არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 25

იაკობის ოჯახის ეგვიპტეში გადასვლა

იაკობის ოჯახის ეგვიპტეში გადასვლა

ბოლოს იოსებმა თავი ვეღარ შეიკავა. ოთახიდან მსახურები დაითხოვა და, როცა ძმებთან მარტო დარჩა, ტირილი დაიწყო. წარმოიდგინე, რა გაოცებული იქნებოდნენ ძმები! მათ არ იცოდნენ, რატომ ტიროდა ის. ბოლოს იოსებმა უთხრა მათ: ‘იოსები ვარ. ცოცხალია მამაჩემი?’

გაოგნებული და შეშინებული ძმები ხმას ვერ იღებდნენ. მაგრამ იოსებმა თბილად მიმართა ძმებს: ‘მომიახლოვდით. მე თქვენი ძმა, იოსები ვარ, რომელიც ეგვიპტეში გაყიდეთ’.

შემდეგ უთხრა: ‘თავი არ დაიდანაშაულოთ, რომ გამყიდეთ. სინამდვილეში ღმერთმა გამომგზავნა ეგვიპტეში, რომ ხალხი გადამერჩინა. ფარაონმა მთელი ქვეყნის მმართველად დამაყენა. ახლა კი გასწიეთ და მამაჩემს უამბეთ ეს. უთხარით, აქ გადმოვიდეს საცხოვრებლად’.

იოსები მოეხვია ძმებს და აკოცა. როცა ფარაონმა იოსების ძმების მოსვლის შესახებ გაიგო, იოსებს უთხრა: ‘წაიყვანონ ურმები მამაშენისა და თავიანთი ოჯახების ჩამოსაყვანად და ჩამოვიდნენ. ეგვიპტის საუკეთესო მიწაზე დავასახლებ მათ’.

ისინი ასეც მოიქცნენ. სურათზე ჩანს, როგორ დახვდა იოსები თავის მამას, რომელიც მთელი ოჯახით ჩავიდა ეგვიპტეში.

იაკობის ოჯახი მრავალრიცხოვანი გახდა. ეგვიპტეში სულ 70 სული ჩავიდა: იაკობი, მისი შვილები და შვილიშვილები. მათ გარდა, იქ მათი ცოლები და მსახურებიც ჩავიდნენ. ისინი ეგვიპტეში დასახლდნენ. მათ ისრაელები ეწოდათ, რადგან ღმერთმა იაკობს ისრაელი დაარქვა. მოგვიანებით გავიგებთ, რომ ისრაელი ღვთის გამორჩეული ერი გახდა.