არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა

ზნეობრივი ფასეულობები, რომლებიც ჭეშმარიტად ამდიდრებს

ზნეობრივი ფასეულობები, რომლებიც ჭეშმარიტად ამდიდრებს

ქრისტინა თვალებს არ უჯერებდა! მან ფულით სავსე შავი ცელოფნის პარკი იპოვა. ნაპოვნი თანხა იმაზე ბევრად მეტი იყო, რასაც ის 20 წლის განმავლობაში გამოიმუშავებდა. ქრისტინამ იცოდა, ვინ დაკარგა ფული. როგორ მოიქცეოდა ის? თქვენ როგორ მოიქცეოდით? თქვენი პასუხიდან გამოჩნდება ის, თუ როგორი შეხედულება გაქვთ პატიოსნებაზე.

რა არის ფასეულობები? ეს არის ზნეობრივი და ეთიკური პრინციპები, რომლებსაც სწორად და მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. ამაში შეიძლება შედიოდეს პატიება, პატიოსნება, თავისუფლება, სიყვარული, სიცოცხლის დაფასება და თავშეკავება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ფასეულობები გავლენას ახდენს ჩვენს ქცევებზე, პრიორიტეტებზე, ურთიერთობებსა და შვილების აღზრდაზე. მათი მნიშვნელოვნების მიუხედავად, დღევანდელ საზოგადოებაში ზნეობრივი ფასეულობები უფრო და უფრო ეცემა.

ფასეულობების დაკნინება

2008 წელს შეერთებულ შტატებში ასობით ახალგაზრდა გამოკითხეს, რათა გაეგოთ მათი შეხედულება ზნეობრივ საკითხებზე. „სამწუხაროდ, ისინი ძალიან იშვიათად ფიქრობენ და საუბრობენ ასეთ თემებზე“, — აღნიშნა დეივიდ ბრუკსმა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“. უმეტესობისთვის გაუპატიურება და მკვლელობა მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ „ამ უკიდურესი ქმედებების გარდა, ისინი სხვა რამეს ნორმალურად მიიჩნევენ, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვას, სკოლაში გამოცდების  დროს თაღლითობას ან პარტნიორის მოტყუებას“. ერთმა ახალგაზრდამ თქვა: „დიდად არ მაღელვებს, რა არის სწორი და რა — არასწორი“. ბევრს ასეთი დამოკიდებულება აქვს: „ისე მოიქეცი, როგორც გული გკარნახობს“. გონივრულია ასეთი აზროვნება?

ადამიანის გული, რომელსაც უდიდესი სიყვარული და თანაგრძნობა შეუძლია, ამავდროულად, „ვერაგი და უმართავია“ (იერემია 17:9). ამ სამწუხარო რეალობას ასახავს დღევანდელი საზოგადოება, რომელიც იცვლის ზნეობრივ ფასეულობებს. ეს რომ ასე მოხდებოდა, ბიბლიამ დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა: „ბოლო დღეებში . . . ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . ამპარტავნები . . . ორგულები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები . . . გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—5).

ამ რეალობამ უნდა აღგვძრას, საკუთარი გული გამოვიკვლიოთ და მას ბრმად არ ვენდოთ. ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ „საკუთარ გულზე დაიმედებული სულელია“ (იგავები 28:26). გულმა რომ არ გვიმტყუნოს, საჭიროა ხშირად შევამოწმოთ, რამდენად ღრმად გვაქვს გამჯდარი სწორი ფასეულობები. სად შეიძლება ასეთი ფასეულობების პოვნა? ბევრის აზრით, ბიბლიაში, რადგან სჯერათ, რომ ის ზუსტი და სანდოა.

ფასეულობები, რომლებსაც შეგვიძლია ვენდოთ

ბიბლიური ფასეულობებიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი სპეციალურად ადამიანებისთვის შეიქმნა. ვისაუბროთ ზოგიერთ მათგანზე: სიყვარულზე, სიკეთეზე, გულუხვობასა და პატიოსნებაზე.

„თუ სიყვარული ისწავლე, ბედნიერება უსათუოდ კარზე მოგიკაკუნებს“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Engineering Happiness—A New Approach for Building a Joyful Life). უდავოა, რომ ადამიანები სიყვარულს ვსაჭიროებთ. სიყვარულის გარეშე ვერ ვიქნებით ბედნიერები.

რას ამბობს ბიბლია. „შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14). ამ სიტყვების დამწერმა ასეთი რამეც თქვა: „სიყვარული [რომ] არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები“ (1 კორინთელები 13:2).

სიყვარული, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არც წმინდა სენტიმენტალურია და არც რომანტიკული. ეს ის სიყვარულია, რომელსაც პრინციპები მართავს. ამგვარი სიყვარული აღგვძრავს, გაჭირვებაში მყოფ უცნობ ადამიანს ანგარების გარეშე დავეხმაროთ. 1 კორინთელების 13:4—7-ში ვკითხულობთ: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს . . . ყველაფერს ითმენს“.

ოჯახში, სადაც ასეთი სიყვარულის ნაკლებობაა, ყველა ზარალობს, განსაკუთრებით  კი ბავშვები. ერთი ქალი, სახელად მონიკა, ბავშვობაში ფიზიკური, ემოციური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. „ვგრძნობდი, რომ არავის ვუყვარდი, ყველაფრის იმედი დავკარგე“, — ამბობს ის. 15 წლის ასაკში მონიკა საცხოვრებლად ბებიასთან და პაპასთან გადავიდა, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ.

