არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲠᲐ ᲨᲔᲣᲛᲡᲣᲑᲣᲥᲔᲑᲡ ᲛᲒᲚᲝᲕᲘᲐᲠᲔᲔᲑᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲡ?

როგორ აისახება ადამიანზე ახლობლის სიკვდილი?

როგორ აისახება ადამიანზე ახლობლის სიკვდილი?

ზოგი სპეციალისტის აზრით, გლოვა სხვადასხვა ფაზად იყოფა, თუმცა ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თავისებურად გლოვობს. ნიშნავს ეს იმას, რომ ზოგი ნაკლებად განიცდის ან თავის გრძნობებს თრგუნავს? რასაკვირველია, არა. როცა ადამიანი თვალს უსწორებს რეალობას და გამოხატავს მწუხარებას, ამან შეიძლება გარკვეულწილად შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც ყველამ ერთნაირად იგლოვოს. ბევრი რამ დამოკიდებულია კულტურაზე, პიროვნულ თვისებებზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე და აგრეთვე იმაზე, თუ როგორ და რა ვითარებაში დაიღუპა ადამიანი.

ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲐᲓ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲒᲐᲛᲫᲐᲤᲠᲓᲔᲡ ᲢᲙᲘᲕᲘᲚᲘ?

ხშირად ჭირისუფლებს წარმოდგენა არა აქვთ, როგორ შეიძლება აისახოს მათზე ახლობლის სიკვდილი. როგორც ქვემოთ დავინახავთ, ასეთ დროს ბუნებრივია, ადამიანს მწვავე განცდები დაეუფლოს და გარკვეული სირთულეების წინაშე დადგეს.

მწვავე განცდები. ამ დროს ადამიანი შეიძლება უცაბედად ატირდეს, ძლიერი მონატრება იგრძნოს და უეცრად გუნება-განწყობილება შეეცვალოს. შესაძლოა ეს გრძნობები კიდევ უფრო გაამძაფროს ახლობლის სიზმარში ნახვამ ან მასთან დაკავშირებულმა მოგონებებმა. თუმცა ხშირ შემთხვევაში თავდაპირველად ადამიანი შოკში ვარდება და თვალს ვერ უსწორებს რეალობას. ტინა იხსენებს, თუ რა დაემართა, როცა მისი ქმარი ტიმო მოულოდნელად დაიღუპა: „თავიდან ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც კი ვტიროდი. დარდმა იმდენად მშთანთქა, რომ ზოგჯერ სუნთქვაც კი მიჭირდა. ვერ ვიჯერებდი იმას, რაც მოხდა“.

ბრაზი, დარდი, დანაშაულის გრძნობა. „ჩვენი 24 წლის ვაჟის, ერიკის სიკვდილის შემდეგ რაღაც პერიოდი მე და ჩემი ცოლი იოლანდა ბრაზს ვერ ვიოკებდით, — იხსენებს ივანი. — ჩვენი რეაქციის ჩვენ თვითონვე გვიკვირდა, რადგან ბრაზიანები არასდროს ვყოფილვართ. დანაშაულის გრძნობაც მოსვენებას გვიკარგავდა, ვაითუ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო ჩვენი შვილის დასახმარებლად“. დანაშაულის გრძნობა ალეხანდროსაც აწუხებდა, რომლის ცოლიც დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ დაიღუპა. ის ამბობს: „ვინაიდან ღმერთმა დაუშვა, რომ ასე მეტანჯა, დავასკვენი, რომ ძალიან ცუდი ადამიანი ვიყავი. შემდეგ კი თავის დადანაშაულება დავიწყე, მომხდარში ღმერთს რომ დავდე ბრალი“. წინა სტატიაში მოხსენიებულმა კოსტასმა თქვა: „რამდენჯერმე გავბრაზდი კიდეც სოფიაზე, რომ დამტოვა. შემდეგ ამის გამო თავს ვიდანაშაულებდი — ბოლოს და ბოლოს მისი ბრალი ხომ არ იყო, რომ მოკვდა“.

