არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 24

იოსებმა გამოსცადა ძმები

იოსებმა გამოსცადა ძმები

იოსებს აინტერესებდა, მისი ძმები კვლავ ბოროტები და სასტიკები იყვნენ თუ შეიცვალნენ. ამიტომ უთხრა: ‘მზვერავები ხართ. ამ მიწის დაუცველი ადგილების სანახავად ხართ მოსული’.

მათ მიუგეს: ‘არა, ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ. ყველანი ძმები ვართ. თორმეტნი ვიყავით. ერთ ძმა აღარა გვყავს, უმცროსი კი მამასთან დარჩა სახლში’.

იოსებმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს არ სჯეროდა მათი ნათქვამი. მან ციხეში ჩასვა სიმონი, სხვებს კი საკვები მისცა, სახლში გაუშვა და უბრძანა: ‘როცა დაბრუნდებით, უმცროსი ძმა ჩამოიყვანეთ’.

ქანაანში ჩასულმა ძმებმა ყველაფერი მამას უამბეს. იაკობი ძალიან დაღონდა. ‘აღარა მყვანან იოსები და სიმონი. ჩემს უმცროს ვაჟს, ბენიამინს არსად გაგატანთ’, — მოთქვამდა ის. მაგრამ, როცა საკვები გამოელიათ, იაკობი იძულებული გახდა, ბენიამინი ძმებისთვის გაეყოლებინა ეგვიპტეში.

იოსებმა შორიდან დაინახა მომავალი ძმები. მას ძალიან გაუხარდა უმცროსი ძმის, ბენიამინის ნახვა. ცხადია, ძმებმა არ იცოდნენ, რომ ეს გავლენიანი კაცი მათი ძმა, იოსები იყო. იოსებმა გადაწყვიტა, თავისი 10 ნახევარძმა გამოეცადა.

მან მსახურებს დაავალა, ტომრები საკვებით გაევსოთ და ბენიამინის ტომარაში ჩუმად ჩაედოთ მისი ვერცხლის სასმისი. ძმები დაადგნენ ქანაანისკენ მიმავალ გზას, მაგრამ იოსებმა მსახურები დააწია მათ. მსახურებმა უთხრეს: ‘რატომ მოიპარეთ ჩვენი ბატონის ვერცხლის სასმისი?’

‘არ მოგვიპარავს, — ერთხმად უპასუხეს ძმებმა. — თუ რომელიმეს უპოვით, მოკვდეს იგი’.

მსახურებმა ყველას ტომრები გაჩხრიკეს და, როგორც სურათზე ხედავ, სასმისი ბენიამინის ტომარაში იპოვეს. მსახურებმა უთხრეს: ‘თქვენ წადით, ბენიამინი კი ჩვენთან ერთად წამოვა’. როგორ მოიქცნენ ძმები?

ისინი ბენიამინთან ერთად დაბრუნდნენ იოსების სახლში. იოსებმა უთხრა მათ: ‘ყველანი შინ დაბრუნდით, ბენიამინი კი ჩემთან მონად დარჩება’.

იუდამ მიუგო: ‘თუ ბიჭის გარეშე დავბრუნდები სახლში, მამაჩემი მოკვდება, რადგან ძალიან უყვარს ის. გემუდარები, მონად მე დაგიდგები, ბიჭი კი გაუშვი სახლში’.

იოსებმა დაინახა, რომ მისი ძმები შეიცვალნენ და ბოროტები და სასტიკები აღარ იყვნენ. მოდი გავიგოთ, შემდეგ როგორ მოიქცა იოსები.