არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნეტავი ხომ არ გადაშენდებიან?

ნეტავი ხომ არ გადაშენდებიან?

ნეტავი ხომ არ გადაშენდებიან?

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში 2002 წელს აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაცია ყველაფერს იღონებდა, რათა ათწლეულის ბოლოს რაც შეიძლება მინიმუმამდე დაეყვანა ბუნებაში გადაშენების პირას მყოფ სახეობათა რიცხვი. გეგმაში იდო აგრეთვე ეკოსისტემის განადგურების მაჩვენებლის შემცირებაც. საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ 2010 წელი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლად გამოცხადებულიყო.

ეს „ნანატრი“ წელიც დადგა, მაგრამ გაეროს გეგმა მხოლოდ ფურცელზე დარჩა. „ბი-ბი-სის“ ცნობის თანახმად, „ადამიანის ჩარევით ცხოველთა გადაშენება 1 000-ჯერ უფრო მეტად დაჩქარდა, ვიდრე ეს ბუნებრივი პროცესებით მოხდებოდა“. გაზეთი „ახალი ზელანდიის მაცნე“ უფრო კონკრეტულია: „გადაშენების პირას იმყოფება მცენარეთა და ძუძუმწოვართა ყოველი მეხუთე სახეობა, ფრინველთა ყოველი მეშვიდე და ამფიბიების ყოველი მესამე სახეობა“. საუკუნეების წინათ ახალ ზელანდიაში განვითარებული მოვლენები ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ გვევლინება ეკოსისტემის რღვევასა და განადგურებაში.

ახალი ზელანდიის მდიდარი ბუნება

იყო დრო, როცა ახალი ზელანდია, თავისი ულამაზესი ბუნებით, სამოთხის ბაღს ჰგავდა; მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ აირ-დაირია, რაც იქ ადამიანმა დადგა ფეხი. მათ თან ისეთი სახეობის ცხოველები ჩაიყვანეს, რომელთაც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, საკმაოდ საზიანო გავლენა იქონიეს იქაურ ბუნებაზე. მაორის ხალხმა წყნარი ოკეანის გაღმიდან ძაღლები და, როგორც ჩანს, პოლინეზიური ვირთხები გადაიყვანა. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ისინი ამ ცხოველებს საკვებად იყენებდნენ.

გამოხდა ხანი და ამ მიწას ევროპელებიც ეწვივნენ. ეს იყო სადღაც XVII—XVIII საუკუნეები. არც ეს ახალი სტუმრები ჩასულან ხელცარიელები ზელანდიაში. მათ თან ჩაიყვანეს შავი ვირთხები, თაგვები და კატები. იქაურ პირობებში ეს კატები სულ მთლად გაველურდნენ. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ესენი იყვნენ ევროპელთა „თანამგზავრები“ — მათ გემებზე მრავლად ნახავდით თხებს, ღორებსა და ირმებს. ევროპელები ამ ცხოველებით იკვებებოდნენ. XIX საუკუნეში ზელანდიას ახალი „სტუმრები“ ეწვივნენ კუდფუნჯა პოსუმებისა და კურდღლების სახით. მათ, ძირითადად, ხორცისა და ბეწვისთვის იყენებდნენ. საინტერესოა, რომ იმ დროს კაციშვილს არ მოსვლია თავში აზრად, რამხელა ზიანის მიყენება შეეძლოთ ამ ცხოველებს იქაური ბუნებისთვის — მცენარეებისა და ფრინველებისთვის.

1860-იან წლებში კურდღლები იმდენად მომრავლდნენ, რომ მათ გასანადგურებლად მთავრობამ გადაწყვიტა, დედოფლები შემოეყვანა ქვეყანაში. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, დედოფლებმა კურდღლის ხორცი დაიწუნეს და ადვილად მოსანადირებელ, უწყინარ ფრინველის ხორცზე გადავიდნენ.

ის, რომ ველურ ბუნებაში ათი ჩრდილოეთის კივიდან ცხრა ერთ წლამდეც ვერ ცოცხლობს, სწორედ ძუძუმწოვარა პარაზიტების დამსახურებაა. ასეთი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა ახალი ზელანდიის გარემოს დაცვის დეპარტამენტმა. ბევრი სახეობა დღეისთვის საერთოდ გამქრალია, მათ რიცხვში შედის 40-ზე მეტი სახეობის ფრინველი, 3 სახეობის ბაყაყი, ღამურების 1 და ხვლიკების სულ მცირე 3 ჯიში. ამას ემატება უამრავი სახეობის მწერიც. ახალ ზელანდიაში სულ 5 819 სახეობის ცხოველი და მცენარეა. ამათგან ნახევარზე მეტი გადაშენების პირასაა მისული და ამ მაჩვენებლით ეს ქვეყანა ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს დედამიწაზე.

მცდელობები

სამთავრობო სააგენტოებმა მკაცრად აკრძალეს ქვეყანაში გარემოსთვის საშიში მცენარეების შეტანა და მავნე ცხოველების შეყვანა. გარდა ამისა, გარემოს დაცვის დეპარტამენტმა ყოველ ღონეს მიმართა პარაზიტების გასანადგურებლად. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა კუნძულებს; შეიქმნა ნაკრძალები.

