არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვის შეუძლია შეცვალოს მსოფლიო?

ვის შეუძლია შეცვალოს მსოფლიო?

ბიბლიის თვალსაზრისი

ვის შეუძლია შეცვალოს მსოფლიო?

„ხალხი პასუხს თავიანთი ხელისუფლებისგან ელის. მათ რეალური გამოსავალი სჭირდებათ და არა პრობლემებიდან თავის დაღწევის არაადეკვატური გზები ან მობოდიშებები“ (გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი).

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, რომელსაც ბიბლია „მძიმე, ძნელად ასატან“ დროს უწოდებს (2 ტიმოთე 3:1). საინფორმაციო საშუალებები სავსეა შემაშფოთებელი ცნობებით ომების, ტერაქტების, ეკონომიკური ჩავარდნებისა და მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ.

არსებობს მდგომარეობის გამოსწორების რაიმე იმედი? შეუძლიათ მთავრობებს გლობალური პრობლემების გადაჭრა, თუ გამოსავალი სხვაგან უნდა ვეძებოთ?

რას აცხადებენ ქვეყნები

ბევრი ქვეყანა აცხადებს, რომ მათ ღმერთი მფარველობს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულების ფიცში ნათქვამია, რომ ის არის „ღვთის მფარველობის ქვეშ“ მყოფი ქვეყანა. მათ ფულზე კი წერია: „ღმერთზე ვართ მინდობილნი“.

თუმცა ამერიკის ბევრ მოქალაქეს საერთოდ არ სწამს ღვთის არსებობის. იმავეს თქმა შეიძლება სხვა ქვეყნებზეც, რომლებიც ასევე ხმამაღლა აცხადებენ, რომ მათ ღმერთი მფარველობს. იმ ადამიანებსაც კი, ვისაც სწამს ღმერთი, განსხვავებული შეხედულებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ერევა ღმერთი ადამიანის ცხოვრებაში.

● ზოგის აზრით, ღმერთი უგულოა და მას ხალხი თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული.

● სხვები ფიქრობენ, რომ ღმერთი მთავრობების მეშვეობით მოქმედებს და მას შეუძლია, აკურთხოს მათი მცდელობა, შეცვალონ მსოფლიო.

ეთანხმებით აქედან რომელიმე აზრს?

დაფიქრდით: თუ პირველი შეხედულება სწორია, მაშინ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვყოფილვართ. თუ მეორე შეხედულებაა სწორი, მაშინ უპასუხეთ შემდეგ კითხვებს: აყენებს ღმერთი ერთ ერს მეორეზე მაღლა? როცა ორი ქვეყანა ერთმანეთს ებრძვის და ორივე მთელი გულით ლოცულობს გამარჯვებისთვის, ვის მხარეს იკავებს ღმერთი? შეიძლება, რომ ღმერთმა არც ერთის მხარე არ დაიკავოს?

რას ამბობს ბიბლია

1. ადამიანი იმისთვის არ შექმნილა, რომ საკუთარი თავი მართოს. ბიბლია ამბობს: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ისტორია ადასტურებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. მთავრობებმა ვერ შეცვალეს მსოფლიო უკეთესობისკენ მაშინაც კი, როცა მსოფლიო ლიდერებს მაღალი იდეალები და საუკეთესო ჩანაფიქრები ამოძრავებდათ. უფრო მეტიც, „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).

2. ღვთისთვის სულერთი არ არის, რა მოხდება. ის ხედავს ჩვენს მდგომარეობას; ღმერთი არც გულმავიწყია და არც უგულო. ერთხელაც ის ამოქმედდება ჩვენს დასახმარებლად. როგორ? თავისი სამეფოს მეშვეობით, რომელიც „მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44).

3. ღვთის სამეფო რეალური ხელისუფლებაა. ეს ის სამეფოა, რომელსაც მილიონობით გულწრფელი ადამიანი მოიხსენიებს ლოცვის დროს, როდესაც „უფლის ლოცვას“ ანუ „მამაო ჩვენოს“ წარმოთქვამს. ამ ლოცვაში ადამიანები ღმერთს ასეთ რამეს სთხოვენ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). ყურადღება მიაქციეთ, რომ ღვთის სამეფოს გავლენა ზეცის ფარგლებს სცდება. ის ღვთის ნებას დედამიწაზეც დაამყარებს.

4. სამეფოს მეშვეობით ღმერთს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო და ის გააკეთებს კიდეც ამას. თუ ამაში ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი, დაფიქრდით შემდეგ ბიბლიურ მუხლებზე:

● ღმერთმა კაცობრიობას მისცა სრულყოფილი დასაწყისი მშვიდობიან გარემოში (დაბადება 1:27—31).

● არსებული პრობლემების მიუხედავად, ღმერთს არ შეუცვლია თავისი განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით (ფსალმუნი 37:11, 29).

● ღმერთმა უკვე გადადგა ნაბიჯები იმისკენ, რომ დედამიწაზე აღადგინოს ყოველივე დაკარგული (იოანე 3:16).

გსურთ, მეტი გაიგოთ ღვთის სამეფოსა და იმის შესახებ, თუ როგორ შეცვლის ის მსოფლიოს? იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან ამაში. კარგი იქნებოდა, მათთან ერთად გემსჯელათ ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე, როცა ისინი კარზე დაგიკაკუნებენ.

რა არის ღვთის სამეფო?

რას შეცვლის ღვთის სამეფო?

როდის და როგორ მოახდენს ის ამ ცვლილებებს?

გიფიქრიათ?

● რატომ არ შეუძლიათ მთავრობებს მსოფლიო მდგომარეობის შეცვლა? (იერემია 10:23)

● რით დაამტკიცა ღმერთმა, რომ ზრუნავს ჩვენზე? (იოანე 3:16)

● რას შეცვლის ღვთის სამეფო დედამიწაზე და რა კურთხევებს მოუტანს ის მასზე მცხოვრებთ? (ფსალმუნი 37:11, 29)

[ჩანართი 27 გვერდზე]

შეუძლიათ მთავრობებს გლობალური პრობლემების გადაჭრა, თუ გამოსავალი სხვაგან უნდა ვეძებოთ?