 1325 წელი. ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა. მოგზაურობა ტანჟერიდან (მაროკო) დაიწყო და მოიარა მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე შორეული ადგილები, მათ შორის თურქეთი, ინდოეთი, ინდონეზია, მალი, რუსეთი, სირია, სპარსეთი, ტანზანია, ჩინეთი და მთელი არაბეთი. ეს კაცი იყო აბუ აბდ ალ-ლაჰ იბნ ბატუტა, რომელმაც დაახლოებით 120 700 კილომეტრი გაიარა. ამას ნამდვილად შეიძლება გმირობა ვუწოდოთ, რადგან ეს ორთქლმავლების გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე მოხდა.

იბნ ბატუტამ სახელი გაითქვა, როგორც იმ დროისთვის უდიდესმა მაჰმადიანმა მოგზაურმა. მისი ჩანაწერები, რომელიც დაახლოებით 30-წლიანი მოგზაურობიდან სახლში დაბრუნების შემდეგ გაკეთდა, გვაცნობს მე-14 საუკუნის მსოფლიოს კულტურას და განსაკუთრებით შუა საუკუნეების მაჰმადიანური სამყაროს ყოფა-ცხოვრებაზე გვიქმნის წარმოდგენას.

სალოცავად მექისკენ

იბნ ბატუტამ დატოვა ტანჟერი და გაემართა წმინდა ადგილების მოსანახულებლად, რათა შეესრულებინა ჰაჯი, ანუ მოელოცა მექაში. ამ წესის შესრულება ყველა ზრდასრული მუსლიმანისგან მოითხოვება, ვისაც საამისოდ ჯანმრთელობა და სახსრები გააჩნია. მექა ტანჟერიდან აღმოსავლეთით 4 800 კილომეტრში მდებარეობს. პილიგრიმთა უმეტესობის მსგავსად, უსაფრთხოების მიზნით იბნ ბატუტაც ქარავნებთან ერთად მგზავრობდა და მათი წყალობით ჩააღწია კიდეც თავის დანიშნულების ადგილამდე.

რაკი იბნ ბატუტას მამა ყადი ანუ ადგილობრივი მოსამართლე იყო, მისმა შვილმაც ყადის განათლება მიიღო. ეს იყო საუკეთესო განათლება, რაც შეეძლო ადამიანს იმ დროს ტანჟერში მიეღო. როდესაც ეს იმ ხალხმა შეიტყო, ვისთან ერთადაც მგზავრობდა, იბნ ბატუტა თავიანთ მსაჯულად დანიშნეს, რათა მას მოეგვარებინა მგზავრობის დროს წამოჭრილი ნებისმიერი სადაო საკითხი.

ალექსანდრიისკენ, კაიროსა და ზემო ნილოსისკენ

ქარავანი მიუყვებოდა ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროს და მიემართებოდა ეგვიპტისკენ. აქ იბნ ბატუტამ ნახა ცნობილი ალექსანდრიის შუქურა — ძველი მსოფლიოს საოცრება, რომელიც იმდროისთვის უკვე ნაწილობრივ დანგრეული იყო. მისი თქმით, „კაიროში ცის ვარსკვლავებივით ბევრი შენობა იდგა. ეს იყო შეუდარებლად ლამაზი და საუცხოო ქალაქი, სადაც თავს იყრიდა ყველანაირი ჯურის ადამიანი, წამსვლელი თუ მომსვლელი. ამ ადგილს ზღვის ტალღებივით აწყდებოდა ხალხის ნაკადი“. იგი მონუსხა თვალწარმტაცი ბაღების, ბაზრებისა და ზღვაში მოტივტივე ხომალდების სილამაზემ; მოხიბლა რელიგიურმა შენობებმა და ამ დიდებული ქალაქის ადათ-წესებმა. როგორც სხვაგან, იბნ ბატუტამ ეგვიპტეშიც მიმართა მფარველობისთვის სასულიერო პირებს, სწავლულებსა თუ სხვა გავლენიან ადამიანებს.

