არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 69

გოგონა დაეხმარა მხედართმთავარს

გოგონა დაეხმარა მხედართმთავარს

იცი, რაზე ელაპარაკება ეს პატარა გოგონა თავის ქალბატონს? იეჰოვას წინასწარმეტყველ ელისეზე და იმ სასწაულებზე, რომლებსაც ის იეჰოვას დახმარებით ახდენდა. ქალბატონი ებრაელი არ არის, ამიტომ არ იცნობს იეჰოვას. მოდი გავიგოთ, როგორ მოხვდა გოგონა ამ ქალბატონთან.

ქალბატონი სირიელია. მისი ქმარი, ნაამანი სირიის ჯარის მხედართმთავარია. სირიელებმა პატარა ებრაელი გოგონა ტყვედ წაიყვანეს და ის ნაამანის ცოლის მსახური გახდა.

ნაამანს საშინელი დაავადება, კეთრი ჰქონდა. ეს ავადმყოფობა სხეულს აწყლულებს. პატარა გოგონამ ნაამანის ცოლს უთხრა: ‘ნეტავ, ჩემი ბატონი იეჰოვას წინასწარმეტყველთან წასულიყო ისრაელში! ის განკურნავდა კეთრისგან’. მოგვიანებით ეს ნაამანს მოახსენეს.

ნაამანს ძალიან სურდა გამოჯანმრთელება, ამიტომ ისრაელში გაემგზავრა. ის პირდაპირ ელისეს სახლში მივიდა. ელისემ თავის მსახურს უთხრა, გასულიყო და ნაამანისთვის ეთქვა, რომ შვიდჯერ დაებანა მდინარე იორდანეში. ამის მოსმენაზე გაბრაზებულმა ნაამანმა თქვა: ‘განა ჩემი ქვეყნის მდინარეები ისრაელის მდინარეებს არ სჯობია?!’ და უკან გაბრუნდა.

მაგრამ მისმა მსახურებმა უთხრეს: ‘ბატონო, ელისეს ძნელი საქმე რომ მოეთხოვა, ხომ გააკეთებდი?! მაშ, უბრალო რამის გაკეთება რატომ არ გინდა?!’ ნაამანმა დაუჯერა მსახურებს და შვიდჯერ ჩაყვინთა მდინარე იორდანეში. ის მაშინვე გამოჯანმრთელდა!

ნაამანი ძალიან ბედნიერი იყო. ის ელისესთან დაბრუნდა და უთხრა: ‘ახლა ვიცი, რომ ისრაელის ღმერთი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია მთელ დედამიწაზე. გთხოვ, აიღე ეს საჩუქარი’. ელისემ მიუგო: ‘არა, არ ავიღებ’. მან იცოდა, რომ საჩუქრის აღება არასწორი იქნებოდა, რადგან ნაამანი იეჰოვამ გამოაჯანმრთელა. მაგრამ ელისეს მსახურ გეხაზს ძალიან უნდოდა საჩუქრის აღება.

აი რა გააკეთა მან. ის გზაში დაეწია ნაამანს და უთხრა: ‘ელისემ შემოგითვალა, სტუმრები მომივიდნენ და მათთვის გამომიგზავნე საჩუქრებიო’. ეს, რა თქმა უნდა, ტყუილი იყო. მაგრამ ნაამანმა არ იცოდა, რომ გეხაზი ატყუებდა, და საჩუქრები გაატანა.

როცა გეხაზი სახლში დაბრუნდა, იეჰოვას უკვე ნათქვამი ჰქონდა ელისესთვის, რაც მან გააკეთა. ამიტომ ელისემ უთხრა: ‘რადგან ცუდად მოიქეცი, ნაამანის კეთრი შენზე გადმოვა’. გეხაზი მაშინვე კეთროვანი გახდა.

რას ვსწავლობთ აქედან? ამ პატარა გოგონას მსგავსად ჩვენც უნდა ვილაპარაკოთ იეჰოვას შესახებ. ამით დიდ სიკეთეს გავაკეთებთ. ასევე ნაამანის მსგავსად ამაყები კი არ უნდა ვიყოთ, არამედ უნდა დავემორჩილოთ ღვთის მსახურებს. დაბოლოს, არ უნდა ვიცრუოთ გეხაზის მსგავსად. ბიბლიის კითხვა მართლაც ბევრ რამეს გვასწავლის!