არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 45

მდინარე იორდანის გადაკვეთა

მდინარე იორდანის გადაკვეთა

შეხედე, ისრაელები მდინარე იორდანეს კვეთენ! მაგრამ წყალი სადღაა? წლის ამ დროს დიდი წვიმები იცის და რამდენიმე წუთის წინ მდინარე ნაპირებიდან გადმოდიოდა, ახლა კი წყალი სადღაც გაქრა. ისრაელები მდინარის მშრალ ფსკერზე გადადიან ისევე, როგორც წითელი ზღვა გადაკვეთეს. მოდი გავიგოთ, სად წავიდა ამდენი წყალი.

როცა მდინარე იორდანის გადაკვეთის დრო დადგა, იეჰოვამ იესო ნავეს ძეს დაავალა, ხალხისთვის ეთქვა: ‘მღვდლებმა აიღონ შეთანხმების კიდობანი და წინ წავიდნენ. როცა ისინი მდინარე იორდანეში ჩადგამენ ფეხს, მდინარე შეწყვეტს დინებას’.

მღვდლებმა აიღეს შეთანხმების კიდობანი და გაუძღვნენ ხალხს. ისინი ჩადგნენ მდინარეში. ის სწრაფად მოედინებოდა და ძალიან ღრმა იყო. როგორც კი მათ ფეხი ჩადგეს წყალში, მდინარემ დინება შეწყვიტა! ეს სასწაული იყო! იეჰოვამ მდინარე დააგუბა და მალე კალაპოტში წყალი საერთოდ აღარ იყო!

მღვდლები, რომლებსაც შეთანხმების კიდობანი მიჰქონდათ, დამშრალი მდინარის შუაგულში დადგნენ. ხედავ მათ სურათზე? სანამ ისინი იქ იდგნენ, მდინარის მშრალ კალაპოტზე მთელმა ისრაელმა გაიარა.

როცა ყველა გავიდა მეორე ნაპირზე, იეჰოვამ უთხრა იესო ნავეს ძეს, რომ 12 ძლიერი მამაკაცისთვის ეთქვა: ‘წადით იმ ადგილას, სადაც მღვდლები შეთანხმების კიდობნით დგანან, მდინარის ფსკერიდან აიღეთ 12 ქვა და დააწყვეთ იქ, სადაც ამაღამ გაჩერდებით. მომავალში, როცა თქვენი შვილები გკითხავენ, რა ქვებიაო ისინი, უთხარით, რომ მდინარე იორდანემ დინება შეწყვიტა, როცა ისრაელებმა იეჰოვას შეთანხმების კიდობნით გადაკვეთეს ის. ამ სასწაულს ეს ქვები შეგახსენებთ!’ იესო ნავეს ძემ 12 ქვა იმ ადგილზეც დააწყო, სადაც მღვდლები იდგნენ.

ბოლოს მან მღვდლებს უთხრა: ‘გამოდით ნაპირზე’. მათი გამოსვლისთანავე მდინარემ ისევ დაიწყო დინება.