არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 55

ღვთის პატარა მსახური

ღვთის პატარა მსახური

რა ლამაზი ბავშვია, არა? ეს სამუელია. ეს კაცი კი, რომელსაც სამუელის თავზე ხელი აქვს დადებული, ისრაელის მღვდელმთავარი ელია. ესენი სამუელის დედ-მამა, ელკანა და ხანა არიან. მათ სამუელი ელის მიუყვანეს.

ამ დროს სამუელი სულ რაღაც 4-5 წლისა იქნებოდა. მას იეჰოვას კარავში ელისთან და სხვა მღვდლებთან ერთად უნდა ეცხოვრა. რატომ მიიყვანეს ელკანამ და ხანამ პატარა სამუელი იეჰოვას კარავში მსახურებისთვის? მოდი გავიგოთ.

რამდენიმე წლით ადრე ხანა დამწუხრებული იყო. მას შვილი არ ჰყავდა, თუმცა ძალიან უნდოდა. ერთ დღეს იეჰოვას კარავში ის ლოცულობდა: ‘ნუ დამივიწყებ, იეჰოვა! თუ ვაჟს მაჩუქებ, გპირდები, მთელი სიცოცხლე შენი მსახური იქნება’.

იეჰოვამ მოუსმინა ხანას და რამდენიმე თვის შემდეგ მას სამუელი ეყოლა. მას ძალიან უყვარდა თავისი პატარა ბიჭუნა და პატარაობიდანვე იეჰოვას შესახებ ელაპარაკებოდა. ხანამ თავის ქმარს უთხრა: ‘როგორც კი წამოიზრდება და ძუძუს მოვწყვეტ, იეჰოვას კარავში წავიყვან, რომ იქ იმსახუროს’.

როგორც სურათიდან ჩანს, ხანა და ელკანა სწორედ ასე მოიქცნენ. რადგან სამუელს ღვთის შესახებ მშობლებმა ბევრი რამ ასწავლეს, მას უხაროდა, რომ იეჰოვას კარავში იმსახურებდა. ელკანა და ხანა ყოველ წელს მიდიოდნენ იქ იეჰოვას თაყვანსაცემად და თავიანთ პატარა ბიჭუნასაც ნახულობდნენ. ხანა ყოველ წელს ახალ მოსასხამს უმზადებდა სამუელს.

გადიოდა წლები და სამუელი კვლავ იეჰოვას კარავში მსახურობდა. ის იეჰოვასაც უყვარდა და ხალხსაც. კარავში მღვდელმთავარ ელის ვაჟები, ხოფნი და ფინხასიც მსახურობდნენ. მაგრამ ისინი უვარგისები იყვნენ, დიდ ბოროტებას სჩადიოდნენ და სხვებსაც იეჰოვასადმი დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებდნენ. ელის მათთვის მღვდლობა უნდა ჩამოერთმია, თუმცა ასე არ მოქცეულა.

პატარა სამუელი არ დაუბრკოლებია იმას, რაც კარავში ხდებოდა, და იეჰოვას მსახურებისთვის არ ჩამოუშორებია. რადგან იეჰოვას ძალიან ცოტა ემსახურებოდა, იეჰოვა დიდი ხნის მანძილზე არ ელაპარაკებოდა ადამიანებს. მაგრამ, აი რა მოხდა, როცა სამუელი წამოიზარდა.

კარავში მძინარე სამუელი ვიღაცის ძახილმა გააღვიძა. ‘აქა ვარ’, — უპასუხა სამუელმა. ელისთან მიირბინა და უთხრა: ‘აქა ვარ, რომ მეძახდი’.

ელიმ მიუგო: ‘არ დამიძახია; წადი დაწექი’. სამუელიც დაწვა.

მეორედაც დაუძახა ვიღაცამ: ‘სამუელ!’ სამუელი ისევ ადგა და ელისთან მიირბინა. ‘აქა ვარ, რომ მეძახდი’, — უთხრა მან. მაგრამ ელიმ უპასუხა: ‘არ დამიძახია, შვილო. წადი დაწექი’. სამუელი ისევ დასაძინებლად დაწვა.

‘სამუელ!’ — დაუძახა ვიღაცამ მესამედ. სამუელმა კვლავ მიირბინა ელისთან. ‘აქა ვარ, ახლა ხომ დამიძახე?!’ — უთხრა მან. ელი მიხვდა, რომ სამუელს იეჰოვამ დაუძახა. ამიტომ დაარიგა: ‘წადი, დაწექი და თუ კიდევ დაგიძახებს, მიუგე, მითხარი, იეჰოვა, გისმენს-თქო შენი მსახური’.

როცა იეჰოვამ კიდევ ერთხელ დაუძახა სამუელს, ის ასეც მოიქცა. იეჰოვამ უთხრა მას, რომ ელისა და მის ვაჟებს დასჯიდა. მოგვიანებით ფილისტიმელებთან ბრძოლაში ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ. მათი ამბის გაგონებაზე ელი დაეცა, კისერი გადაუტყდა და მოკვდა. ასე შესრულდა იეჰოვას სიტყვა.

სამუელი გაიზარდა და ისრაელის უკანასკნელი მსაჯული გახდა. როცა ის მოხუცდა, ხალხმა სთხოვა: ‘დაგვიყენე მეფე’. სამუელს არ უნდოდა ამის გაკეთება, რადგან ისრაელის მეფე იეჰოვა იყო. მაგრამ იეჰოვამ უთხრა, რომ ხალხისთვის დაეჯერებინა.