არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 29

რატომ გაიქცა მოსე?

რატომ გაიქცა მოსე?

ნახე, მოსე ეგვიპტიდან გარბის და კაცები მოსაკლავად მისდევენ. იცი, რატომ უნდათ მათ მოსეს მოკვლა? მოდი გავიგოთ.

მოსე გაიზარდა ფარაონის, ეგვიპტის მმართველის სასახლეში. ის ძალიან ბრძენი და ძლიერი კაცი იყო. მან იცოდა, რომ ეგვიპტელი არ იყო და მისი მშობლები ისრაელი მონები იყვნენ.

ერთ დღეს, როცა 40 წლისა იყო, მოსემ გადაწყვიტა, თავისი ხალხი მოენახულებინა. ეგვიპტელები მათ ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ. მოსემ დაინახა, რომ ერთი ეგვიპტელი ისრაელ მონას სცემდა. მან მიმოიხედა და როცა არავინ უყურებდა, ისე დაარტყა ეგვიპტელს, რომ მოკლა და იქვე ქვიშაში ჩამარხა.

მეორე დღესაც გავიდა მოსე თავისი ხალხის სანახავად. ის ფიქრობდა, რომ შეძლებდა მონობის უღლიდან მათ გათავისუფლებას. მან დაინახა, რომ ერთი ებრაელი კაცი მეორეს სცემდა. მოსემ უთხრა მას: ‘რატომ სცემ შენს ძმას?’

კაცმა მიუგო: ‘ვინ დაგაყენა ჩვენს მმართველად და მოსამართლედ? გინდა მეც იმ ეგვიპტელივით მომკლა?’

მოსეს შეეშინდა. მიხვდა, რომ ხალხმა გაიგო ეგვიპტელის მოკვლის შესახებ. ეს ფარაონის ყურამდეც მივიდა. მოსეს მოსაკლავად მან კაცები გაგზავნა. აი რატომ გაიქცა ის ეგვიპტიდან.

მოსემ შორეულ ქვეყანას, მიდიანს შეაფარა თავი. იქ ითროს ოჯახი გაიცნო და მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ციფორა შეირთო ცოლად. მოსე მწყემსი გახდა და ითროს ცხვარს უვლიდა. ის 40 წელი ცხოვრობდა მიდიანის მიწაზე. ერთ დღეს, როცა 80 წლის მოსე ითროს ცხვარს მწყემსავდა, სასწაული მოხდა, რამაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. გადაშალე ფურცელი და ნახე, რა მოხდა.