არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შუა საუკუნეების ასტრონომები

შუა საუკუნეების ასტრონომები

შუა საუკუნეების ასტრონომები

ადამიანი ოდითგანვე აღტაცებაში მოჰყავდა მზეზე, მთვარეზე და ვარსკვლავებზე დაკვირვებას. ამ ციური სხეულების ადგილმდებარეობისა და მოძრაობის შესწავლამ შესაძლებელი გახადა დღეების, თვეებისა და წლების ხანგრძლივობის დადგენა.

სხვა ხალხებთან ერთად ღამის ცას არაბებიც აკვირდებოდნენ და იკვლევდნენ. ახლო აღმოსავლეთში მეცნიერებისთვის ოქროს ხანა ახ. წ. მე-9 საუკუნეში დაიწყო. იმ ეპოქის არაბი ასტრონომები საკმაოდ დახელოვნებულნი იყვნენ თავიანთ საქმეში. მათმა მიღწევებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა მეცნიერების ამ საინტერესო დარგის განვითარებაში. მოდი, თვალი გადავავლოთ წარსულს.

პიონერები

ახ.  წ. VII—VIII საუკუნეებში ისლამი გავრცელდა დასავლეთით, არაბეთიდან მოყოლებული ჩრდილოეთ აფრიკამდე, ესპანეთამდე და აღმოსავლეთით ავღანეთშიც კი ჩააღწია. ამ ვრცელ ტერიტორიაზე მცხოვრები მკვლევრები სარგებლობდნენ სპარსელი და ბერძენი მეცნიერების ნაშრომებით, რომელთა კვლევებზეც, თავის მხრივ, დიდი გავლენა იქონია ბაბილონურმა და ეგვიპტურმა გადმოცემებმა.

მე-9 საუკუნეში არაბულ ენაზე ითარგმნა მნიშვნელოვანი მეცნიერული ნაშრომები, რომელთა შორისაც იყო ბერძენი ასტრონომის, პტოლემეს ჩანაწერები. * აბასიანთა დინასტიამ, რომელთა ტერიტორიაც ავღანეთიდან ატლანტის ოკეანემდე იყო გადაჭიმული, ინდოელი სწავლულებისგან შეიძინა სანსკრიტული ტექსტები. ეს ტექსტები ფასდაუდებელ ინფორმაციას შეიცავდა მათემატიკის, ასტრონომიისა და მეცნიერების სხვა დარგებზე.

ისლამურ სამყაროში ასტრონომია მეცნიერების მეტად დაფასებული დარგი გახლდათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი მათი თაყვანისმცემლობა იყო. მაჰმადიანებს სჯეროდათ, რომ ლოცვის დროს სახით მექისკენ უნდა ყოფილიყვნენ მიბრუნებულნი, ასტრონომებს კი მექის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ნებისმიერი ადგილიდან შეეძლოთ. მე-13 საუკუნეში ზოგიერთ მეჩეთში ქირაობდნენ კიდეც გამოცდილ ასტრონომებს, იგივე „მუვაკიტებს“, რომლებიც მორწმუნეებს ეხმარებოდა, ლოცვისთვის შესაფერისი დროის განსაზღვრაში. ასტრონომებს აგრეთვე შეეძლოთ ზუსტად განესაზღვრათ, როდის უნდა აღენიშნათ ესა თუ ის რელიგიური დღესასწაული. მაგალითად, დაედგინათ, როდის იყო რამაზანის მარხვის პერიოდი. გარდა ამისა, ისინი მექაში მიმავალ პილიგრიმებს მგზავრობის ხანგრძლივობის დადგენასა და ხელსაყრელი მარშრუტის შერჩევაში ეხმარებოდნენ.

