არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სწავლაში შეუდარებელი მექანიზმი მთელ სამყაროში“

„სწავლაში შეუდარებელი მექანიზმი მთელ სამყაროში“

„სწავლაში შეუდარებელი მექანიზმი მთელ სამყაროში“

ბავშვის ტვინს უწოდებენ „სწავლაში შეუდარებელ მექანიზმს მთელ სამყაროში“ და შეიძლება ითქვას, რომ ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. როგორც კი ჩვილი ქვეყანას მოევლინება, იმ წუთიდანვე იწყებს სამყაროს შეცნობას — ითვისებს ყველაფერს, რასაც ხედავს, ისმენს და გრძნობს.

ყველაზე მეტად ახალშობილის ყურადღებას იპყრობენ ადამიანები — მათი სახეები, ხმები და მათი შეხება. წიგნში „ჩვილობის ასაკი“ პენელოპე ლიჩი აღნიშნავს: „უამრავი გამოკვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, თუ რისი დანახვა აინტერესებს ჩვილს ყველაზე მეტად, რომელი ბგერები იქცევს მის ყურადღებას და რომელი განცდების გადმოღებას ცდილობს უფრო მეტად. ხშირ შემთხვევაში ბავშვი ამ ყველაფერს მისგან სწავლობს, ვინც მასზე ზრუნავს“. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბავშვის განვითარებაში ლომის წილი მშობლებს მიუძღვით.

„ჩვილივით ვლაპარაკობდი“

მშობლები და პედიატრები გაოცებულები არიან ახალშობილის შესაძლებლობებით, თუ როგორ ადვილად შეუძლია ბავშვს ენის ათვისება მხოლოდ მოსმენით. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ახალშობილი რამდენიმე დღეშივე ეჩვევა დედის ხმას და სხვა ხმებზე მეტად სიამოვნებს მისი გაგონება. რამდენიმე კვირაში მას შეუძლია მშობლების სალაპარაკო ენა გაარჩიოს უცხო ენისგან. რამდენიმე თვეში კი უკვე სიტყვებს არჩევს და აქედან გამომდინარე, შეუძლია გაარჩიოს, ადამიანი ნორმალურად საუბრობს თუ გაურკვევლად.

მოციქული პავლე წერდა: „როცა ჩვილი ვიყავი, ჩვილივით ვლაპარაკობდი“ (1 კორინთელები 13:11, Modern King James Version). როგორ ლაპარაკობს ჩვილი? გაურკვევლად ლუღლუღებს. მაგრამ ეს მხოლოდ ლუღლუღი არ არის. ლიზ ელიოტი თავის წიგნში, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რა ხდება ბავშვის ტვინში პირველი ხუთი წლის განმავლობაში, გვიხსნის, რომ ლაპარაკის პროცესი „რთული მოძრაობების ერთობლიობაა და მოიცავს ტუჩების, ენის, სასისა და ხორხის მაკონტროლებელი უამრავი კუნთის სწრაფ და ერთდროულ მოძრაობას“. ის აღნიშნავს: «ასეთი „საუბრით“ ბავშვი მარტო სხვების ყურადღებას კი არ იპყრობს, არამედ მეტყველების რთულ ვარჯიშებსაც იტარებს» (What’s Going On in There? — How the Brain and Mind Develop in the First Five Years of Life).

მშობლები თავიანთ ჩვილ ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე ელაპარაკებიან და ეს გარკვეულწილად სასარგებლოცაა პატარებისთვის. ასეთი საუბრები ბავშვს იმისკენ უბიძგებს, რომ უპასუხოს მშობლის ნათქვამს. ამგვარი „დიალოგი“ ეხმარება, ისწავლოს საუბარი — საუბრის მანერები, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება.

