არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავისებური პრობლემები

თავისებური პრობლემები

თავისებური პრობლემები

● „ყველა ოჯახს ერთი და იმავე რჩევებს ვერ მოარგებ. ოჯახს, სადაც დედინაცვალი ან მამინაცვალია, არ წაადგება იმ ოჯახის რჩევები, სადაც ბავშვებს საკუთარი მშობლები ზრდიან. შეიძლება, რომ კაცმა ბოსტონის რუკით ნიუ-იორკში გაიკვლიოს გზა?“ — აცხადებს ფსიქოლოგი და ექსპერტი პატრისია პეიპერნაუ, რომელიც იმ ოჯახებს უწევს კონსულტაციას, სადაც დედინაცვალი ან მამინაცვალია.

რეალურად ასეთი ოჯახების პრობლემები არა მარტო თავისებურია, არამედ გაცილებით რთულიც. ფსიქოლოგი უილიამ მერკელი ასეთ ოჯახებში არსებულ ურთიერთობებს უწოდებს „ადამიანთა ისტორიაში ყველაზე რთულ და უჩვეულო ურთიერთობებს“.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ექსპერტები სრულ სიმართლეს ლაპარაკობენ, მაშინ იბადება შემდეგი კითხვა: ამგვარი ოჯახებისთვის აუხდენელ ოცნებას ხომ არ წარმოადგენს თბილი და მყუდრო კერა? ურთიერთობები ასეთ ოჯახებში შეიძლება შევადაროთ სხვადასხვანაირი პატარა ნაჭრებისგან შეკერილ ლოგინის გადასაფარებელს. კერვის დასაწყისში იოლია ნაკერების გარღვევა და ნაჭრების განცალკევება, მაგრამ თუ გულდასმით და ყურადღებით არის გადასაფარებელი შეკერილი, ნაკერი ადვილად არ დაირღვევა და ისეთივე მტკიცე იქნება, როგორიც მთლიანი ნაჭერი.

მოდი, ჩამოვთვალოთ ამ ოჯახებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სირთულე და ვისაუბროთ იმ რჩევებზე, რომლებიც დედინაცვლებს, მამინაცვლებს და მათ შვილებს ეხმარებათ თავიანთი ცხოვრება ერთმანეთს „მჭიდროდ მიაკერონ“. აგრეთვე განვიხილოთ ოთხი მაგალითი და ვნახოთ, რომ ასეთი ოჯახებისთვის მშვიდი და თბილი კერა ნამდვილად არ არის აუხდენელი ოცნება.

პრობლემა 1: გაცრუებული იმედები

„გერებს სითბოსა და ყურადღებას არ ვაკლებ. თავიდან მეგონა, რომ ისინიც უპრობლემოდ მიმიღებდნენ, მაგრამ 8 წელი გავიდა და ჯერ-ჯერობით არაფერი შეცვლილა“ (გლორია). *

ადამიანები, რომლებიც მეორედ ქორწინდებიან, ხშირად დიდი იმედებით დგამენ ამ ნაბიჯს. იმედოვნებენ, რომ თავს აარიდებენ ან გამოასწორებენ წინა ქორწინებაში დაშვებულ შეცდომებს და ჰპოვებენ ნამდვილ სიყვარულსა და სიმშვიდეს, რაც ასე აკლდათ. ზოგიერთებს არარეალური მოლოდინი აქვთ და როცა ხედავენ, რომ არ უმართლებთ, ნერვიულობენ და ძლიერ განიცდიან. ბიბლია სწორად შენიშნავს: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“ (იგავები 13:12). როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ასეთმა იმედგაცრუებამ დაგღალათ?

რის გაკეთება შეგიძლიათ

არ იფიქროთ, რომ გულისტკივილი და უარყოფითი ემოციები თავისით გაივლის. ნაცვლად ამისა, „ამოიცანით დამნაშავე“ — ის არარეალური მოლოდინი, რამაც გული გაგიტეხათ. შემდეგ იმაზე იფიქრეთ, რატომ გქონდათ ასეთი მოლოდინი და მიხვდებით, რატომ ვერ წარმოგედგინათ ამგვარი დასასრული. მოდი, ახლა ოცნებები გვერდზე გადადეთ და უფრო რეალისტები გახდით. აი, მაგალითად ასე:

1. თავიდანვე მეყვარება ჩემი გერები და მათაც ვეყვარები.