სახელმწიფო დაფინანსება

მე-9 საუკუნის დასაწყისში ბაღდადში უკვე ყველა სწავლული ვალდებული იყო, სცოდნოდა ასტრონომია. ხალიფ ალ-მამუნმა ჯერ ბაღდადში დააარსა ობსერვატორია, შემდეგ კი დამასკოს მახლობლად. ობსერვატორიაში მოღვაწე გეოგრაფები და მათემატიკოსები მსჯელობდნენ სპარსელი, ინდოელი და ბერძენი ასტრონომების გამოთვლებზე, ერთმანეთს ადარებდნენ მათ და შესაბამისი შენიშვნები შეჰქონდათ. ობსერვატორიები აშენდა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქალაქებშიც. *

ასეთ სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწე მკვლევრები იმ დროისთვის მართლაც შესანიშნავ შედეგებს აღწევდნენ. აი, ამის ერთი მაგალითი: 1031 წლის დასაწყისში აბუ რაიჰან ალ-ბირუნმა გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პლანეტები წრიულ ორბიტებზე კი არა, ელიფსურ ორბიტებზე მოძრაობდნენ.

დედამიწის აზომვა

ისლამური კულტურის გავრცელებასთან ერთად ხალხში უფრო მეტად ჩნდებოდა კარტოგრაფიისა და ნავიგაციის მიმართ ინტერესი. კარტოგრაფები (რუკის შემდგენლები) ცდილობდნენ, გამოთვლებისა და აზომვების დროს მაქსიმალურად დაეცვათ სიზუსტე. მეტი სიზუსტისა და განედების გრადუსების დასადგენად, ხალიფ ალ-მამუნმა მიწისმზომელთა ორი ჯგუფი გაგზავნა სირიის უდაბნოში. ასტროლაბებით, საზომი ლარტყებითა და ზონრებით აღჭურვილი ეს ჯგუფები უდაბნოში ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მიემართებოდნენ მანამ, სანამ პოლარული ვარსკვლავის მოძრაობის ტრაექტორიამ ერთი გრადუსი განსხვავება არ დააფიქსირა. დაადგინეს, რომ გავლილი მანძილი განედის ერთ გრადუსს, ანუ დედამიწის მერიდიანის 1/360-ს უდრიდა. გამოთვალეს და დაადგინეს აგრეთვე, რომ მერიდიანის პოლარული გარშემოწერილობა 37 369 კილომეტრი იყო, რაც საკმაოდ ახლოს არის დღევანდელ მონაცემთან (40 008 კმ.).

ახლო აღმოსავლეთის ობსერვატორიები აღჭურვილი იყო იმ დროისთვის უახლესი ხელსაწყოებით: ასტროლაბებით, კვადრანტებით, სექსტანტებით, მზის საათებით და სხვა ინსტრუმენტებით, რომლებითაც აწარმოებდნენ ციურ სხეულებზე დაკვირვებას. ამ მოწყობილობებიდან ზოგიერთი ძალიან დიდი ზომისა იყო. ხელსაწყოების შემქმნელები ირწმუნებოდნენ, რომ, რაც უფრო დიდი იქნებოდა ხელსაწყო, მით უფრო დაცული იქნებოდა სიზუსტე.

მემკვიდრეობა

შუა საუკუნეების ასტრონომთა მიღწევები მართლაც რომ განუზომლად დიდია. მათ შექმნეს თანავარსკვლავედების მონახაზები და სახელები დაარქვეს თითოეულ მათგანს. სახელები დაარქვეს აგრეთვე ბევრ ვარსკვლავს. შეადგინეს უფრო ზუსტი კალენდარი, დაადგინეს მზისა და მთვარის დაბნელების პერიოდები და მუშაობა განაგრძეს ციურ სხეულთა მოძრაობის ამსახველი დიაგრამების დახვეწაზე. მათ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლოთ დაედგინათ მზის, მთვარისა და ხუთი ხილული პლანეტის მდებარეობა. ამით უდიდესი წვლილი შეიტანეს სანავიგაციო მეცნიერებაში. ციურ სხეულთა განლაგებაზე დაკვირვებით მათ დროის ზუსტი განსაზღვრა და დღეების აღრიცხვაც შეძლეს.