როლიდან როლში

ვინაიდან ჩვილებს გამუდმებული ყურადღება სჭირდებათ, მშობლები სულ მუდამ დაკავებულები არიან. თუ ბავშვი ტირის, მას ჭამა უნდა და ვიღაცამ უნდა აჭამოს; თუ არ ისვენებს, ვიღაცამ უნდა გამოუცვალოს, ან თუ ტირის და არ ჩერდება, ხელში უნდა აიყვანონ. ბავშვს ნამდვილად სჭირდება ასეთი ყურადღება. ამ დროს მშობელი გამუდმებით ზედ დაჰფოფინებს თავის ახალშობილს და ასე ასრულებს თავის უმნიშვნელოვანეს როლს (1 თესალონიკელები 2:7).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, თუ ბავშვს სჯერა, რომ სამყარო მის ირგვლივ ტრიალებს და სხვები — განსაკუთრებით მშობლები — მხოლოდ იმიტომ არსებობენ, რომ მისი „ბრძანებები“ შეასრულონ. დიახ, შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ეს სიმართლეა. ასეა თუ ისეა, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ბავშვისთვის ჩვეული გარემოა. ის თვლის, რომ ის არის დიდი ადამიანებით დასახლებული „იმპერიის მონარქი“ და ირგვლივ ყველა მისი „მონაა“. კონსულტანტი ოჯახურ საკითხებში ჯონ როუზმონდი წერს: „თითქმის ორი წლის მანძილზე მშობლები უმყარებენ შვილებს იმის რწმენას, რომ ისინი ასეთ ფანტასტიკურ გარემოში ცხოვრობენ. შემდეგი თექვსმეტი წლის განმავლობაში კი არწმუნებენ, რომ ეს ასე არ არის. და რა საინტერესოა მშობლის როლი: ჯერ იმას უნერგავს, რომ ფანტასტიკურ პირობებში იცხოვრებს, შემდეგ კი უნგრევს ამ მითს — თუმცა რბილად და მოფერებით“.

თუ ორ წლამდე ბავშვს მშობელი ზედ დაჰფოფინებდა, ორი წლის ასაკიდან მშობელი თანდათან მასწავლებლის როლს ითავსებს და ბავშვიც ხვდება, რომ მისი „შექმნილი სამყარო“ თვალსა და ხელს შუა სადღაც უჩინარდება. ბავშვი ხვდება, რომ მშობლები მის „კანონებს“ აღარ ემორჩილებიან და უფრო მეტიც, ახლა მისგან მოელიან მორჩილებას. მისი „მონარქია“ ნგრევას იწყებს და „მეფეს“ უჭირს ახალ რეჟიმთან შეგუება. ეს კი ცოტა არ იყოს უსიამოვნო პროცესია „პატარა ხელმწიფისთვის“. თუმცა ამ გადატრიალებით უკმაყოფილო „მონარქი“ მაინც თავისას ცდილობს — უნდა, რომ კვლავაც შეინარჩუნოს კონტროლი გარეშეებზე. რაში გამოიხატება ეს?

როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება

დაახლოებით ორი წლის ასაკში ბავშვს ხშირად ეცვლება გუნება-განწყობილება და ისტერიკაში ვარდება. ეს მართლაც საშინლად მოქმედებს მშობლებზე. ბავშვი ამ დროს გამუდმებით გაიძახის „არა“, „არ მინდა“. მას შინაგანი კონფლიქტი აქვს საკუთარ თავთან და შესაძლოა, უკმაყოფილო იყოს როგორც მშობლების, ისე საკუთარი თავის. შესაძლოა, თქვენთან არ უნდოდეს ყოფნა და, ამავე დროს, უთქვენოდ ვერ ძლებდეს. დაბნეული მშობელი ბევრ რამეს ვერ ხვდება და რასაც არ უნდა აკეთებდეს, აზრი არაფერს არა აქვს. მაგრამ, რა ხდება ამ დროს სინამდვილეში?

მოდი, დავფიქრდეთ, რა რადიკალური ცვლილებები ხდება ბავშვის ცხოვრებაში ამ დროს. აქამდე, შეიძლება ითქვას, რომ ის ყველას თავის დაკრულზე აცეკვებდა. ახლა კი ნელ-ნელა ხვდება, რომ მისი „მეფობა“ დროებითი ყოფილა და თვითონ მოუწევს რაღაც-რაღაცების კეთება. თანდათან აცნობიერებს, რომ მისი როლი შეიცვალა და ახლა უკვე მისგან მოითხოვენ მორჩილებას. თუ ბიბლიის ფურცლებს დავესესხებით, მასში შემდეგი მოწოდებაა მოცემული: „ბავშვებო დაემორჩილეთ მშობლებს ყველაფერში“ (კოლოსელები 3:20).

