არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წარსულის სახეები

იბნ ალ-ჰაისამი

იბნ ალ-ჰაისამი

ალბათ, ბევრი არაფერი გსმენიათ აბუ ალი იბნ ალ-ჰაისამის შესახებ. მიუხედავად ამისა, მის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და დღემდე სიკეთე მოაქვს ჩვენთვის. ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წამყვანი მეცნიერის სახელით შევიდა.

იბნ ალ-ჰაისამი დაახლოებით ახ. წ. 965 წელს დაიბადა ქალაქ ბასრაში (დღევანდელი ერაყის ტერიტორია). მისი ინტერესის სფერო მოიცავდა ასტრონომიას, მათემატიკას, მედიცინას, მუსიკას, ოპტიკას, პოეზიას, ფიზიკასა და ქიმიას. განსაკუთრებით რისთვის უნდა ვუმადლოდეთ მას?

კაშხალი ნილოსზე

ამბავი კაშხლის შესახებ, რომლის აგებასაც იბნ ალ-ჰაისამი მდინარე ნილოსზე გეგმავდა, საუკუნეების მანძილზე ხალხიდან ხალხში გადადიოდა. ამ იდეას მხოლოდ 1902 წელს, თითქმის 1 000 წლის შემდეგ, შეესხა ხორცი ქალაქ ასუანში.

ისტორიიდან ვიგებთ, რომ იბნ ალ-ჰაისამს ჰქონდა ამბიციური გეგმა, მდინარე ნილოსის წყლის დონის დასარეგულირებლად აეგო კაშხალი, რაც ეგვიპტეს წყალდიდობას აარიდებდა თავიდან, გვალვის დროს კი — წყლის დეფიციტს. როდესაც ამის შესახებ კაიროს მმართველმა, ხალიფ ალ-ფატიმამ, შეიტყო, იბნ ალ-ჰაისამი კაშხლის ასაგებად ეგვიპტეში მიიწვია. მაგრამ, როცა ამ უკანასკნელმა მდინარე ნილოსი საკუთარი თვალით იხილა, მიხვდა, რომ ამ იდეის განხორციელება მის ძალებს აღემატებოდა. იცოდა რა, რომ ამ ფიცხი და არამდგრადი მმართველის სასჯელს ვერ ასცდებოდა, თავი მოიგიჟიანა. იგი 1021 წლამდე, ალ-ფატიმას სიკვდილამდე, დაახლოებით 11 წელი შიდა პატიმრობაში იმყოფებოდა. ასე რომ, საკმაო დრო ჰქონდა საიმისოდ, რომ სხვა საინტერესო საკითხებიც ეკვლია.

ნაშრომი ოპტიკაში

იმ დროისთვის, როცა იბნ ალ-ჰაისამი გაათავისუფლეს, მას თითქმის უკვე დასრულებული ჰქონდა 7-ტომიანი ნაშრომი ოპტიკის შესახებ, რომელიც ფიზიკის დარგში „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომადაა აღიარებული“. ამ კრებულში მან აღწერა სინათლის ბუნება, მათ შორის სინათლის სპექტრის დაშლა ფერად სხივებად, სინათლის სხივის არეკვლა სარკის ზედაპირიდან და სინათლის სხივის გარდატეხა ერთი გარემოდან მეორეში გადასვლის დროს. მან აგრეთვე შეისწავლა თვალის ვიზუალური აღქმა, ანატომია და მხედველობის მექანიზმები.

მე-13 საუკუნისთვის ეს ნაშრომი უკვე ნათარგმნი იყო არაბულიდან ლათინურზე. მას შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ევროპელი მეცნიერები ამ ნაშრომით ხელმძღვანელობდნენ. იბნ ალ-ჰაისამის ჩანაწერები სხვადასხვა ლინზის თვისებების შესახებ ძირითადი სახელმძღვანელო აღმოჩნდა ევროპელი სათვალის შემქნელებისთვის, რომლებმაც ლინზების შესაბამისი განლაგებით შექმნეს ტელესკოპი და მიკროსკოპი.

კამერა-ობსკურა

იბნ ალ-ჰაისამმა ააგო პირველი კამერა-ობსკურა ანუ ბნელი ოთახი, რომელშიც ქინძისთავის ზომის ნახვრეტიდან სინათლის სხივი შედიოდა და მოპირდაპირე კედელზე ჩნდებოდა ოთახის გარეთ არსებული საგნის ამოტრიალებული გამოსახულება. ამგვარად მან აღმოაჩინა ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად დაედო ფოტოგრაფიას.

პირველი კამერა-ობსკურა, სავარაუდოდ, ალ-ჰაისამმა ააგო

მე-19 საუკუნეში კამერა-ობსკურა ფოტოფირფიტებით აღჭურვეს, რომლებზეც გამოსახულება აღიბეჭდებოდა. ასე შეიქმნა ფოტოაპარატი. სინამდვილეში თანამედროვე ფოტოაპარატები და თვით ადამიანის თვალიც კი იმავე პრინციპებით ფუნქციონირებს, რომლებითაც კამერა-ობსკურა ფუნქციონირებდა. *

სამეცნიერო კვლევის მეთოდი

ალ-ჰაისამი იმით გამოირჩეოდა, რომ ზედმიწევნით და სისტემატურად იკვლევდა ბუნებრივ მოვლენებს. იმ დროისთვის ასეთი მიდგომა მეტად უჩვეულო იყო. ის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო, ვინც ამა თუ იმ თეორიის დასამტკიცებლად ცდებს ატარებდა. მას არ ეშინოდა, რომ საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებები ეჭვქვეშ დაეყენებინა, თუ მათ დასასაბუთებლად მტკიცებულებები არ არსებობდა.

თანამედროვე მეცნიერებს ასეთი დევიზი აქვთ: „დაამტკიცე, რისიც გჯერა!“. ზოგის აზრით, ალ-ჰაისამი იყო „თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ფუძემდებელი“. ასე რომ, არაერთი მიზეზი გვაქვს, ვუმადლოდეთ მას.

^ აბზ. 13 ევროპასა და ამერიკაში ბოლომდე არ ესმოდათ, რა მსგავსება იყო კამერა-ობსკურასა და მხედველობით ორგანოს შორის, ვიდრე ამ საკითხს მე-17 საუკუნეში იოჰანეს კეპლერმა არ მოჰფინა ნათელი.