არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 35

ისრაელებისთვის მიცემული კანონები

ისრაელებისთვის მიცემული კანონები

ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ დაახლოებით ორ თვეში ისრაელები მიადგნენ სინას მთას, რომელსაც ხორებიც ეწოდება. ამ ადგილას ელაპარაკა მოსეს იეჰოვა ცეცხლმოკიდებული ბუჩქიდან. ისრაელები აქ დაბანაკდნენ.

მოსე მთაზე ავიდა, ხალხი კი დაბლა უცდიდა. მთაზე ასულ მოსეს იეჰოვამ უთხრა, რომ სურდა, ისრაელი დამორჩილებოდა და მისთვის განსაკუთრებული ხალხი გამხდარიყო. მოსე ხალხთან ჩავიდა და იეჰოვას სიტყვები გადასცა. ხალხმაც უთხრა, რომ დაემორჩილებოდნენ იეჰოვას, რადგან სურდათ, მისი ხალხი ყოფილიყვნენ.

იეჰოვამ უჩვეულო რამ მოიმოქმედა: მთას კვამლი ასდიოდა და ქუხილის ხმა ისმოდა. მან უთხრა ხალხს: ‘მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან’. შემდეგ უბრძანა: ‘ჩემ გარდა სხვა არც ერთ ღმერთს არ სცეთ თაყვანი’.

ამის გარდა მან კიდევ ცხრა მცნება ანუ კანონი მისცა ხალხს. ხალხი შიშმა მოიცვა. მათ უთხრეს მოსეს: ‘შენ გველაპარაკე, რადგან ღმერთი თუ დაგველაპარაკება, დავიხოცებით’.

მოგვიანებით იეჰოვამ უთხრა მოსეს: ‘ამოდი მთაზე. მოგცემ ქვის ორ ფილაზე დაწერილ კანონებს, რომლებიც ხალხმა უნდა დაიცვას’. ასე რომ, მოსე კვლავ ავიდა მთაზე და 40 დღე-ღამე დარჩა იქ.

ღმერთს უამრავი კანონი ჰქონდა მისაცემი თავისი ხალხისთვის. მოსემ ჩაიწერა ეს კანონები. ღმერთმა მოსეს ასევე მისცა ქვის ორი ფილა. მათზე ღმერთმა თავად დაწერა ათი კანონი, რომელთა შესახებაც ხალხს ელაპარაკა. ამ კანონებს ათი მცნება ეწოდება.

ათივე მცნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისრაელებისთვის მიცემული სხვა კანონებიც არ არის უმნიშვნელო. ერთ-ერთი მათგანია: ‘გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, გონებით, სულითა და ძალით’. სხვა კანონია: ‘გიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით’. ღვთის ძემ, იესო ქრისტემ თქვა, რომ იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონებიდან ეს უდიდესი მცნებები იყო. მოგვიანებით ბევრ რამეს გავიგებთ ღვთის ძისა და მისი სწავლებების შესახებ.