არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 11

პირველი ცისარტყელა

პირველი ცისარტყელა

იცი, რა გააკეთა ნოემ, როცა ოჯახთან ერთად კიდობნიდან გამოვიდა? მან შესაწირავი ანუ ძღვენი მიუტანა ღმერთს. ამის ნახვა ქვემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლია. მან მადლიერების ნიშნად ცხოველები შესწირა, რადგან ღმერთმა მისი ოჯახი წარღვნის დროს გადაარჩინა.

როგორ ფიქრობ, მოეწონა იეჰოვას ეს ძღვენი? რა თქმა უნდა. ის დაჰპირდა ნოეს, რომ წარღვნით აღარასოდეს გაანადგურებდა ქვეყნიერებას.

მალე მიწა გაშრა და ნოემ ოჯახთან ერთად კიდობნის გარეთ დაიწყო ცხოვრება. ღმერთმა აკურთხა ისინი და უთხრა: ‘იყოლიეთ შვილები, გამრავლდით და მთელი დედამიწის ზურგზე დასახლდით’.

იმ ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით გაიგებდნენ წარღვნის შესახებ, შეიძლება შეშინებოდათ, რომ მსგავსი რამ განმეორდებოდა. ამიტომ ღმერთმა ადამიანებს ნიშანი მისცა, რითაც შეახსენებდა მათ, რომ დედამიწას აღარასოდეს გაანადგურებდა წარღვნით. იცი, რა იყო ეს ნიშანი? ცისარტყელა.

ცაზე ცისარტყელა მაშინ ჩნდება, როცა წვიმის შემდეგ მზე გამოანათებს ხოლმე. ცისარტყელას ლამაზი ფერები აქვს. გინახავს ის? ხედავ ცისარტყელას ამ სურათზე?

ღმერთმა თქვა: ‘გპირდებით, რომ ადამიანებსა და ცხოველებს აღარასოდეს გავანადგურებ წარღვნით. გამოვაჩენ ჩემს ცისარტყელას ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ ჩემს დაპირებას’.

რა გაგახსენდება ამის შემდეგ ცისარტყელას დანახვაზე? მართალი ხარ, გაგახსენდება ღვთის დაპირება, რომ აღარასოდეს გაანადგურებს ქვეყნიერებას წარღვნით.