რატომ? ყოველთვის ვოცნებობდი, ისეთ ოჯახზე, სადაც ყველას თბილი და ახლო ურთიერთობა გვექნებოდა ერთმანეთთან.

უფრო რეალური: შეგვიყვარდება ერთმანეთი, ოღონდ ეს უცბად არ მოხდება. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ და ერთმანეთის პატივისცემა მოვიპოვოთ.

2. მალე შევეწყობით ერთმანეთს.

რატომ? გვინდა, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

უფრო რეალური: ხელახლა დაქორწინებულებს 4-დან 7 წლამდე სჭირდებათ, რომ ახალ გარემოს შეეგუონ და გერებთან ურთიერთობა ააწყონ. სავსებით ნორმალურია, თუ პრობლემები წამოიჭრება.

3. არასოდეს გვექნება გაუგებრობა ფულთან დაკავშირებით.

რატომ? ჩვენ ერთმანეთი გვეყვარება და ასეთ უმნიშვნელო რამეზე როგორ ვიკამათებთ?

უფრო რეალური: წინა ქორწინებაში ფულთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვქონდა. ამიტომ შეიძლება თამამად ვეღარ ვანდოთ ფული ერთმანეთს.

პრობლემა 2: არ ესმით ერთმანეთის

„ახალ ოჯახში ერთმანეთი ადვილად მივიღეთ და მალეც შევეწყვეთ“ (იოშიტო).

„ათი წელი დამჭირდა, რომ ამ ყველაფერს შევგუებოდი“ (ტაცუკი, იოშიტოს გერი).

როგორც იოშიტოსა და ტაცუკის შემთხვევიდან გამოჩნდა, გერები და ახალი მშობლები სინამდვილეში შეიძლება ვერ უგებდნენ ერთმანეთს. რატომ არის საჭირო ამის აღნიშვნა? როცა პრობლემები ჩნდება, შეიძლება მის სწრაფად მოგვარებაზე ფიქრობთ. მაგრამ პრობლემები სათანადოდ რომ მოაგვაროთ, პირველ რიგში, უნდა გესმოდეთ ოჯახის წევრების.

საჭიროა საუბარი, ოღონდ თითოეულ სიტყვას უნდა დავუკვირდეთ, რადგან ენით შეიძლება დავანგრიოთ ან ავაშენოთ ადამიანი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია“ (იგავები 18:21). როგორ შეიძლება ენით ავაშენოთ ურთიერთობები?

რის გაკეთება შეგიძლიათ

• თანაგრძნობა და ყურადღება გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. ნუ იქნებით კრიტიკული. მაგალითად:

თუ თქვენი შვილი ამბობს: „მამიკო მენატრება“, ყველანაირად ეცადეთ, შეხვიდეთ მის მდგომარეობაში. ნუ ეტყვით: „შენს მამობილს ხომ შვილივით უყვარხარ და ის ხომ მამაშენზე კარგად გექცევა“. შეგიძლიათ უთხრათ: „კარგად მესმის შვილო შენი. ადვილი არ არის. მოდი, მომიყევი მამიკოზე“.

ნუ დაადანაშაულებთ ახალ მეუღლეს და ნუ ეტყვით: „შენ რომ კარგი მშობელი ყოფილიყავი, შენი ბიჭი ასეთი უზრდელი არ იქნებოდა“. მოუყევით, რას გრძნობთ. მერე კი შეგიძლიათ ასეთი რამ უთხრათ: „საყვარელო, ლუკას შეახსენე, სახლში როცა მოვა, მომესალმოს ხოლმე. ასე უფრო მალე ავაწყობთ ურთიერთობას“.

• როცა სუფრას უსხედხართ, ისვენებთ ან სულიერ საქმეებში მონაწილეობთ, ეცადეთ, მეტი გაიგოთ ერთმანეთის შესახებ.