ერთ-ერთი ასეთი კუნძულია ტირიტირი მატანგი, რომელიც ოკლენდის ვანგაპარაოას ნახევარკუნძულის სანაპირო ზოლში მდებარეობს. 1993 წელს კუნძული მთლიანად გაიწმინდა ვირთხებისგან და დაირგო 280 000 ადგილობრივი ჯიშის ხე-მცენარე. დღეს ეს ტერიტორია ღია ნაკრძალია. იქ მნახველს შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს და მოისმინოს ათასგვარ ჩიტთა გალობა, მათ შორის იშვიათი სახეობის ტიკოს, პორფირიონის, კოკაკოს და მწვანე ახალ ზელანდიური ღობემძვრალის საამური ჭიკჭიკი. შექმნილ უსაფრთხო გარემოში მისულ სტუმრებს შეუძლიათ ახლოდან ნახონ და დააკვირდნენ ამ უმშვენიერეს არსებებს.

2003 წელს სამხრეთის პოლარული წრის ჩრდილოეთით მდებარე კუნძული კემპბელი ორწლიანი შრომის შემდეგ, როგორც იქნა, გაიწმინდა ვირთხებისგან. მას შემდეგ მიმდინარეობს ადგილობრივი ფლორის აღდგენა და ნელ-ნელა ზღვის ჩიტებიც უბრუნდებიან მშობლიურ კერას. არც ის უნდა გაგიკვირდეთ, შემთხვევით აქ კემპბელის იხვინჯასაც რომ გადააწყდეთ (იხვის ძალზე იშვიათი სახეობა Anas nesiotis).

ბოლო წლებში უდიდესი ყურადღება დაეთმო რანგიტოტოს და მატუტაპუს კუნძულების და ოკლენდის ჰაურაკის ყურის განახლებას. ამ პროექტის მიზანია, დაიცვას მსოფლიოს უდიდესი ტყის, პოჰუტუკავას ტყის, მასივი და ადგილობრივ ველურ ბუნებას აღუდგინოს და შეუნარჩუნოს ძველი ეშხი და ელფერი. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ტერიტორია სრულად გაიწმინდა ისეთი პარაზიტებისგან, როგორებიცაა კურდღლები, დედოფლები, ზღარბები, ველური კატები, რუხი და შავი ვირთხები და თაგვები. აქაოდა პარაზიტები აღარ არიანო და საუკუნის წინ გადაშენებული წითელქოჩორა თუთიყუშებიც აჟღურტულდნენ კუნძულებზე.

ეს ყველაფერი ერთ რამეზე გვაფიქრებს. ვხვდებით, რამხელა შეცდომები აქვს ადამიანს დაშვებული წარსულში და ვხედავთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ გადაშენების პირას მყოფ ასეთ სახეობათა გადასარჩენად. ბუნების მოყვარულთ და მოტრფიალეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ, შეუძლიათ თავი ინუგეშონ ბიბლიაში ჩაწერილი იეჰოვას, ცისა და დედამიწის შემოქმედის, დანაპირებით. გამოცხადების წიგნში წერია, რომ ღმერთი მოსპობს ადამიანის ხელით გამოწვეულ ყველა იმ საზიანო შედეგებს, რაც ასე სპობს და ანადგურებს პლანეტის ფლორას და ფაუნას (ფსალმუნი 115:15; გამოცხადება 21:5).

[ჩანართი 25 გვერდზე]

დღეისათვის 10 კივიდან 9 ერთ წლამდეც ვერ ცოცხლობს

[ჩარჩო 26 გვერდზე]

გონივრულად გამოვიყენოთ რესურსები

გარემოს დამცველთა მთავარი პრობლემა ბუნების დაცვისთვის საჭირო რესურსების შეზღუდული რაოდენობაა. ამას ისიც ემატება, რომ გადაშენების პირას მყოფი ჯიშების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. შეიმუშავეს პრიორიტეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველ რიგში უპირატესობა ენიჭება დაავადებული სახეობების მკურნალობას. ასეთი სახით, არსებული რესურსების გამოყენება მაქსიმალურ შედეგს მოიტანს, რადგან პირველ რიგში ყურადღება ექცევა სახეობათა ღირებულებას, შემდგომ იმას, თუ რამდენად დიდია მისი გადარჩენის ალბათობა და შემდგომ კი გასატარებელი ღონისძიებების მოსალოდნელ ხარჯებს. არ არის გასაკვირი, რომ ამ მეთოდს თავისი მოწინააღმდეგეები გაუჩნდეს, მაგრამ მისი მომხრეები ირწმუნებიან, რომ შეზღუდული რესურსების ფონზე ამ მეთოდს საუკეთესო შედეგის მოტანა შეუძლია.

[რუკა 26 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ახალი ზელანდია

ჰაურაკის ყურე

ტირიტირი მატანგი

რანგიტოტო და მოტუტაპუ

კემპბელის კუნძული

პორფირიონი (ტირიტირი მატანგი)

[სურათი 25 გვერდზე]

ჩრდილოეთის კივი

[სურათი 27 გვერდზე]

კემპბელის კუნძული

[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]

© S Sailer/A Sailer/age fotostock

[სურათის საავტორო უფლებები 27 გვერდზე]

Takahe: © FLPA/Terry Whittaker/age fotostock; Campbell Island: © Frans Lanting/CORBIS