არაბმა ასტრონომებმა შეიმუშავეს პლანეტების მოძრაობის ახალი თეორია, რომლის საფუძველზეც შეასწორეს თითქმის ყველა ის უზუსტობა, რაც პტოლემეს ნაშრომებში იყო. თუმცა ერთი რამ არასწორად დაასკვნეს — ფიქრობდნენ, რომ პლანეტები მზის გარშემო კი არა, დედამიწის გარშემო ბრუნავდა. მიუხედავად ამისა, მათ მიერ განსაცვიფრებელი სიზუსტით შედგენილი ციურ სხეულთა მოძრაობის დიაგრამები და სხვა აღმოჩენები უნიკალური მემკვიდრეობა აღმოჩნდა მომავალი თაობის ასტრონომთათვის.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 ბერძნებს უკვე გამოკვლეული ჰქონდათ, რომ დედამიწა სფეროსებრი იყო. ამ დასკვნამდე ისინი იმის საფუძველზე მივიდნენ, რომ სამხრეთისკენ მიმავალი ადამიანისთვის პოლარული ვარსკვლავი დაბლა ეშვებოდა.

^ აბზ. 9 ხშირად ობსერვატორიების დაარსება ასტრონომიით დაინტერესებული სახელმწიფო მმართველების მხარდაჭერით ხდებოდა.

[ჩარჩო⁄სურათები 19 გვერდზე]

უძველესი „ჯიბის კომპიუტერი“

ასტროლაბს, რომელიც სექსტანტის წინამორბედს წარმოადგენს, „ყველაზე მნიშვნელოვან ასტრონომიულ ხელსაწყოდ მიიჩნევდნენ ტელესკოპის გამოგონებამდე“. შუა საუკუნეების მკვლევრები ახლო აღმოსავლეთში დროისა და ციური სხეულების განლაგების დასადგენად სწორედ ამ ხელსაწყოს იყენებდნენ.

იმ დროისთვის ასტროლაბი ცის რუკის ცივილიზებულ მოდელად ითვლებოდა. ეს იყო გაპრიალებულ მეტალზე დახაზული რუკა. ასტროლაბის გარეთა რკალი, რომელიც მეტალზე იყო დამაგრებული, აჩვენებდა დროს და გრადუსებს. მისი გამოყენებისას ადამიანს ის მხრის სიმაღლეზე უნდა სჭეროდა და მასზე დამაგრებული ისრით (ალიდადით) შეძლებდა ჰორიზონტზე ვარსკვლავთა სიმაღლის დადგენას. შედეგად ასტროლაბზე არსებული შკალის დანაყოფებით იგებდნენ ვარსკვლავების სიმაღლეს, ისევე როგორც ეს ლოგარითმული სახაზავის გამოყენებისას ხდება.

ამ უნივერსალური ხელსაწყოს მეშვეობით შესაძლებელი იყო ვარსკვლავთა ამოცნობა, მზის ამოსვლის და ჩასვლის დროის გამოთვლა, მექის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, მიწის აზომვა, ციურ სხეულთა სიმაღლის დადგენა და სხვა სანავიგაციო კვლევების წარმოება. დღევანდელი გადასახედიდან ასტროლაბს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „ჯიბის კომპიუტერი“.

[სურათები]

მე-13 საუკუნის ასტროლაბი

მე-14 საუკუნის ასტროლაბი კვადრანტი

[საავტორო უფლებები]

Astrolabe: Erich Lessing/Art Resource, NY; astrolabe quadrant: © New York Public Library/Photo Researchers, Inc.

[სურათი 16 გვერდზე]

ოტომანი ასტრონომები იყენებდნენ წინამორბედი არაბი მკვლევრების მეთოდებს (XVI საუკუნის ილუსტრაცია)

[სურათი 17 გვერდზე]

ისლამურ ქვეყნებში უფრო და უფრო მეტი ალმანახი (ასტრონომიური კალენდარი) იქმნებოდა, რომლებშიც შეტანილი იყო ასტრონომთა ჩანაწერები პლანეტების მოძრაობის შესახებ.

[სურათი 18 გვერდზე]

ციურ სხეულთა გლობუსი, ახ. წ. 1285 წელი

[სურათი 18 გვერდზე]

არაბთა მიერ შედგენილი ჩანაწერები, სადაც გამოსახულია თანავარსკვლავედები (წიგნის ავტორი აბდ ალ-რაჰმან ას-სუფი, ახ.წ. 965 წელი)

[სურათის საავტორო უფლება 17 გვერდზე]

Pages 16 and 17: Art Resource, NY

[სურათის საავტორო უფლებები 18 გვერდზე]

Manuscript: By permission of the British Library; globe: © The Bridgeman Art Library