არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა

როგორ გამოვიყენოთ დრო გონივრულად

როგორ გამოვიყენოთ დრო გონივრულად

„ნეტა მეტი დრო მქონდეს“. რამდენჯერ გითქვამთ ეს სიტყვები? დრო ყველა ადამიანს თანასწორს ხდის, რადგან მდიდრებსა და ძალაუფლების მქონეთ ზუსტად იმავე რაოდენობის დრო აქვთ, რამდენიც ღარიბებსა და დაბალი ფენის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, დროის დაგროვება არც მდიდრებს შეუძლიათ და არც ღარიბებს. განვლილ დროს უკან ვეღარასოდეს დავაბრუნებთ. ამიტომ, გონივრული იქნება, თუ დროს სწორად გამოვიყენებთ. როგორ? განვიხილოთ ოთხი რჩევა, რაც ბევრს დაეხმარა დროის გონივრულად გამოყენებაში.

რჩევა 1: იყავით ორგანიზებული

პრიორიტეტის დადგენა. „დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“, — გვირჩევს ბიბლია (ფილიპელები 1:10). ფურცელზე ჩამოწერეთ იმ საქმეების სია, რის გაკეთებასაც თვლით მნიშვნელოვნად, სასწრაფოდ ან ორივეს ერთად. გახსოვდეთ, რომ ის, რაც მნიშვნელოვანია, მაგალითად, სადილისთვის პროდუქტების ყიდვა, შეიძლება სულაც არ იყოს სასწრაფო. ან ის, რაც სასწრაფო ჩანს, მაგალითად, იმაზე ფიქრი, რომ არ გამოგეპაროთ საყვარელი ტელეგადაცემა, შეიძლება სულაც არ იყოს მნიშვნელოვანი. *

წინასწარ ფიქრი. „თუ რკინის იარაღი დაბლაგვდა და კაცმა პირი არ გაულესა, მთელი ძალ-ღონის დახარჯვა მოუწევს. წარმატების მისაღწევად სიბრძნით მოქმედებას კარგი შედეგი მოაქვს“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 10:10-ში. რას ვსწავლობთ აქედან? წინასწარ დაგეგმვა დაგვეხმარება, რომ დრო ეფექტურად გამოვიყენოთ. გვერდზე გადადეთ ან შეამცირეთ ნაკლებად აუცილებელი საქმეები, რომლებიც მხოლოდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. თუ ატყობთ, რომ საქმე დროზე ადრე დაამთავრეთ, კარგი იქნება, მორჩენილი დრო შემდეგში გასაკეთებელი საქმისთვის გამოიყენოთ. წინასწარ ფიქრი დაგეხმარებათ, გაზარდოთ შრომის ნაყოფიერება ისე, როგორც გონიერ მუშას ეხმარება სამუშაო იარაღების წინასწარ გალესვა.

ცხოვრების გამარტივება. ისწავლეთ უარის თქმა ისეთ უმნიშვნელო რამეზე, რაც მხოლოდ დროს დაგაკარგვინებთ. მეტისმეტად ბევრი საქმე და დავალება სტრესს მოგიმატებთ და სიხარულს წაგართმევთ.

რჩევა 2: უფრთხილდით დროის ქურდებს

საქმის გაჯანჯლება და გაჭიანურება. „ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის“ (ეკლესიასტე 11:4). რას ვსწავლობთ აქედან? საქმის გაჯანჯლება დროისა და შრომის ნაყოფიერების ქურდია. მიწათმოქმედმა, რომელიც საუკეთესო ამინდს ელოდება, შეიძლება ვერასოდეს დათესოს თესლი და შესაბამისად, ვერაფერი მოიმკას. მსგავსადვე, რაღაც გაურკვევლობების გამო საქმე შეიძლება გაგვიჭიანურდეს. ან შეიძლება ვფიქრობთ, რომ უნდა მოვიცადოთ მანამ, სანამ არ გვეცოდინება ყველა დეტალი და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას კარგად გამოკვლევა და გაანალიზება სჭირდება. იგავების 14:15-ში ნათქვამია: „წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სინამდვილეში ბევრ გადაწყვეტილებას თავისებური გაურკვევლობები ახლავს (ეკლესიასტე 11:6).

მაქსიმალიზმი. „ზემოდან [ღვთისგან] მომავალ სიბრძნეს . . . ახასიათებს გონიერება“, — ნათქვამია იაკობის 3:17-ში. მაღალი სტანდარტებით ცხოვრება თავისთავად შესაქებია. მაგრამ ზოგჯერ საკუთარ თავს შეიძლება ისეთი სტანდარტები დავუდგინოთ, რომ იმედგაცრუებული დავრჩეთ და მარცხიც კი განვიცადოთ. მაგალითად, როცა ადამიანი, უცხო ენას სწავლობს, მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბევრ შეცდომას დაუშვებს, რადგან სწორედ შეცდომებზე სწავლობს. მაგრამ მაქსიმალისტი შიშობს, რამე შეცდომით არ თქვას. ეს კი ხელს უშლის პროგრესირებაში. რამდენად კარგი იქნებოდა თავმდაბლობა გამოგვევლინა და საკუთარი თავისგან მეტისმეტი არ მოგვეთხოვა. იგავების 11:2-ში ვკითხულობთ: „სიბრძნე კი მოკრძალებულებთანაა“. თავმდაბალ და მოკრძალებულ ადამიანს დიდი წარმოდგენა არა აქვს საკუთარ თავზე და შეუძლია თავის შეცდომებზე გაიცინოს.

„სინამდვილეში რაიმე ნივთში ფულს კი არ იხდი, არამედ დროს“ (What to Do Between Birth and Death).

