არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 63

ბრძენი მეფე სოლომონი

ბრძენი მეფე სოლომონი

სოლომონი პატარა გამეფდა. მას უყვარდა იეჰოვა და ითვალისწინებდა თავისი მამის, დავითის კარგ რჩევებს. იეჰოვას მოსწონდა სოლომონი და ერთ ღამეს სიზმარში უთხრა: ‘სოლომონ, მითხარი, რა გინდა, და მოგცემ’.

სოლომონმა მიუგო: ‘იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ჯერ ბავშვი ვარ და არ ვიცი, როგორ ვმართო ქვეყანა. მომეცი სიბრძნე, რომ შენი ხალხის კარგი მმართველი ვიყო’.

იეჰოვას მოეწონა სოლომონის თხოვნა, ამიტომ უთხრა: ‘რადგან სიბრძნე მთხოვე და არა დღეგრძელობა და სიმდიდრე, არნახულ სიბრძნეს მოგცემ. მაგრამ იმასაც მოგცემ, რაც არ გითხოვია — სიმდიდრესა და დიდებას’.

ცოტა ხანში ორმა ქალმა სოლომონს სერიოზული უთანხმოების მოსაგვარებლად მიმართა. ‘მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ, — ამბობდა ერთი. — მე ბიჭი შემეძინა. ორი დღის შემდეგ ამ ქალსაც ბიჭი გაუჩნდა. ერთ ღამეს მისი ბავშვი მოკვდა. როცა მეძინა, თავისი მკვდარი ბავშვი მე ჩამიწვინა, ჩემი კი თავისთან წაიყვანა. გამეღვიძა და ვნახე, რომ მკვდარი ბავშვი ჩემი არ იყო’.

მეორე ქალი ამბობდა: ‘არა! ცოცხალი ბავშვი ჩემია, მკვდარი კი — მისი!’ პირველი ქალი ეუბნებოდა: ‘არა! მკვდარი შენია, ცოცხალი კი — ჩემი!’ ასე დავობდნენ ისინი. როგორ მოიქცა სოლომონი?

მან ხმალი მოატანინა და თქვა: ‘გაჭერით ცოცხალი ბავშვი შუაზე და ერთი ნახევარი ერთ ქალს მიეცით, მეორე ნახევარი კი — მეორეს’.

‘არა! — დაიყვირა ნამდვილმა დედამ. — გთხოვთ არ მოკლათ ბავშვი. ამ ქალს მიეცით!’ მეორე ქალი კი ამბობდა: ‘არც იმას და არც მე, გაჭერით შუაზე’.

მაშინ სოლომონმა თქვა: ‘არ მოკლათ ბავშვი! მიეცით პირველ ქალს, ის არის ბავშვის დედა’. სოლომონმა იცოდა, რომ დედას ძალიან უყვარს თავისი პატარა და მზად არის, სხვას მისცეს, ოღონდ ბავშვი ცოცხალი დარჩეს. ხალხმა გაიგო ეს ამბავი და ძალიან გაუხარდათ, რომ ასეთი ბრძენი მეფე ჰყავდათ.

სოლომონის მეფობის დროს ღვთის კურთხევით ხალხს უხვად ჰქონდა ხორბალი, ქერი, ყურძენი, ლეღვი და სხვა საკვები. მათ საუკეთესოდ ეცვათ და კეთილმოწყობილ სახლებში ცხოვრობდნენ. ყველას უხვად ჰქონდა ყველაფერი.