კაიროდან ის დაუყვა ნილოსის სანაპიროს, ეგვიპტის სამხრეთით. გზადაგზა ის სარგებლობდა მორწმუნე მამაკაცების, მონასტრების, საერთო საცხოვრებლებისა და სასწავლებლების სტუმართმოყვარეობით (როგორც წესი, მუსლიმანურ ქალაქებში ასეთი საერთო საცხოვრებლები და სასწავლებლები შემოწირულობებით არსებობდა). მას უნდოდა, გადაესერა უდაბნო, გადაეცურა წითელი ზღვა და ჩასულიყო არაბეთის დასავლეთ ნაწილში, შემდეგ წასულიყო მედინაში, სადაც წინასწარმეტყველ მუჰამედის მშობლიური მეჩეთი იდგა, იქიდან კი — მექაში. მაგრამ ომის გამო გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და უკან დაბრუნდა კაიროში.

შემოვლითი გზით

იბნ ბატუტას მედინასა და მექაზე ფიქრი არ ასვენებდა, ამიტომ გაემართა ჩრდილოეთით ღაზისკენ, შემდეგ ხებრონისკენ და იმ ადგილისკენ, სადაც გადმოცემის თანახმად აბრაამის, ისაკისა და იაკობის სამარხები იყო. მერე კი, სანამ იერუსალიმში ჩავიდოდა და კუბათ ალ-სახრის ეწვეოდა, გზად ბეთლემში შეჩერდა. მან შეამჩნია, რომ ქრისტიანები დიდ პატივს მიაგებდნენ იესოს დაბადების ადგილს.

ამის შემდეგ იბნ ბატუტა გაეშურა ჩრდილოეთით დამასკოსკენ, სადაც სწავლობდა გამოჩენილ მუსლიმან სწავლულებთან და თავადაც მიიღო სწავლულის მოწმობა. როგორც ის ამბობდა, დამასკოს ომაიადის მეჩეთი მსოფლიოში „ყველაზე დიდებული“ იყო. ადგილობრივ ბაზრებში იყიდებოდა ძვირფასეულობა, ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები, წიგნები და მინის ჭურჭელი; იქვე შეგეძლოთ გესარგებლათ ნოტარიუსის მომსახურებით, სადაც „ხუთ ან ექვს მოწმესთან ერთად ყადის მიერ უფლებამოსილი პირი ქორწინებას კანონიერ სახეს აძლევდა“. სწორედ, დამასკოში დაქორწინდა ბატუტა. ეს ცოლიც იმ მრავალ ცოლთაგან თუ ხარჭათაგან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ისევე მოულოდნელად ქრებოდნენ მისი ცხოვრებიდან, როგორც ჩნდებოდნენ.

დამასკოში იბნ ბატუტა შეუერთდა მექაში მიმავალ სხვა პილიგრიმებს. გზაში ისინი წყაროსთან შეჩერდნენ, სადაც წყლის მზიდავები კამეჩის ტყავისგან წყლის ჭურჭელს ამზადებდნენ. სანამ უდაბნოს გზას დაადგებოდნენ, ამ ჭურჭლიდან მგზავრები აქლემებს არწყულებდნენ და ტიკებს ავსებდნენ. ბოლოს როგორც იქნა, ჩააღწია მექამდე და შვიდიდან თავისი პირველი მოლოცვა აქ აღასრულა. ჩვეულებრივ, მოლოცვის შემდეგ პილიგრიმთა უმეტესობა სამშობლოში ბრუნდებოდა, მაგრამ იბნ ბატუტა მათგან განსხვავებით უკან არ დაბრუნებულა; როგორც ისტორიკოსი როს დანი წერს, ის ბაღდადისკენ გაეშურა „თავგადასავლების საძიებლად“.

