არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 57

ღმერთმა აირჩია დავითი

ღმერთმა აირჩია დავითი

ხედავ, რა მოხდა? ამ ბიჭმა ბატკანი სიკვდილს გადაარჩინა. დათვმა გაიტაცა ბატკანი და შეჭმას უპირებდა. მაგრამ ბიჭი გაეკიდა და ბატკანი დათვის კლანჭებიდან იხსნა. როცა დათვმა წამოიწია, ბიჭმა მიწაზე დაანარცხა ის და მოკლა. სხვა დროს მან ლომს პირიდან გამოსტაცა ცხვარი. მართლაც მამაცი ბიჭია, არა?! იცი, ვინ არის ის?

ის დავითია. ის ცხოვრობდა ქალაქ ბეთლემში. პაპამისი ობედი რუთისა და ბოაზის შვილი იყო. გახსოვს, ვინ იყვნენ ისინი? დავითის მამას იესე ერქვა. დავითი მამამისის ცხვარს მწყემსავდა. ის საულის გამეფებიდან 10 წლის შემდეგ დაიბადა.

ერთ დღეს იეჰოვამ უთხრა სამუელს: ‘აიღე სურნელოვანი ზეთი და წადი ბეთლემში, იესეს სახლში. მისი ერთ-ერთი ვაჟი მეფედ ავირჩიე’. როცა სამუელმა იესეს უფროსი ვაჟი, ელიაბი დაინახა, გულში გაიფიქრა: ‘ნამდვილად ეს არის იეჰოვას რჩეული’. მაგრამ იეჰოვამ უთხრა: ‘ნუ მიაქცევ ყურადღებას მის სიმაღლესა და გარეგნობას. მეფედ ის არ ამირჩევია’.

იესემ სხვა ვაჟი, აბინადაბი მოუყვანა სამუელს. მაგრამ სამუელმა უთხრა: ‘არც ეს აურჩევია იეჰოვას’. შემდეგ იესემ შამა მოუყვანა. ‘არც ეს აურჩევია იეჰოვას’, — თქვა კვლავ სამუელმა. თუმცა იესემ შვიდი ვაჟი მოუყვანა სამუელს, იეჰოვას არც ერთი მათგანი არ აურჩევია. სამუელმა ჰკითხა: ‘მეტი ვაჟი არა გყავს?’

‘კიდევ მყავს უმცროსი, — უპასუხა იესემ. — მაგრამ ის ცხვარშია’. როცა დავითი მოუყვანეს, სამუელმა დაინახა, რომ ის ლამაზი ყმაწვილი იყო. ‘ეს არის ჩემი რჩეული, — უთხრა იეჰოვამ სამუელს. — დაასხი ზეთი თავზე’. სამუელი ასეც მოიქცა. დადგებოდა დრო, როცა დავითი ისრაელის მეფე გახდებოდა.