ამ რთულ პერიოდში მშობლებს ყურადღება მართებთ, რომ სადავეები არ მიუშვან. თუ ამას მტკიცედ, მაგრამ სიყვარულით გააკეთებენ, ბავშვი ადვილად შეეგუება თავის ახალ როლს. ეს ნასწავლი კი მას ზრდის შემდგომ ეტაპზე წაადგება.

მაღალი ნორმები

ცხოველებს და ზოგიერთ ელექტრომოწყობილობას შეუძლია გაარჩიოს სიტყვები და მიჰბაძოს სხვის ლაპარაკს. მაგრამ მხოლოდ ადამიანს შეუძლია საკუთარი საქციელის შეფასება და ანალიზი. ორი-სამი წლის ბავშვი შეიძლება უკვე იყოს ამაყი ან მორცხვი, ჰქონდეს დანაშაულისა და უხერხულობის გრძნობა. ეს არის პირველი ეტაპი ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გარდამავალ გზაზე, როცა უკვე ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს ზნეობრივი ნორმები ანუ მზად არის, მაშინაც კი სწორად იმოქმედოს, როცა ეს ბევრისთვის მიუღებელია.

იმავე ორი-სამი წლის ასაკში მშობლები კიდევ ერთი საინტერესო რამის მომსწრენი ხდებიან. მათი შვილი ნელ-ნელა იწყებს სხვებთან შეგუებას. თუ მანამდე სხვების შორიახლოს თამაშობდა, ახლა უკვე ახლოს მიდის და მათთან ერთად იწყებს თამაშს. ის ხვდება, როდის არიან კარგ ხასიათზე მშობლები და იმასაც ცდილობს, რომ მათ მოსაწონად მოიქცეს და, ალბათ, უნდა კიდეც, რომ ასიამოვნოს დედიკოს და მამიკოს. ასეთი სახით, ის უფრო დამყოლი ხდება და ადვილად ითვისებს ყველაფერს.

სამი წლის ასაკში ბავშვი იწყებს კარგისა და ცუდის, სწორისა და არასწორის გარჩევას. სწორედ მაშინ დგება იმის დრო, რომ მშობლებმა თავიანთ შვილს ისეთი მიზნები დაუსახონ, რომლებიც მის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად ჩამოყალიბებას მოემსახურება.

[ჩანართი 5 გვერდზე]

ახალშობილი რამდენიმე დღეში ეჩვევა დედის ხმას და სხვა ხმებზე მეტად სიამოვნებს მისი გაგონება

[ჩანართი 6 გვერდზე]

სამი წლის ასაკში ბავშვი იწყებს კარგისა და ცუდის, სწორისა და არასწორის გარჩევას

[ჩარჩო 6 გვერდზე]

რატომ ვარდებიან ისტერიკაში?

ჯონ როუზმონდი თავის წიგნში წერს: «როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება, ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვს რაღაც ისე ვერ გაუკეთა, როგორც საჭირო იყო და ამის გამო ჩავარდა პატარა ასეთ მდგომარეობაში. ამიტომ თუ მშობლები ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებენ, ლოგიკურია, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და გამოასწორონ „ჩადენილი დანაშაული“. და თუკი წეღან ბავშვს რაღაცაზე უარი უთხრეს, ახლა უკვე მზად არიან, ნებისმიერი სურვილი შეუსრულონ. და თუ ოდნავ წამოარტყამენ, დანაშაულის გრძნობამ რომ არ შეაწუხოს, ზედ გადაჰყვებიან და ყველაფერს უსრულებენ. ეს მეთოდი ორივე მხარეს ხელს აძლევს. ისტერიკა წყდება, მშობლებიც შვებას გრძნობენ; ამ დროს კი ბავშვი ერთ რამეს ხვდება — ისტერიკა ბრწყინვალე საშუალებაა იმის მისაღებად, რაც უნდა, თანაც, რაც მეტს იჩხავლებს, მეტ რამეს მიიღებს» (New Parent Pover).