არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 60

აბიგაილი და დავითი

აბიგაილი და დავითი

იცი, ვინ არის ეს ლამაზი ქალი, დავითს რომ ეგებება? მას აბიგაილი ჰქვია. ის გონიერი ქალია და დავითს დანაშაულის ჩადენისგან აკავებს. სანამ ამის შესახებ გავიგებთ, მოდი ვნახოთ, რა გადახდა მანამდე დავითს.

საულისგან გაქცევის შემდეგ დავითი გამოქვაბულში იმალებოდა. მას შეუერთდნენ თავისი ძმები, ოჯახის სხვა წევრები და დაახლოებით 400 კაცი. ის მათი მეთაური გახდა. დავითი მოაბში გადავიდა და მოაბის მეფეს უთხრა: ‘გთხოვ, მამაჩემი და დედაჩემი შენთან დარჩნენ, სანამ გავიგებ, რა მოხდება’. მოგვიანებით დავითმა და მისმა ხალხმა მთებს შეაფარეს თავი.

ამის შემდეგ დავითი შეხვდა აბიგაილს. მისი ქმარი ნაბალი მდიდარი კაცი იყო. მას 3 000 ცხვარი და 1 000 თხა ჰყავდა. ნაბალი უხეში კაცი იყო, მისი ცოლი აბიგაილი კი — ძალიან გონიერი და ლამაზი. ერთხელ აბიგაილმა მთელი ოჯახი სიკვდილს გადაარჩინა. მოდი ვნახოთ, როგორ.

დავითი და მისი ხალხი კარგად ექცეოდნენ ნაბალს. ისინი იცავდნენ მის ცხვარს. ერთ დღესაც დავითმა რამდენიმე კაცი გაუგზავნა ნაბალს და დახმარება სთხოვა. დავითის ხალხი მაშინ მივიდა ნაბალთან, როცა ის და მისი მსახურები ცხვარს პარსავდნენ. ნაბალს ნადიმი ჰქონდა. დავითის კაცებმა უთხრეს მას: ‘ჩვენ კარგად გექცეოდით. არაფერი მოგვიპარავს შენთვის, პირიქით, გეხმარებოდით ცხვრის დაცვაში. ახლა გთხოვთ, მოგვეცი რაიმე საკვები’.

‘თქვენნაირ ხალხს არაფერს მივცემ’, — უპასუხა ნაბალმა. ის უხეშად მოექცა დავითის ხალხს და დავითზე ცუდად ილაპარაკა. როცა კაცები დაბრუნდნენ დავითთან და ყველაფერი უამბეს, დავითი განრისხდა. ‘აიღეთ მახვილები!’ — უთხრა მან თავის ხალხს და ნაბალისა და მისი ხალხის დასახოცად გაემართა.

ნაბალის ერთმა მსახურმა, რომელმაც გაიგონა ნაბალის სიტყვები, ყველაფერი აბიგაილს უამბო. აბიგაილმა არ დააყოვნა, ვირებს საკვები აჰკიდა და გზას გაუდგა. როცა დავითს შეხვდა, ჩამოვიდა ვირიდან, თაყვანი სცა დავითს და უთხრა: ‘გთხოვ, ჩემო ბატონო, ყურადღებას ნუ მიაქცევ ჩემს ქმარს, ნაბალს. უგუნური კაცია და უგუნურად იქცევა. აი ძღვენი, მიიღე და გვაპატიე, რაც მოხდა’.

‘გონიერი ქალი ხარ, — უთხრა დავითმა. — შენ შემაკავე, რომ არ მომეკლა ნაბალი თავისი სიბოროტისთვის. მშვიდობით დაბრუნდი სახლში’. მოგვიანებით, როცა ნაბალი მოკვდა, დავითმა აბიგაილი ცოლად შეირთო.