იწყება დიდი მოგზაურობა

იბნ ბატუტაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმდროინდელი „ისლამის დედაქალაქის“, ბაღდადის, აბანოებმა. ის წერდა: „თითოეულ აბანოში უამრავი აბაზანაა. ყველა აბაზანის კუთხეში დგას ნიჟარა და არის ორი ონკანი, საიდანაც ცივი და ცხელი წყალი მოედინება“. ერთი კეთილი გენერლის დახმარებით ახალგაზრდა იბნ ბატუტამ სულთანთან, აბუ საიდთან შეხვედრასაც კი გამოჰკრა ხელი. იქიდან იბნ ბატუტა ძვირფასი საჩუქრებით ხელდამშვენებული დაბრუნდა. სულთანმა მას ცხენი, საზეიმო მოსასხამი და წერილი გამოატანა, რომლის თანახმადაც, ბაღდადის მთავარს ის აქლემებითა და სურსათ-სანოვაგით უნდა მოემარაგებინა.

ვიდრე არაბეთისა და სპარსეთის ყურისკენ აიღებდა გეზს, იბნ ბატუტამ გაცურა მოგადიშუს, მომბასასა და ზანზიბარის პორტებისკენ (აღმოსავლეთი აფრიკა). მოგვიანებით მან აღწერა გზად ნანახი ხალხი, მათი წეს-ჩვეულებები და პროდუქცია; აღწერა, თუ როგორ ავლენდნენ სომალიში ვაჭრების მიმართ სტუმართმოყვარეობას; ნახა, როგორ ღეჭავდნენ ბეტელის კაკალს და როგორ მოჰყავდათ ქოქოსი იემენში; ნახა ისიც, თუ როგორ მოიპოვებდნენ მარგალიტებს სპარსეთის ყურეში. ინდოეთში რომ ჩასულიყო, მან უკიდურესად გრძელი გზა აირჩია. გაიარა ეგვიპტე, სირია, ანატოლია (თურქეთი), გადაკვეთა შავი ზღვა, კასპიის ზღვას ჩრდილოეთიდან შემოუარა და შემდეგ დაეშვა ქვემოთ — იქ, სადაც დღეს ყაზახეთი, უზბეკეთი, ავღანეთი და პაკისტანი მდებარეობს.

ინდოეთიდან ჩინეთში

დელიში (ინდოეთი) იბნ ბატუტა 8 წელი სულთნის მსაჯულად მსახურობდა. როდესაც სულთანმა გაიგო, რომ ის მოგზაურობის სენით იყო შეპყრობილი, ელჩად მიავლინა ჩინეთის მონღოლ იმპერატორთან, ტოგონ-თემურთან. მას იმპერატორისთვის უნდა გადაეცა დიპლომატიური ძღვენი, რომელშიც შედიოდა „100 წმინდა სისხლის ცხენი, 100 თეთრკანიანი მონა, 100 ინდუსი მოცეკვავე და მომღერალი გოგონა, 1200 ხელი სხვადასხვა სახეობის ტანისამოსი, ოქროსა და ვერცხლის შანდლები და ჯამები, ფარჩის მოსასხამები, ქუდები, საისრეები, ხმლები, მარგალიტების თვლებით მოოჭვილი ხელთათმანები და 15 საჭურისი“.

სამხრეთ ინდოეთში, კალიკუტის პორტში იბნ ბატუტამ ნახა ჩინეთისკენ მიმავალი საუცხოო სავაჭრო ხომალდები და გადაწყვიტა, ერთ-ერთ მათგანს გაჰყოლოდა. გემებს ჰქონდა ბამბუკისგან დაწნული 12 აფრა და თითოეული გემის ეკიპაჟი დაახლოებით 1000 კაცისგან შედგებოდა — 600 მეზღვაურისა და 400 ჯარისკაცისგან. მეზღვაურები ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ გემზე. იბნ ბატუტას სიტყვების თანახმად, მათ „ხის ჭურჭლებში [მოჰყავდათ] მწვანილეული, ბოსტნეული და ტროპიკული მცენარე კოჭა“.

გზაში მისი გემი დაიმსხვრა და იბნ ბატუტამ დიპლომატიური მისიის შესრულება ვეღარ შეძლო. მან მალდივის მუსლიმან მმართველთან დაიწყო მსახურება. იბნ ბატუტა იყო პირველი, ვინც მსოფლიოს გააცნო იქაური წეს-ჩვეულებები. ბოლოს ის მაინც ჩავიდა ჩინეთში, სადაც ბევრი რამ იყო მისთვის მისაღები და მოსაწონი, მაგრამ იქ ისეთი რამეებიც ნახა, რაც შეურაცხყოფდა მის რელიგიას. ჩინეთზე გაკეთებული მწირი ჩანაწერების გამო ზოგს ეეჭვება, რომ იბნ ბატუტას მთელი ჩინეთი ჰქონდა შემოვლილი, როგორც ამას თავად აცხადებს. ის შესაძლოა მხოლოდ ქვეყნის სამხრეთით მდებარე პორტებს ეწვია.