• ოჯახის წევრები ხშირად შეიკრიბეთ ხოლმე ერთად. ყველა თავისუფლად უნდა გამოთქვამდეს თავის აზრს. თავიდან იმაზე ილაპარაკეთ, რა მოგწონთ ახალ ოჯახში. მერე იმაზე გადადით, ვის რა გაღელვებთ. მაშინაც კი, თუ ერთმანეთს ყველაფერში არ ეთანხმებით, ერთმანეთის აზრს პატივი ეცით. ყველა თამამად უნდა ამბობდეს იმას, თუ რაში ხედავს გამოსავალს.

პრობლემა 3: სტუმრად საკუთარ ოჯახში

„ჩემი ცოლი და მისი გოგონები ერთად შეიყუჟებიან და ჩემ გარეშე არჩევენ საკითხებს, მერე მოდიან და ათას რამეზე მედავებიან. ჩემს სახლში თავი სტუმარი მგონია“ (უოლტი).

თუ საკუთარ ოჯახში თავს სტუმრად გრძნობთ, ამან შეიძლება დამატებითი პრობლემები წარმოშვას. მაგალითად:

• შეიძლება დაქორწინებამდე კაცი ან ქალი კარგად ეწყობა მომავალი მეუღლის შვილებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, ოჯახის შექმნის შემდეგ ყველაფერი აირ-დაირიოს.

• მამინაცვალს ან დედინაცვალს შეიძლება აღიზიანებს ის, რომ მისი მეუღლე დიდ დროს უთმობს თავის პატარას.

• უმნიშვნელო საკითხები შეიძლება დიდი დავიდარაბის მიზეზი გახდეს.

როცა ოჯახი დაყოფილია, ამას ყველა განიცდის, მათ შორის, ბავშვის ნამდვილი მშობელი. კარმენი ამბობს: „ადვილი არ არის ყოველთვის შუამავლის როლი შეასრულო ქმარსა და შვილებს შორის“.

ამ პრობლემის გადაჭრა ოქროს წესის გამოყენებით არის შესაძლებელი. იესომ თქვა: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). რა არის საჭირო იმისათვის, რომ ოჯახში ყველამ სრულუფლებიან წევრად იგრძნოს თავი?

რის გაკეთება შეგიძლიათ

• პირველ ადგილზე ქორწინება დააყენეთ (დაბადება 2:24). დრო გამოუყავით თქვენს ახალ მეუღლეს და შვილებს გასაგებად აუხსენით ოჯახში მისი სტატუსი. მაგალითად, დაქორწინებამდე მამამ შვილებს შეიძლება რაღაც ამგვარი უთხრას: „მე მიყვარს ანა და ის ჩემი ცოლი უნდა გახდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენც დიდ პატივს სცემთ მას“.

• სათითაოდ გამოუყავით დრო თქვენს შვილებს. ამით ბავშვები დაინახავენ, რომ ისინი თქვენთვის ძვირფასები არიან და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ გიყვართ.

• გერებსაც ცალ-ცალკე გამოუყავით დრო. ასე უფრო ადვილად ააწყობთ მათთან ურთიერთობას და შუამავალიც აღარ დაგჭირდებათ.

• არ აუკრძალოთ შვილებს წარსულზე საუბარი. თუ დედინაცვალი ხართ, არ დააძალოთ, დედა დაგიძახონ და თუ მამინაცვალი ხართ — მამა. თუ გერები დიდები არიან, მათ თავიდან შეიძლება გაუჭირდეთ ისეთი სიტყვების თქმა, როგორიცაა „ჩვენი ოჯახი“ ან „ჩვენ ყველანი . . .“.

• სახლის საქმეები ყველა ბავშვს დაავალეთ. მაგიდასთან როცა დასხდებით, არავინ უნდა დარჩეს ადგილის გარეშე. კარგი იქნება, თუ ყველა ბავშვს თავისი კუთხე ექნება გამოყოფილი სახლში. მხედველობიდან არც ის შვილები გამოგრჩეთ, რომლებიც მეორე მშობელთან ცხოვრობენ და სტუმრად მოდიან ხოლმე.

• გაითვალისწინეთ: ახალ სახლში გადახვალთ თუ ძველში დარჩებით, ოჯახის არცერთმა წევრმა არ უნდა იგრძნოს თავი სტუმრად.

