არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 46

იერიხონის გალავანი

იერიხონის გალავანი

რატომ ჩამოიქცა იერიხონის გალავანი? ისე ჩანს, თითქოს მას დიდი ბომბი დაეცა. მაგრამ იმ დროს არც ბომბი იყო და არც თოფი. ეს იეჰოვას კიდევ ერთი სასწაული იყო. მოდი გავიგოთ, როგორ მოხდა ეს.

აი რა უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: ‘შენ და შენმა მებრძოლებმა ქალაქს შემოუარეთ. ექვსი დღის მანძილზე დღეში ერთხელ შემოუარეთ მას. თან ატარეთ შეთანხმების კიდობანი. მას წინ შვიდი მღვდელი უნდა წაუძღვეს და საყვირებში ჩაჰბეროს.

მეშვიდე დღეს შვიდჯერ შემოუარეთ ქალაქს. შემდეგ მღვდლებმა საყვირებს ჩაჰბერონ, ყველამ საომარი ყიჟინა დასცეს და გალავანი ჩამოიქცევა!’

იესო ნავეს ძე და ხალხი ისე მოიქცნენ, როგორც იეჰოვამ უთხრა. როცა ქალაქს გარს უვლიდნენ, ყველანი ჩუმად იყვნენ. არავის სიტყვა არ დაუძრავს, მხოლოდ საყვირებისა და ნაბიჯების ხმა ისმოდა. ღვთის ხალხის მტრებს იერიხონში, ალბათ, შიშის ზარი დაეცათ. ხედავ სარკმელზე გადმოკიდებულ წითელ თოკს? გახსოვს, ვისია ეს სარკმელი? რახაბი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ორმა მზვერავმა დაარიგა. მთელმა ოჯახმა მასთან მოიყარა თავი და იქიდან აკვირდებოდნენ მოვლენებს.

ბოლოს, მეშვიდე დღეს, როცა მეომრებმა შვიდჯერ შემოუარეს ქალაქს, საყვირებს ჩაჰბერეს და ყიჟინა დასცეს, ქალაქის გალავანი ჩამოიქცა. იესო ნავეს ძემ ხალხს უთხრა: ‘დახოცეთ ყველანი და გადაწვით ქალაქი. არაფერი დაინდოთ. მხოლოდ ოქრო, ვერცხლი და რკინა მოიტანეთ იეჰოვას საგანძურში’.

ორ მზვერავს იესო ნავეს ძემ უთხრა: ‘წადით რახაბის სახლში და მთელი მისი ოჯახი გამოიყვანეთ’. მზვერავების დაპირებისამებრ რახაბი და მისი ოჯახი სიკვდილს გადაურჩნენ.