„ორ წელიწადში ამ მორცხვ გოგონას მათ სიყვარული, სხვებზე ზრუნვა და ურთიერთობა ასწავლეს, — იხსენებს მონიკა. — ისინი დამეხმარნენ, თავი ღირსეულ ქალად მეგრძნო“. დღეს მონიკას ბედნიერი ოჯახი აქვს და მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად სხვებს სიყვარულს იმით უმტკიცებს, რომ მათ ბიბლიურ ცნობას უზიარებს.

სიყვარულს ფარული მტერიც ჰყავს. ეს არის სიმდიდრის სიყვარული. მატერიალური კეთილდღეობისა და სიამოვნების ძიება ბევრისთვის უმთავრეს ფასეულობად იქცა. თუმცა არაერთი კვლევიდან გამოჩნდა, რომ ადამიანს ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა ფული სჭირდება. ფაქტობრივად, ფულისა და ნივთების სიყვარულმა საბოლოოდ შეიძლება ბედნიერების ნაცვლად უბედურება მოგვიტანოს, რასაც ბიბლიაც ადასტურებს. ეკლესიასტეს 5:10-ში ვკითხულობთ: „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით. ესეც ამაოებაა“. ბიბლიაში ისიც წერია: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე“ (ებრაელები 13:5).

„რა კარგი იქნებოდა, მაღაზიაში ხანგრძლივი ბედნიერება რომ იყიდებოდეს, — ნათქვამია კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი, აშშ.) ბაზაზე არსებული სამეცნიერო ცენტრის მიერ გამოცემულ ერთ ჟურნალში. — ეს იდეა სულაც არ არის ისეთი არარეალური, როგორც ჟღერს, ოღონდ სხვებისთვის რამის ყიდვა არ უნდა დაგავიწყდეს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანს გაცემა უფრო მეტ ბედნიერებას ანიჭებს, ვიდრე მიღება.

რას ამბობს ბიბლია. „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

გაცემის და, ამავდროულად, სიამოვნების მომგვრელი საუკეთესო საშუალება საკუთარი დროისა და ენერგიის სხვისთვის დახარჯვაა. მაგალითად, ერთმა ქალმა, კარინამ, რომელიც იეჰოვას მოწმეა, შეამჩნია გაჩერებული მანქანა, რომელსაც კაპოტი ჰქონდა ახდილი. მანქანაში სამი ქალი ისხდა, დედა და ორი ქალიშვილი. დედას და მის ერთ ქალიშვილს აეროპორტში აგვიანდებოდათ, მაგრამ მანქანას ვერ ქოქავდნენ და ტაქსიც აგვიანებდა. კარინამ წაყვანა შესთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტი 45 წუთის სავალზე იყო. მათ სიხარულით მიიღეს შეთავაზება. კარინას ძალიან გაუხარდა, რომ მათი დახმარება შეძლო.

მწერალმა ჩარლზ უორნერმა დაწერა: „როცა სხვას გულწრფელად ვეხმარებით, ამ დროს საკუთარ თავსაც ვეხმარებით. ეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ჯილდოა“. ეს იმით აიხსნება, რომ ღმერთმა ადამიანები თავის მსგავსად შექმნა — ისინი მის ძვირფას თვისებებს  ირეკლავენ და მარტო საკუთარ თავზე არ ფიქრობენ (დაბადება 1:27).

პატიოსნება

. ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოებისთვის პატიოსნება უმთავრეს ეთიკურ ფასეულობად ითვლება. უპატიოსნება შიშსა და უნდობლობას წარმოშობს და ხრწნის საზოგადოებას.

რას ამბობს ბიბლია. „ვინ გესტუმრება [ღმერთო] კარავში?“. ის „ვინც უბიწოდ დადის . . . და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში“ (ფსალმუნი 15:1, 2). დიახ, ნამდვილი პატიოსნება, ზემოთ განხილულ სხვა თვისებებთან ერთად, პიროვნული თვისებაა. მას არ მართავს გარემო პირობები ან გამორჩენის სურვილი.

გავიხსენოთ ქრისტინა, რომელმაც ფულით სავსე ჩანთა იპოვა. მისი სურვილი არ იყო გამდიდრება. მას სურდა, ღვთისთვის ესიამოვნებინა. ამიტომ, როდესაც ფულის პატრონი დაბრუნდა, ქრისტინამ უთხრა, რომ მისი ფული იპოვა. ამ ქალის პატიოსნებამ არა მარტო ეს მამაკაცი, არამედ ქრისტინას დამსაქმებელიც გააოგნა, რომელმაც მოგვიანებით ის დააწინაურა და საწყობის მენეჯერად გადაიყვანა. მართლაც რომ ჭეშმარიტია 1 პეტრეს 3:10-ში ჩაწერილი სიტყვები: „ვისაც სიცოცხლე უყვარს და კარგი დღეების ნახვა სურს, ენა შეაკავოს . . . მზაკვრული ლაპარაკისგან“.

იარეთ „კარგი ადამიანების გზით“

ზნეობრივი ფასეულობები, რომლებსაც ბიბლიიდან ვსწავლობთ, ჩვენდამი ღვთის სიყვარულზე მოწმობს, რადგან ისინი გვეხმარება, ვიაროთ „კარგი ადამიანების გზით“ (იგავები 2:20; ესაია 48:17, 18). ჩვენ კი ღმერთს სიყვარულს იმით დავუმტკიცებთ, თუ მივყვებით მის ხელმძღვანელობას, რასაც დიდი კურთხევები მოაქვს. ბიბლია მოგვიწოდებს: „[ღვთის] გზა დაიცავი, ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე; დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“ (ფსალმუნი 37:34).

მართლაც, ბიბლიური პრინციპების დამცველთ საოცარი მომავალი ელით. ეს გახლავთ მშვიდობიანი ცხოვრება ბოროტებისგან გაწმენდილ დედამიწაზე. აშკარაა, რომ ბიბლიური ფასეულობები ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.