არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წარსულის სახეები

კონსტანტინე

კონსტანტინე

კონსტანტინე რომის პირველი იმპერატორი გახლდათ, რომელიც თავს ქრისტიანად აცხადებდა. მან უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ისტორიაზე. ერთ დროს დევნილი რელიგიის აღიარებით, მან ყველა პირობა შექმნა საიმისოდ, რომ ჩამოყალიბებულიყო ქრისტიანული სამყარო. ამგვარად ეგრეთ წოდებული ქრისტიანობა იქცა „უძლიერეს სოციალურ და პოლიტიკურ ძალად“, რომელიც ცვლიდა ისტორიას, — აღნიშნულია „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“.

რატომ უნდა იპყრობდეს დღეს ჩვენს ყურადღებას ძველი რომის იმპერატორი? თუ დაინტერესებული ხართ ქრისტიანული რელიგიით, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ კონსტანტინეს პოლიტიკური და რელიგიური მანევრები დღემდე ახდენს გავლენას მრავალი ეკლესიის სწავლებებსა და წეს-ჩვეულებებზე. ვნახოთ, როგორ.

ეკლესიების ლეგალიზება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება

როცა ახ. წ. 313 წელს კონსტანტინე დასავლეთ რომის იმპერიაზე ბატონობდა, აღმოსავლეთში ლიცინიუსი და მაქსიმინუსი მმართველობდნენ. კონსტანტინემ და ლიცინიუსმა ყველა სარწმუნოებას, მათ შორის ქრისტიანებს, თაყვანისცემის თავისუფლება და თანაბარი უფლებები მიანიჭეს. კონსტანტინე თავგამოდებით იცავდა ქრისტიანობას, რადგან სჯეროდა, რომ ამ რელიგიას შეეძლო მისი იმპერიის გაერთიანება. *

კონსტანტინეს ძალიან აშინებდა ის, რომ უთანხმოებების გამო ეკლესიები დაყოფილი იყო. ამიტომ კონსენსუსისთვის რომ მიეღწია, ფიქრობდა, შეექმნა „სწორი“ მოძღვრება და მისთვის კანონიერი სახე მიეცა. იმპერატორის კეთილგანწყობა რომ მოეპოვებინათ, ეპისკოპოსები და ისინი, ვინც გათავისუფლებულნი იყვნენ გადასახადებისგან და მისი მფარველობით სარგებლობდნენ, დათმობაზე მიდიოდნენ. ისტორიკოსი ჩარლზ ფრიმენი წერს: «„სწორი“ ქრისტიანული მოძღვრების მიღება ნაკლებად გახლდათ რელიგიური საკითხი; საქმე დიდი ფულისა და ძალაუფლების მოპოვებას ეხებოდა». ამგვარად, სამღვდელოება ძლიერ ფიგურად იქცა ქვეყნიურ საქმეებში. კონსტანტინეს სახით, „ეკლესიას არა მარტო მფარველი გამოუჩნდა, არამედ ბატონიც“, — აღნიშნავს ისტორიკოსი არნოლდ მარტინ ჯონსი.

„ეკლესიას არა მარტო მფარველი გამოუჩნდა, არამედ ბატონიც“ (ისტორიკოსი არნოლდ მარტინ ჯონსი).

ახალი რელიგიის ჩამოყალიბება

ეპისკოპოსებთან ალიანსის შედეგად კონსტანტინემ ჩამოაყალიბა რელიგია, რომელიც ნაწილობრივ ქრისტიანული იყო, ნაწილობრივ — წარმართული. სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან იმპერატორის მიზანი იყო რელიგიური პლურალიზმი და არა ჭეშმარიტი რელიგიის დაფუძნება. ბოლოს და ბოლოს ის ხომ წარმართული იმპერიის მმართველი იყო. ორივე რელიგიისთვის რომ ესიამოვნებინა, იმპერატორი „შეგნებულად ორაზროვნად მოქმედებდა, როგორც ზოგად, ისე პოლიტიკურ საქმეებში“, — დაწერა ერთმა ისტორიკოსმა.

კონსტანტინე ერთდროულად ქრისტიანობის დამცველადაც გამოდიოდა და წარმართობასაც ეჭიდებოდა. მაგალითად, ის მიმართავდა ასტროლოგიასა და მკითხაობას, რასაც ბიბლია განსჯის (კანონი 18:10—12). რომში კონსტანტინეს თაღზე ასახულია, როგორ სწირავს ის მსხვერპლს წარმართულ ღვთაებებს. მის დროს მოჭრილ ფულის მონეტებზე გამოსახული იყო მზის ღმერთი, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ კონსტანტინე კვლავაც პატივს მიაგებდა მზის ღმერთს და მისი კულტის გავრცელებას უწყობდა ხელს. სიცოცხლის ბოლო წლებში მან ხალხს იმის ნებაც კი დართო, რომ იტალიის პატარა ქალაქ უმბრიაში მისთვის და მისი ოჯახისთვის ტაძარი აეშენებინათ და იქ მღვდლები დაენიშნათ.

კონსტანტინე „ქრისტიანად“ ახ. წ. 337 წელს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მოინათლა. ბევრი სწავლულის აზრით, ნათლობისგან თავს იმიტომ იკავებდა, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა შეენარჩუნებინა, როგორც ქრისტიანებისგან, ისე წარმართებისგან. მისი ცხოვრება და სიკვდილის წინა დღეებში ნათლობა უდავოდ ბადებს კითხვებს, რამდენად გულწრფელად სწამდა მას ქრისტე. თუმცა ერთი რამ ცხადია: ეკლესია, რომელიც კონსტანტინემ ლეგიტიმურად ცნო, გახდა ძლიერი პოლიტიკური და რელიგიური ძალა, რომელმაც ზურგი აქცია ქრისტეს და შეიყვარა ქვეყნიერება. იესომ კი თავის მიმდევრებზე თქვა: „ისინი . . . არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:14). ამ ეკლესიიდან, რომელიც თავიდანვე ქვეყნიერების ნაწილი გახდა, გავრცელდა უამრავი მიმდინარეობა.

რას ნიშნავს ყოველივე ეს ჩვენთვის? იმას, რომ არც ერთი ეკლესიის სწავლებები ბრმად არ უნდა ვირწმუნოთ. აუცილებლად უნდა შევამოწმოთ, ეთანხმებიან თუ არა ისინი ბიბლიას (1 იოანე 4:1).

^ აბზ. 6 კონსტანტინეს, როგორც ქრისტიანის, გულწრფელობა დავის საგანი გახდა, თუნდაც იმიტომ რომ, ის „მმართველობის ბოლომდე აშკარად მხარს უჭერდა წარმართული კულტების თაყვანისცემას“, აღნიშნულია ერთ ნაშრომში (Constantine the Great — The Man and His Times)