არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება

პრობლემა

გაბრაზებისას თქვენი ორი წლის ბავშვი იწყებს ტირილს, ფეხების ბარტყუნს და ხელებისა და ფეხების უაზროდ ქნევას. ამ დროს ალბათ ფიქრობთ, ნეტა ნორმალურია ჩემი შვილი? ჩემი ბრალი ხომ არ არის, რომ ბავშვი ისტერიკაში ვარდება? გადაეჩვევა ოდესმე ამას?

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილს, მოიშოროს ეს ჩვევა. პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ ვარდება ბავშვი ისტერიკაში.

რატომ ხდება

პატარებს არ შეუძლიათ თავიანთი ემოციების გაკონტროლება. თუნდაც ამ მიზეზის გამო შეიძლება ბავშვი დროდადრო ისტერიკაში ჩავარდეს. მაგრამ არსებობს სხვა მიზეზიც.

დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა ცვლილებები ხდება ორი წლის ბავშვის ცხოვრებაში. ახალდაბადებულ ბავშვს მშობლები თავს დაჰფოფინებენ. როგორც კი ტირილს იწყებს, მაშინვე მასთან მიირბენენ რომ გაიგონ, ბავშვს რამე ხომ არ სჭირს — ავად ხომ არ არის, ხომ არ მოშივდა, საფენების გამოცვლა ხომ არ უნდა ან უბრალოდ მოფერება. მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვმა არ იტიროს. და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ბავშვი მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული.

მაგრამ ორი წლის ასაკში ბავშვი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ მშობლები უწინდებურად აღარ ევლებიან თავს. თუ აქამდე მშობლები ბავშვის მონა-მორჩილები იყვნენ და ყველა სურვილს უსრულებდნენ, ახლა უკვე მისგან მოელიან მორჩილებას. საქმე ახლა სხვაგვარად არის. ორი წლის ბავშვი ვერ ეგუება ასეთ ცვლილებას და პროტესტს აცხადებს, რასაც ზოგჯერ ისტერიკით გამოხატავს.

დროთა განმავლობაში ბავშვი ეგუება იმ ფაქტს, რომ მშობლები არა მარტო მისი მომვლელები არიან, არამედ მასწავლებლებიც. ნელ-ნელა ბავშვი იმასაც მიხვდება, რომ ვალდებულია, დაემორჩილოს მშობლებს (კოლოსელები 3:20). მაგრამ მანამ ეს მოხდება, ბავშვმა შეიძლება ისტერიკები მოაწყოს და ასეთი სახით მშობლების მოთმინება გამოსცადოს.

 როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

გაგებით მოეკიდეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი ჯერ ძალიან პატარაა. მას არ შეუძლია ემოციების მოთოკვა, ამიტომ ხშირად ტირის და ისტერიკაში ვარდება. ეცადეთ, თავი მის ადგილას წარმოიდგინოთ (ბიბლიური პრინციპი: 1 კორინთელები 13:11).

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება, სიმშვიდე შეინარჩუნეთ, რადგან მდგომარეობიდან გამოსვლით საქმეს ვერ უშველით. რამდენადაც შესაძლებელია, თავი შეიკავეთ ემოციებისგან და ყურადღებას ნუ მიაქცევთ ბავშვის უცნაურ ქმედებებს. თუ გემახსოვრებათ, რატომ აწყობს ბავშვი ისტერიკას, გაგიადვილდებათ სიმშვიდის შენარჩუნება (ბიბლიური პრინციპი: იგავები 19:11).

თავისი არ გაატანინოთ. თუ ბავშვს ყველა სურვილს შეუსრულებთ, ის სხვა დროსაც მოაწყობს ისტერიკას თავისი მიზნის მისაღწევად. მშვიდად და გასაგებად უთხარით, რომ თქვენი „არა“ ნიშნავს არას (ბიბლიური პრინციპი: მათე 5:37).

თუ გემახსოვრებათ, რატომ აწყობს ბავშვი ისტერიკას, გაგიადვილდებათ სიმშვიდის შენარჩუნება

იყავით მომთმენი. ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ბავშვი ისტერიკას ერთ დღეში გადაეჩვევა, მით უმეტეს, თუ მიეცით იმის საბაბი, რომ ისტერიკა კიდევ მოაწყოს. მაგრამ, თუ სწორად მოიქცევით და მტკიცედ დადგებით თქვენს პოზიციაზე, ამას ისე ხშირად აღარ გაიმეორებს. ბოლოს კი, საერთოდ გადაეჩვევა. ბიბლიაში ნათქვამია: „სიყვარული სულგრძელია“ (1 კორინთელები 13:4).

აგრეთვე გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება, ხელში აიყვანეთ (თუ შესაძლებელია) და არ მისცეთ იმის საშუალება, რომ ხელ-ფეხი აქნიოს, ოღონდ ეს ისე გააკეთეთ, რომ არაფერი ატკინოთ. არ დაუყვიროთ. დაელოდეთ, როდის ჩაცხრება ქარიშხალი. ბოლოს ის მიხვდება, რომ ისტერიკით თავისას ვერ გაიტანს.

  • როცა ბავშვი ისტერიკას იწყებს, გაიყვანეთ სხვა ოთახში, მაგალითად, საძინებელში და მარტო დატოვეთ. უთხარით, როცა დამშვიდდება, იქიდან მაშინ გამოვიდეს.

  • თუ პატარა ისტერიკაში სხვების თანდასწრებით ვარდება, ცალკე გაიყვანეთ. რაც არ უნდა სპექტაკლი მოაწყოს, თავისი მაინც არ გაატანინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი იფიქრებს, რომ ასეთი სცენების მოწყობით ადვილად მიაღწევს თავის საწადელს.