საღი აზროვნების დაქვეითება. დროდადრო მგლოვიარეს შესაძლოა უცნაური ფიქრები მოეძალოს. მაგალითად, მას შეიძლება მოელანდოს გარდაცვლილი, მისი ხმა მოესმას ან ისეთი შეგრძნება დაეუფლოს, თითქოს მის გვერდითაა. გარდა ამისა, შესაძლოა გაუჭირდეს კონცენტრირება ან რაღაცის დამახსოვრება. ტინა იხსენებს: „შუა საუბარში აღმოვაჩენდი ხოლმე, რომ გონებით სხვაგან ვიყავი. სულ ტიმოს სიკვდილის გარშემო ტრიალებდა ჩემი ფიქრები. ძალიან ვიტანჯებოდი იმის გამო, რომ გონება მეფანტებოდა“.

განმარტოების სურვილი. მგლოვიარემ ზოგჯერ სხვების გარემოცვაში შეიძლება უხერხულად იგრძნოს თავი ან გაღიზიანდეს კიდეც. კოსტასმა თქვა: „წყვილების გვერდით თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ზედმეტი ვიყავი, თუმცა დაუქორწინებლებთანაც ვერ ვპოულობდი საერთოს“. ივანის ცოლი იოლანდა იხსენებს: „ძალიან მიჭირდა მათთან ურთიერთობა, ვინც საკუთარ პრობლემებზე მელაპარაკებოდა; რა მოსატანი იყო ჩვენს პრობლემებთან მათი პრობლემები! იყვნენ ისეთებიც, ვინც თავიანთი შვილების წარმატებებზე გვესაუბრებოდა. მართალია, ვიზიარებდი მათ სიხარულს, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მიჭირდა მათი მოსმენა. მე და ჩემს მეუღლეს კი გვესმოდა, რომ ცხოვრება გრძელდება, მაგრამ არც ძალა გვქონდა და არც სურვილი, შევგუებოდით ჩვენს მდგომარეობას“.

ჯანმრთელობის პრობლემები. ხშირად მგლოვიარეებს უმადობა ახასიათებთ ან მეტისმეტად ბევრს ჭამენ, წონაში იკლებენ ან იმატებენ და ძილის დარღვევები აქვთ. აარონი ამბობს, რომ მამამისის სიკვდილის შემდეგ ერთი წლის მანძილზე ძილი ჰქონდა დარღვეული. ყოველ ღამით ერთსა და იმავე დროს ეღვიძებოდა და მოსვენებას უკარგავდა იმაზე ფიქრი, რომ მამა ხელიდან გამოეცალა.

ალეხანდროს ეგონა, რომ ჯანმრთელობა შეერყა, რადგან უჩვეულო სიმპტომები აღენიშნებოდა. ის ამბობს: „რამდენჯერმე ექიმს გავესინჯე, მაგრამ ყველაფერი რიგზე მქონდა. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ასეთი უჩვეულო სიმპტომები მეუღლის სიკვდილით იყო გამოწვეული“. ბოლოს ეს სიმპტომები სადღაც გაქრა. და მაინც, ალეხანდრო გონივრულად მოიქცა, რომ ექიმს მიმართა. გლოვის დროს ადამიანს შეიძლება იმუნური სისტემა დაუქვეითდეს, ჯანმრთელობის პრობლემა გაუმწვავდეს ან ახალმა პრობლემამ იჩინოს თავი.

უჭირთ ელემენტარული საქმეების კეთება. ივანი ჰყვება: „ერიკის სიკვდილის ამბავი არა მხოლოდ ნათესავებისა და მეგობრებისთვის უნდა შეგვეტყობინებინა, არამედ სხვებისთვისაც, მათ შორის დამსაქმებლისა და ბინის მეპატრონისთვის. ამასთან, არაერთი საბუთი უნდა მოგვემზადებინა. შემდეგ ერიკის ნივთები უნდა დაგვეხარისხებინა. ამ ყველაფრისთვის კი საჭირო იყო კონცენტრირება, არადა იმ დროს გონებრივად, ფიზიკურად და ემოციურად ძალიან გადაღლილები ვიყავით“.

