არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 38

თორმეტი მზვერავი

თორმეტი მზვერავი

შეხედე ამ კაცებს, რამდენი ხილი მოაქვთ! ნახე რამხელა ყურძნის მტევანია, ორი კაცი ძლივს ერევა! შეხედე ლეღვსა და ბროწეულს. საიდან მოიტანეს ასეთი ხილი? ქანაანის მიწიდან. გაიხსენე, ქანაანის მიწაზე ერთ დროს აბრაამი, ისაკი და იაკობი ცხოვრობდნენ, მაგრამ შიმშილობის გამო იაკობი ოჯახთან ერთად ეგვიპტეში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა კი, 216 წლის შემდეგ, მოსეს ისრაელები ქანაანის მიწაზე მიჰყავს. უდაბნოში ისინი ჩერდებიან ადგილზე, რომელსაც კადეში ჰქვია.

ქანაანის მიწაზე ბოროტი ხალხი ცხოვრობდა. მოსემ 12 მზვერავი გაგზავნა და დაავალა: ‘გაიგეთ, რამდენი ცხოვრობს იქ და რამდენად ძლიერები არიან ისინი. გაიგეთ, ნაყოფიერია თუ არა მიწა და თან ხილი წამოიღეთ’.

კადეშში დაბრუნებულმა მზვერავებმა მოსეს უთხრეს: ‘მართლაც მშვენიერი ქვეყანაა’, და ხილი უჩვენეს. მათგან ათმა თქვა: ‘იქ დიდი და ძლიერი ხალხი ცხოვრობს. თუ ამ ქვეყნის დაპყრობას შევეცდებით, დაგვხოცავენ’.

ისრაელებს შეეშინდათ. ‘ჯობდა ეგვიპტეში ან უდაბნოში დავხოცილიყავით, — მოთქვამდნენ ისინი. — ჩვენ ბრძოლაში დავიხოცებით, ჩვენს ცოლ-შვილს კი ტყვედ წაიყვანენ. მოდი მოსეს მაგივრად სხვა წინამძღოლი ავირჩიოთ და ეგვიპტეში დავბრუნდეთ!’

მაგრამ ორ მზვერავს იეჰოვას იმედი ჰქონდა და ისინი ხალხის დამშვიდებას ცდილობდნენ. ესენი იყვნენ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე. ისინი ამბობდნენ: ‘ნუ გეშინიათ. იეჰოვა ჩვენთან არის. ამ ქვეყანას ადვილად დავიპყრობთ’. თუმცა ხალხი მათ არ უსმენდა და მოკვლასაც კი უპირებდა.

ამან იეჰოვა განარისხა. მან მოსეს უთხრა: ‘ვერც ერთი, ვინც ოცი წლის ან უფროსი ასაკისაა, ვერ შევა ქანაანის მიწაზე. მათ საკუთარი თვალით ნახეს, რა სასწაულები მოვახდინე ეგვიპტეში და უდაბნოში, მაგრამ მაინც არ მენდობიან. ამიტომ ისინი 40 წელს იხეტიალებენ უდაბნოში, სანამ არ დაიხოცებიან. მხოლოდ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე შევლენ ქანაანის მიწაზე’.