არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 15

ლოტის ცოლი

ლოტის ცოლი

ლოტი და მისი ოჯახი აბრაამთან ერთად ქანაანის მიწაზე ცხოვრობდა. ერთ დღეს აბრაამმა უთხრა ლოტს: ‘საქონლისთვის მიწა არ გვყოფნის. მოდი გავიყაროთ. თუ შენ ერთ მხარეს წახვალ, მე მეორე მხარეს წავალ’.

ლოტმა გადახედა იქაურობას და აირჩია იორდანის წყალუხვი მხარე, სადაც კარგი საძოვრები იყო. ლოტი მთელი თავისი ოჯახითა და საქონლით იქ გადავიდა საცხოვრებლად. ბოლოს ისინი ქალაქ სოდომში დასახლდნენ.

სოდომში ძალიან ცუდი ხალხი ცხოვრობდა. ეს აწუხებდა ლოტს, რადგან თვითონ კარგი ადამიანი იყო. ეს ღმერთსაც აწუხებდა. ბოლოს ღმერთმა ორი ანგელოზი გაუგზავნა ლოტს გასაფრთხილებლად, რადგან სოდომისა და ახლომდებარე ქალაქ გომორას განადგურებას აპირებდა იმ ბოროტების გამო, რაც იქ ხდებოდა.

ანგელოზებმა ლოტს უთხრეს: ‘იჩქარე! წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი და წადით აქედან!’ ისინი ფეხს ითრევდნენ, ამიტომ ანგელოზებმა ხელი ჩასჭიდეს მათ და ქალაქიდან გაიყვანეს. შემდეგ ერთმა ანგელოზმა უთხრა: ‘გაიქეცით! უკან არ მიიხედოთ. მთებში გაიქეცით, რომ არ განადგურდეთ’.

ლოტი და მისი ქალიშვილები დაემორჩილნენ მათ და სოდომიდან გაიქცნენ. ისინი ერთი წუთითაც არ შეჩერებულან და უკან არ მიუხედავთ. მაგრამ ლოტის ცოლმა ანგელოზებს არ დაუჯერა. სოდომიდან გასვლის შემდეგ ის შეჩერდა და უკან მიიხედა. მიხედვისთანავე ლოტის ცოლი მარილის სვეტად იქცა. ხედავ მას ამ სურათზე?

ამ შემთხვევიდან ვსწავლობთ, რომ ღმერთი მორჩილებს გადაარჩენს, ურჩებს კი გაანადგურებს.