არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 20

დინა ხიფათს გადაეყარა

დინა ხიფათს გადაეყარა

იცი, ვისთან მიდის დინა? ქანაანელ გოგონებთან. მოეწონება ეს მამამისს, იაკობს? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, გავიხსენოთ, რას ფიქრობდნენ აბრაამი და ისაკი ქანაანელ ქალებზე.

უნდოდა აბრაამს, რომ ისაკს ცოლად ქანაანელი ქალი მოეყვანა? არა. უნდოდათ ისაკსა და რებეკას, რომ მათი ვაჟი, იაკობი ქანაანელ ქალზე დაქორწინებულიყო? არა. იცი, რატომ?

იმიტომ, რომ ქანაანელები ცრუღმერთებს სცემდნენ თაყვანს. ასეთ ხალხთან დამეგობრება და ოჯახის შექმნა კარგს არაფერს მოუტანდა მათ. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ იაკობს არ მოეწონებოდა მისი ქალიშვილის ქანაანელ გოგოებთან მეგობრობა.

გასაკვირი არ არის, რომ დინა ხიფათს გადაეყარა. ხედავ სურათზე ქანაანელ მამაკაცს, რომელიც დინას უყურებს? მას შექემი ჰქვია. ერთხელ მეგობრებთან მისული დინა შექემმა თავისთან წაიყვანა, ძალა იხმარა და მასთან დაწვა. ეს არასწორი მოქმედება იყო, რადგან მხოლოდ დაქორწინებულებს შეუძლიათ ერთად დაწოლა. ამ ცუდ საქციელს უფრო დიდი უბედურება მოჰყვა.

დინას ძმები განრისხდნენ, როცა მომხდარის შესახებ შეიტყვეს. სიმონი და ლევი ისე გამწარდნენ, რომ აიღეს მახვილები, წაიყვანეს თავიანთი ძმები და ქალაქში შეიჭრნენ. მათ მოკლეს შექემი და ამოხოცეს ყველა მამაკაცი. იაკობი განარისხა შვილების სისასტიკემ.

რა იყო ამ უბედურების მიზეზი? ის, რომ დინა ისეთ ადამიანებთან მეგობრობდა, რომლებიც ღვთის კანონებს არ ემორჩილებოდნენ. შენ მოინდომებდი ასეთ ხალხთან მეგობრობას?