რჩევა 3: იყავით გაწონასწორებული და რეალისტი

სამუშაოსა და დასვენების გაწონასწორება. „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6). მუშაობის მანიით შეპყრობილები ხშირად ვერ ასწრებენ, ისიამოვნონ თავიანთი გარჯის ნაყოფით. მათ ამისთვის არც დრო რჩებათ და არც ენერგია. ზარმაცებს კი პირიქით, ურჩევნიათ „ორი მუჭა“ დასვენება და დროის გაფლანგვა. ბიბლია მოგვიწოდებს, გვქონდეს გაწონასწორებული შეხედულება: იმუშავე და გაიხარე შენი შრომის ნაყოფით, რადგან „ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 5:19).

საკმარისი ძილი. „მშვიდად დავწვები და დავიძინებ“, — ნათქვამია ბიბლიაში (ფსალმუნი 4:8). ზრდასრულ ადამიანთა უმეტესობას დღე-ღამეში რვა საათი უნდა ეძინოს, რომ ფიზიკურად, ემოციურად და გონებრივად თავი კარგად იგრძნოს. ძილი, ასე ვთქვათ, დროის მომგებიანი დაბანდებაა, რადგან გვეხმარება კონცენტრაციის მოკრებასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში, რაც საერთო ჯამში, სწავლის უნარს გვივითარებს. უძილობა კი პირიქით, აქვეითებს სწავლის უნარს. გამოუძინებელი ადამიანი ადვილად ღიზიანდება, ბევრ შეცდომებს უშვებს და უბედური შემხთხვევის მსხვერპლიც უფრო ხშირად ხდება.

რეალური მიზნების დასახვა. „ჯობია თვალებით ხედავდე, ვიდრე სულის სურვილმა გატაროს“ (ეკლესიასტე 6:9). რას ნიშნავს ეს? ბრძენი ადამიანი საკუთარ სურვილებს — განსაკუთრებით არარეალურს ან ისეთს, რომლის დაკმაყოფილებაც შეუძლებელია — არ აძლევს თავისი ცხოვრების მართვის უფლებას. ამიტომ მას ვერ აცდუნებს ვერც მიმზიდველი რეკლამები და ვერც სწრაფი და მარტივი სესხები. პირიქით, ის სწავლობს, იყოს იმით კმაყოფილი, რისი მიღწევაც სინამდვილეში შეუძლია, ანუ რასაც „[საკუთარი] თვალებით ხედავს“.

რჩევა 4: იხელმძღვანელეთ სწორი ფასეულობებით

გადახედეთ თქვენს ფასეულობებს. ადამიანი თავისი ფასეულობებით საზღვრავს, რა არის კარგი, მნიშვნელოვანი და ღირებული. სწორი ფასეულობები დაგვეხმარება ღირებული პრიორიტეტების დადგენასა და ყოველი დღის, ყოველი საათის, საუკეთესოდ გამოყენებაში. სად შეგვიძლია ასეთი ფასეულობების პოვნა? ბევრი ამისთვის ბიბლიას მიმართავს, რადგან იციან, რომ ის აღმატებული სიბრძნის წყაროა (იგავები 2:6, 7).

უმთავრეს ფასეულობად სიყვარული გაიხადეთ. სიყვარული „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“, — ნათქვამია კოლოსელების 3:14-ში. სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ნამდვილი ბედნიერებისა და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება, განსაკუთრებით ოჯახში. ისინი, ვინც ამ ფაქტს უარყოფენ და უპირატესობას სიმდიდრესა და კარიერას ანიჭებენ, სინამდვილეში, დროს უბედურებისთვის აბანდებენ. სწორედ ამიტომ, ბიბლია სიყვარულს უმთავრეს ფასეულობად მიიჩნევს და მას ძალიან ხშირად მოიხსენიებს (1 კორინთელები 13:1—3; 1 იოანე 4:8).

დრო დაუთმეთ სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ერთ მამაკაცს, სახელად ჯეფს, მოსიყვარულე ცოლი, ორი შვილი და კარგი მეგობრები ჰყავდა. სამუშაოც მაღალანაზღაურებადი ჰქონდა. ის მაშველად მუშაობდა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევდა დაზარალებულებს. ჯეფი ხშირად გამხდარა ადამიანთა ტანჯვისა და სიკვდილის მომსწრე. „ნუთუ ეს არის ჩვენი ცხოვრება?“ — ხშირად ფიქრობდა ის. ერთხელაც მან წაიკითხა იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული რამდენიმე ბიბლიური ლიტერატურა და იპოვა პასუხები თავის კითხვებზე.

ჯეფმა თავის ცოლ-შვილს მოუყვა, რაც წაიკითხა და ისინიც დაინტერესდნენ. ასე დაიწყო ჯეფის ოჯახმა ბიბლიის შესწავლა, რამაც უფრო გაამდიდრა მათი ცხოვრება. ეს მათ დროის უფრო გონივრულად გამოყენებაშიც დაეხმარა. ბიბლიის შესწავლით მათ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედიც ჩაესახათ, სადაც აღარ იქნება ამაოება და ტანჯვა (გამოცხადება 21:3, 4).

ჯეფის შემთხვევა გვახსენებს იესო ქრისტეს სიტყვებს: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). გსურთ, ცოტა დრო გამოყოთ სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად? დარწმუნებული იყავით, რომ დროის სხვაგან დაბანდება ვერ შეგძენთ ისეთ სიბრძნეს, რომელიც დაგეხმარებათ საუკეთესოდ გამოიყენოთ არა მხოლოდ ყოველი დღე, არამედ მთელი ცხოვრება.

^ აბზ. 5 იხილეთ 2010 წლის აპრილის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, სტატია „20 რჩევა დროის დასაზოგად“.