სახლში მიმავალი უსიამოვნო ამბებს იგებს

დამასკოში დაბრუნებულმა იბნ ბატუტამ გაიგო, რომ მისი ვაჟი, რომელიც 20 წლის წინ სახლში დატოვა, 12 წლის მკვდარი იყო. მამამისი კი, რომელიც ტანჟერში ცხოვრობდა, 15 წლის წინათ გარდაცვლილიყო. 1348 წელი იდგა და შუა აღმოსავლეთში „შავი სიკვდილი“ მძვინვარებდა. იბნ ბატუტას თქმით, კაიროში ჭირს ყოველდღე 21 000 ადამიანი ეწირებოდა.

ერთი წლის შემდეგ, 45 წლის მოგზაური მაროკოში დაბრუნდა და გაიგო, რომ რამდენიმე თვის წინ შავ ჭირს დედისთვისაც მოესწრაფებინა სიცოცხლე. იბნ ბატუტა 21 წლის იყო, როდესაც სამოგზაუროდ წავიდა. 24 წლიანი მოგზაურობის შემდეგ დაიკმაყოფილა მოგზაურობის წყურვილი? როგორც ჩანს, ვერა, რადგან მალევე დაადგა ესპანეთისკენ მიმავალ გზას. სამი წლის შემდეგ იბნ ბატუტამ წამოიწყო უკანასკნელი მოგზაურობა, რომლის დროსაც იმოგზაურა მდინარე ნიგერზე და ეწვია ქალაქ ტიმბუქტუს (დღეს ეს ქალაქი მალის შემადგენლობაში შედის).

მემუარების წერას ავალებენ

მას შემდეგ, რაც ფესის (მაროკო) სულთანმა გაიგო იბნ ბატუტას მოგზაურობების შესახებ, დაავალა მას, დაეწერა მემუარები და წარედგინა სამეფო კარისთვის; მდივნად იბნ ჯაზი დაუნიშნა. მისი ჩანაწერები ფართოდ არ გავრცელებულა არაბეთის ტერიტორიაზე. მათი თარგმნა დასავლურ ენებზე მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპელმა სწავლულებმა მე-19 საუკუნეში ხელახლა აღმოაჩინეს მისი ჩანაწერები.

იბნ ჯაზი შემოკლებულად წერდა ყველაფერს, რასაც იბნ ბატუტა თავისი მოგზაურობების შესახებ უამბობდა. ჩანაწერებს ის თავის აზრებსაც ამატებდა. თუმცა მთლიანობაში ეს მონათხრობი შესანიშნავ წარმოდგენას გვიქმნის იმ ქვეყნების ყოფა-ცხოვრებაზე, ვაჭრობაზე, ადათ-წესებზე, რელიგიასა და პოლიტიკურ მდგომარეობაზე, რომლებსაც ეს მოგზაური ინახულებდა. იბნ ჯაზიმ განსაკუთრებით მკაფიო ფერებში დაგვიხატა იბნ ბატუტას თვალით დანახული შუა საუკუნეების მაჰმადიანური სამყარო.

[სურათი 14 გვერდზე]

ალ-ვასიტის მიერ მე-13 საუკუნეში შესრულებული ნამუშევარი, რომელზეც ასახულნი არიან მუსლიმანი პილიგრიმები ჰაჯის დროს

[საავტორო უფლება]

Scala/White Images/Art Resource, NY

[სურათი 16 გვერდზე]

1375 წლის კატალანურ ატლასზე ნაჩვენებია ტერიტორიის ნაწილი, სადაც იბნ ბატუტამ იმოგზაურა

[საავტორო უფლება]

Snark/Art Resource, NY