არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 13

ღვთის მეგობარი აბრაამი

ღვთის მეგობარი აბრაამი

წარღვნის შემდეგ ხალხი ქალაქ ურშიც დასახლდა. ის მდიდარი და კეთილმოწყობილი ქალაქი გახდა. მაგრამ ბაბილონელების მსგავსად ხალხი იქ ცრუღმერთებს სცემდა თაყვანს. ურისა და ბაბილონის მცხოვრებლებისგან განსხვავებით, ნოე და მისი ვაჟი, სემი იეჰოვას ემსახურებოდნენ.

ბოლოს, წარღვნიდან 350 წლის შემდეგ, ერთგული ნოე მოკვდა. მისი სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ დაიბადა კაცი, რომელსაც სურათზე ხედავ. ღმერთს ძალიან უყვარდა ის. მას აბრაამი ერქვა. აბრაამიც ოჯახთან ერთად ქალაქ ურში ცხოვრობდა.

ერთ დღეს იეჰოვამ უთხრა აბრაამს: ‘დატოვე ური და შენი ნათესავები, და წადი იმ ქვეყანაში, სადაც მე გეტყვი’. დაემორჩილა აბრაამი ღმერთს? დატოვა მან კეთილმოწყობილი სახლ-კარი? დიახ. აბრაამი ყოველთვის ემორჩილებოდა ღმერთს, ამიტომ ღმერთმა მას მეგობარი უწოდა.

აბრაამსა და მის ცოლს, სარას ნათესავებიც გაჰყვნენ. მათთან ერთად წავიდნენ აბრაამის მამა თერახი და ძმისშვილი ლოტი. ისინი მივიდნენ ხარანში, სადაც თერახი მოკვდა. ხარანი ურიდან ძალიან შორს იყო.

ცოტა ხანში აბრაამმა თავის სახლეულობასთან ერთად დატოვა ხარანი და ქანაანის მიწაზე მივიდა. იქ იეჰოვამ უთხრა აბრაამს: ‘შენს შვილებს მივცემ ამ მიწას’. აბრაამი ქანაანში დარჩა და კარვებში ცხოვრობდა.

ღვთის დახმარებით აბრაამს უამრავი ცხვარ-ძროხა და ასობით მსახური ჰყავდა, თუმცა სარასა და აბრაამს შვილი არ ჰყავდათ.

როცა აბრაამი 99 წლისა იყო, იეჰოვამ უთხრა: ‘გპირდები, რომ უამრავი ერის მამა გახდები’. მაგრამ აბრაამი და სარა ხომ უკვე მოხუცებულები იყვნენ იმისთვის, რომ შვილი ჰყოლოდათ?!