არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 23

ფარაონის სიზმრები

ფარაონის სიზმრები

ამ ამბის შემდეგ ორმა წელმა განვლო, მაგრამ იოსები ისევ ციხეში იყო. მერიქიფეს ის არ გახსენებია. ერთ ღამეს ფარაონმა ორი უცნაური სიზმარი ნახა და მათი ახსნა აინტერესებდა. ხედავ მძინარე ფარაონს? მეორე დღეს ფარაონმა შეკრიბა ბრძენკაცები და სიზმრები მოუყვა, მაგრამ მათ სიზმრების ახსნა ვერ შეძლეს.

როგორც იქნა, მერიქიფეს იოსები გაახსენდა და ფარაონს უთხრა: ‘ციხეში ჩემთან ერთად იჯდა კაცი, რომელსაც სიზმრების ახსნა შეუძლია’. ფარაონმა მაშინვე მოაყვანინა იოსები ციხიდან.

ფარაონმა უამბო მას თავისი სიზმრები: ‘ვიხილე შვიდი მსუქანი და ლამაზი ძროხა, შემდეგ კი — შვიდი გამხდარი ძროხა. გამხდარმა ძროხებმა მსუქნები შეჭამეს.

მეორე სიზმარში ვიხილე, რომ ერთ ღეროზე შვიდი სავსე თავთავი იყო. ვიხილე შვიდი გამომშრალი და წვრილი თავთავიც. ამ წვრილმა თავთავებმა კარგი თავთავები შეჭამეს’.

იოსებმა ფარაონს უთხრა: ‘ორივე სიზმარს ერთი ახსნა აქვს. შვიდი მსუქანი ძროხა და შვიდი სავსე თავთავი შვიდ წელს ნიშნავს; შვიდი გამხდარი ძროხა და შვიდი წვრილი თავთავი შვიდ წელს ნიშნავს. ეგვიპტეში შვიდი წელი უხვი მოსავალი იქნება, მომდევნო შვიდი წელი კი — ცუდი მოსავალი.

აირჩიე ბრძენი კაცი, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში შეაგროვებს მოსავალს, რათა მომდევნო შვიდი მოუსავლიანი წლის განმავლობაში ხალხმა არ იშიმშილოს’, — უთხრა იოსებმა ფარაონს.

ფარაონს მოეწონა ეს აზრი და თვითონ იოსებს დაავალა, რომ მოსავლის შეგროვებისა და შენახვისთვის ზედამხედველობა გაეწია. იოსები ეგვიპტეში მეორე კაცი გახდა.

იცი, რვა წლის შემდეგ შიმშილობის დროს ვინ ჩავიდა იოსებთან? მისი უფროსი ათი ძმა. ისინი მათმა მამამ, იაკობმა გაგზავნა ეგვიპტეში, რადგან ქანაანში საკვები ილეოდა. იოსებმა იცნო თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს ის. იცი, რატომ? იოსები დავაჟკაცებული იყო და სხვანაირი ტანსაცმელი ეცვა.

იოსებს გაახსენდა ბავშვობაში ნანახი სიზმარი, რომელშიც ძმებმა მას თაყვანი სცეს. გახსოვს, ამის შესახებ უკვე წავიკითხეთ. იოსები მიხვდა, რომ ღვთის ნებით მოხვდა ეგვიპტეში. შენი აზრით, როგორ მოიქცევა იოსები? მოდი ვნახოთ.