არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 52

იფთახის დაპირება

იფთახის დაპირება

რა ხდება ამ სურათზე? ეს კაცები ისრაელი მეომრები არიან. ჩამუხლული კაცები წყალს სვამენ. მათ უკან მსაჯული გედეონი დგას და აკვირდება, როგორ სვამენ მეომრები წყალს.

ყურადღება მიაქციე, რომ მეომრები სხვადასხვანაირად სვამენ წყალს. ზოგი პირდაპირ დაეწაფა, ერთი კი პეშვით იღებს და თან აქეთ-იქით იყურება. იეჰოვამ გედეონს უთხრა, სწორედ ისეთი მეომრები აერჩია, რომლებიც წყლის დალევისას ფხიზლად იქნებოდნენ, დანარჩენები კი სახლში გაეშვა. მოდი გავიგოთ, რატომ.

ისრაელები კვლავ გასაჭირში იყვნენ, რადგან იეჰოვას არ ემორჩილებოდნენ. მათზე მიდიანელები ბატონობდნენ და ავიწროებდნენ მათ. ისრაელებმა შველა იეჰოვას სთხოვეს და იეჰოვამაც უსმინა.

იეჰოვამ გედეონს უთხრა, ჯარი შეეყარა. მანაც 32 000 მებრძოლს მოუყარა თავი, მაგრამ მტერს 135 000 მეომარი ჰყავდა. იეჰოვამ გედეონს უთხრა: ‘ძალიან ბევრი ხალხი გყავს’. ნეტავ, რატომ უთხრა იეჰოვამ ეს?

ისრაელებს არ უნდა ეფიქრათ, რომ თავიანთი ძალით გაიმარჯვებდნენ და იეჰოვას დახმარება არ დასჭირდებოდათ. ამიტომ იეჰოვამ დაავალა გედეონს: ‘უთხარი ყველას, რომ ვისაც ეშინია, სახლში დაბრუნდეს’. გედეონმა გადასცა მეომრებს იეჰოვას სიტყვები და მათგან 22 000 სახლში დაბრუნდა. მასთან მხოლოდ 10 000 მეომარი დარჩა 135 000-იან ჯართან შესაბრძოლებლად.

მაგრამ იეჰოვამ ისევ უთხრა გედეონს: ‘მაინც ბევრი ხალხი გყავს’. შემდეგ დაავალა, წყალთან წაეყვანა მეომრები და ვინც წყალს პირდაპირ დაეწაფებოდა, სახლში გაეშვა. ‘იმ 300 მეომრით გაგამარჯვებინებ, რომლებიც წყლის დალევისას ფხიზლობდნენ’, — დაჰპირდა იეჰოვა მას.

დადგა ბრძოლის დრო. გედეონმა 300 კაცი სამ ჯგუფად დაყო. თითოეულ მეომარს მისცა საყვირი და დოქი, რომელშიც ჩირაღდანი იდო. დაახლოებით შუაღამისას მათ მტრის ბანაკს ალყა შემოარტყეს, ერთდროულად ჩაჰბერეს საყვირებს, დალეწეს დოქები, საომარი ყიჟინა დასცეს და შესძახეს: ‘იეჰოვას მახვილი და გედეონის მახვილი!’ გამოღვიძებულ მტერს თავზარი დაეცა, ბანაკში აურზაური ატყდა და ისრაელმა მტერი დაამარცხა.