არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 6

კარგი შვილი და ცუდი შვილი

კარგი შვილი და ცუდი შვილი

შეხედე, კაენი და აბელი უკვე დიდები არიან. კაენი მიწათმოქმედი გახდა. მას მოჰყავდა მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული.

აბელი მეცხვარე გახდა. მას უყვარდა ბატკნები და ზრუნავდა მათზე. ისინი გაიზარდნენ და მალე აბელს დიდი ფარა ჰყავდა.

ერთ დღეს კაენმა და აბელმა შესაწირავი მიუტანეს ღმერთს. კაენმა თავისი ბაღის ნაყოფი მიუტანა, აბელმა კი — საუკეთესო ცხვარი. იეჰოვას მოეწონა აბელი და მისი შესაწირავი, კაენი და მისი შესაწირავი კი არა. იცი, რატომ?

არა მხოლოდ იმიტომ, რომ აბელის შესაწირავი კაენისას სჯობდა, არამედ იმიტომაც, რომ აბელი კარგი ადამიანი იყო. მას უყვარდა იეჰოვა და თავისი ძმა, კაენი კი ბოროტი იყო და არ უყვარდა თავისი ძმა.

ღმერთმა უთხრა კაენს, რომ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ კაენმა არ მოუსმინა. ის გაბრაზებული იყო, რომ ღმერთს აბელი უფრო მოსწონდა. ერთხელ კაენმა უთხრა აბელს: „წამო, მინდორში წავიდეთ“. როცა მარტონი იყვნენ, კაენმა ისე მაგრად დაარტყა თავის ძმას, რომ მოკლა. რა საშინელებაა, არა?!

აბელი მოკვდა, მაგრამ ღმერთს დღესაც ახსოვს ის. იეჰოვა არასოდეს ივიწყებს ასეთ კარგ ადამიანებს. ერთ მშვენიერ დღეს ის გააცოცხლებს აბელს, რომელიც აღარასოდეს მოკვდება და მარადიულად იცხოვრებს დედამიწაზე. რა საინტერესო იქნება აბელის გაცნობა, არა?!

ღმერთს არ მოსწონს კაენის მსგავსი ადამიანები. მან დასაჯა კაენი ძმის მკვლელობისთვის და ოჯახიდან შორს გააძევა. კაენი სხვა მხარეში გადავიდა საცხოვრებლად და თან წაიყვანა თავისი ერთ-ერთი და, რომელიც მისი ცოლი გახდა.

კაენსა და მის ცოლს ბავშვები შეეძინათ. ადამისა და ევას სხვა შვილებიც დაქორწინდნენ და მათაც ეყოლათ ბავშვები. მალე დედამიწაზე ადამიანები გამრავლდნენ. მოდი გავიცნოთ ზოგიერთი მათგანი.