პრობლემა 4: ბავშვების დასჯა

„როცა კარმენის შვილებს ვსჯი, იმის მაგივრად, რომ კარმენმა მე დამიჭიროს მხარი, ბავშვებს ამშვიდებს და ეფერება“ (პაბლო).

„გული მტკივა, როცა პაბლო ჩემს შვილებს მკაცრად ექცევა“ (კარმენი).

რატომ შეიძლება გერების დასჯამ ოჯახში პრობლემები წარმოშვას? ჩვეულებრივ, მარტოხელა მშობელი ბავშვს მკაცრად არ სჯის. როცა ქალი ან კაცი ხელმეორედ ქორწინდება, მის მეუღლეს შეიძლება ბოლომდე არ ესმოდეს გერის. შედეგად, ის შესაძლოა ფიქრობდეს, რომ ნამდვილი მშობელი თავის შვილს ძალიან რბილად ეპყრობა. თავის მხრივ, ღვიძლ მშობელს ჰგონია, რომ მისი მეუღლე ძალიან მკაცრია.

ბიბლია გვირჩევს, რომ ბავშვების აღზრდისას ზომიერები ვიყოთ: „ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4). ამ მუხლში ყურადღება მარტო იმაზე კი არ მახვილდება, რომ მშობელმა შვილის საქციელი უნდა აკონტროლოს, არამედ იმაზეც, რომ მშობელმა ბავშვს სწორად ფიქრი და აზროვნება უნდა ასწავლოს. ამავე დროს, მშობლებს გვირჩევენ, სითბო და სიყვარული გამოვავლინოთ შვილების მიმართ და, შესაბამისად, დასჯის პროცესიც აღარ იქნება მათთვის გამაღიზიანებელი.

რის გაკეთება შეგიძლიათ

• წესები დაადგინეთ. დაიწყეთ იმით, რაც უკვე დადგენილი გაქვთ. ქვემოთ მოყვანილი სცენარიდან კარგად ჩანს, რომ წესების დადგენა სასარგებლოა.

დედინაცვალი: მარი, ჩვენს ოჯახში ასეთი წესია, რომ სანამ საშინაო დავალებას არ მოამზადებ, კომპიუტერთან ვერ დაჯდები.

მარი: შენ დედაჩემი არა ხარ.

დედინაცვალი: მართალი ხარ მარი, მაგრამ დღესდღეობით შენი აღზრდა მე მავალია და როგორც უკვე გითხარი, კომპიუტერთან ვერ დაჯდები, სანამ გაკვეთილებს არ ისწავლი.

• არ დაადგინოთ ბევრი წესი და ძველ წესებსაც ერთი ხელის მოსმით ნუ შეცვლით. შეიძლება დედინაცვალს ან მამინაცვალს ესა თუ ის წესი მარტივი შესასრულებელი ეჩვენება, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს წესი ძალიან დიდი ტვირთი იყოს გერისთვის და ისიც კი აფიქრებინოს, რომ მისთვის მთელი სამყარო თავდაყირა დადგა. თუმცაღა, ზოგი ახალი წესის დადგენა შეიძლება გარდაუვალი იყოს, მაგალითად, სახლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები ან ის, თუ როგორ უნდა ჩაიცვან სახლში, განსაკუთრებით, თუ ბავშვები მოზარდები არიან.

• თუ მშობლებს ბავშვების დასჯასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვთ, ისინი ბავშვებისგან დამოუკიდებლად ერთად უნდა დასხდნენ და მოითათბირონ. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვის კონკრეტულ შეცდომაზე და არა მის გუშინდელ და გუშინწინდელ საქციელზე.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 სტატიებში ზოგიერთი სახელი შეცვლილია.

[სურათი 3 გვერდზე]

შეიძლება აუხდენელ ოცნებად გეჩვენებათ იმაზე ფიქრი, რომ თქვენს ახალ ოჯახში სიყვარული და ერთიანობა დაისადგურებს

[სურათი 4 გვერდზე]

გულისყურით მოუსმინეთ ერთმანეთს, რომ გაიგოთ, ვის რა აწუხებს და ვინ რას გრძნობს

[სურათი 6 გვერდზე]

თუ მშობლები რაიმე საკითხში ვერ თანხმდებიან, მათ ეს ბავშვებისგან დამოუკიდებლად უნდა მოაგვარონ