არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

ბრაზილიაში 10—13 წლამდე მოსწავლეების 17 პროცენტი ხულიგნობაშია შემჩნეული — ან დამნაშავეა ან მსხვერპლი (O ESTADO DE SÃO PAULO, ბრაზილია).

მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მომატება, თირკმელებში კენჭები და ღვიძლის პრობლემები — დღეს უკვე ასეთ დიაგნოზს 12 წლამდე ასაკის ბავშვებსაც უსვამენ. და რა არის ამის გამომწვევი უმთავრესი მიზეზები? უმოძრაო ცხოვრების წესი, არასრულფასოვანი კვება და ჭარბი წონა („აბესე“, ესპანეთი).

სახელმწიფო გამოკვლევების თანახმად, შეერთებულ შტატებში საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებს 2008 წელს დაბადებული ბავშვების 18 წლამდე აღსაზრდელად დასჭირდებათ 221 190 დოლარი, ინფლაციის შემთხვევაში თანხა გაიზრდება 291 570 დოლარამდე (UNITED STATES DEPARTMENT OF AGRICULTURE, აშშ).

მშობლებს დაავიწყდათ, როგორ ეთამაშონ შვილებს

ბოლო დროინდელი გამოკვლევების თანახმად, დიდ ბრიტანეთში ყოველი მეხუთე მშობელი ამბობს, რომ დაავიწყდა, „როგორ ეთამაშოს შვილებს“. ყოველი მესამე მშობელი თვლის, რომ მოსაწყენია ბავშვებთან თამაში, სხვები ამისთვის დროს ვერ პოულობენ ან არასდროს მოსვლიათ აზრად ბავშვთან თამაში. ამ გამოკვლევებთან დაკავშირებით სამედიცინო კლინიკის ფსიქოლოგი, პროფესორი ტანია ბაირონი აღნიშნავს: „იმისათვის, რომ მშობლებსა და შვილებს შორის თამაში დამხმარე აღმოჩნდეს ბავშვისთვის, საჭიროა 4 რამ: თამაშის დროს ბავშვმა უნდა ისწავლოს ახალ-ახალი რაღაცები, განივითაროს წარმოსახვის უნარი, ისწავლოს ქცევის წესები და სხვებთან საუბარი“. მართალია, სამიდან ერთი მშობელი ბავშვებთან ერთად კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს, მაგრამ ბიჭების დიდ უმრავლესობას მაინცდამაინც არ სიამოვნებთ მშობლების თანდასწრებით მათი თამაში. 5—15 წლამდე ასაკის ბავშვებს მშობლებთან ერთად ურჩევნიათ, ითამაშონ მაგიდის თამაშები (ჭადრაკი, ნარდი და სხვა) და თამაშები ღია ცის ქვეშ.

ზღაპრები ძილის წინ

მამებს, რომლებიც ძალიან დაკავებული არიან და დროს ვერ ნახულობენ იმისათვის, რომ თავიანთ პატარებს ძილის წინ ზღაპრები უკითხონ, სთავაზობენ ინტერნეტ-მომსახურებას. „მაღალი ტექნოლოგიური ხმის ჩამწერი კომპიუტერული მომსახურება საშუალებას აძლევს მამებს, ჩაწერონ ზღაპრები, დაადონ ზედ მუსიკა და ხმოვანი ეფექტები და ეს აუდიო ფაილები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნონ შვილებს,“ — ნათქვამია სიდნეიში გამომავალ „დეილი ტელეგრაფში“. თუმცა ურთიერთობის ექსპერტები ამ მოვლენას ცოტა არ იყოს სკეპტიკურად უყურებენ. „ზღაპრების კითხვის დროს მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა ყალიბდება“, — ამბობს ნიუკასლის (ავსტრალია) უნივერსიტეტის დოქტორი რიჩარდ ფლეჩერი, რომელიც მონაწილეობს ოჯახების კვლევის პროგრამაში. მისი თქმით, ამ დროს მამა და შვილი უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, ერთმანეთს ეხუტებიან და ერთად იცინიან. ვერანაირი ელექტრონული ფოსტა ვერ შეედრება იმას, როცა მამა შვილს ლოგინის თავთან ჩამოუჯდება და ტკბილი ხმით უამბობს ზღაპრებს.