ზოგს მძიმე პერიოდი მაშინ უდგება, როცა ისეთ საქმეებს უნდა მოჰკიდონ ხელი, რომელთაც ერთ დროს მათი ახლობელი აკეთებდა. სწორედ ასე მოხდა ტინას შემთხვევაში. ის ამბობს: „ჩვენს ოჯახში ფინანსურ საკითხებს ტიმო აგვარებდა. ახლა უკვე ეს ჩემი პასუხისმგებლობა გახდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დამიმძიმა. მაფიქრებდა, შევძლებდი კი ამ ყველაფრისთვის თავის გართმევას“.

ზემოხსენებული პრობლემების ფონზე შეიძლება ყველაფერი შავბნელ ფერებში დაინახოთ. მართალია, საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი შეიძლება გაუსაძლისი იყოს, მაგრამ წინასწარ ამის ცოდნა შესაძლოა დაგეხმაროთ ტკივილის ატანაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არც ისე დიდი ხნის წინ დაგეღუპათ ახლობელი. გახსოვდეთ ისიც, რომ აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც ყველას ის დაემართოს, რაც ზემოთ მოვიხსენიეთ. მეტიც, მგლოვიარეებს შეიძლება ანუგეშოს იმის ცოდნამ, რომ გლოვის დროს სავსებით ბუნებრივია, მწვავე განცდები დაეუფლოთ.

ᲝᲓᲔᲡᲛᲔ ᲓᲐᲛᲘᲑᲠᲣᲜᲓᲔᲑᲐ ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ?

რას უნდა ელოდეთ. ძლიერი ტკივილი ნელ-ნელა დაგიცხრებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე გაიყუჩებთ ტკივილს და არასდროს გაიხსენებთ საყვარელ ადამიანს. მაგრამ დროთა განმავლობაში ტკივილი დაგიამდებათ და უწინდებურად მწვავე აღარ იქნება. თუმცა წარსულის მოგონებებმა ან, მაგალითად, ქორწინებისა თუ სიკვდილის წლისთავმა შეიძლება ეს ტკივილი უეცრად განგიახლოთ. უმეტეს შემთხვევაში ადამიანებს შეუძლიათ აღიდგინონ ემოციური წონასწორობა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. ამაში კი მათ ხელს უწყობს გონივრული ნაბიჯების გადადგმა და ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების მხარდაჭერა.

რამდენ ხანს გასტანს ტკივილი? ზოგი რამდენიმე თვეში გრძნობს შვებას. ბევრისთვის კი, მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს, ერთი ან ორი წელია საჭირო. ზოგს უფრო მეტი დრო სჭირდება *. ალეხანდრო ამბობს, რომ მას დაახლოებით სამი წელი დასჭირდა, რომ ცოტა შვება ეგრძნო.

ბევრს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს. ნუ იწუხებთ ხვალინდელ დღეზე, თქვენივე ტემპით განაგრძეთ ცხოვრება და გახსოვდეთ, რომ ახლობლის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი სამუდამოდ არ გასტანს. მაგრამ შეგიძლიათ დღესვე შეიმსუბუქოთ მდგომარეობა ან რამე იღონოთ იმისთვის, რომ გლოვის პერიოდმა მეტისმეტად დიდხანს არ გასტანოს?

სავსებით ბუნებრივია, მგლოვიარეს მწვავე განცდები დაეუფლოს.

^ აბზ. 17 იშვიათ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება იმდენ ხანს და ისე ინტენსიურად გლოვობდეს, რომ ამან ქრონიკული ხასიათი შეიძინოს. ასეთებს შეიძლება ფსიქიატრის ან ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდეთ.