არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 75

ბაბილონში გადასახლებული ოთხი ბიჭი

ბაბილონში გადასახლებული ოთხი ბიჭი

მეფე ნაბუქოდონოსორმა განათლებული ისრაელები ბაბილონში გადაასახლა და მათგან ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ახალგაზრდები აარჩია. ამ სურათზე ოთხი მათგანი ჩანს. ერთს დანიელი ჰქვია, დანარჩენებს კი ბაბილონელებმა შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო დაარქვეს.

ნაბუქოდონოსორს უნდოდა, მათ განათლება მიეღოთ და სასახლეში ემსახურათ. სამწლიანი სწავლების შემდეგ ის მხოლოდ ყველაზე ჭკვიანებს აირჩევდა მრჩევლებად. მეფეს სურდა, რომ სწავლის დროს ბიჭები ჯანმრთელები და ძლიერები ყოფილიყვნენ. ამიტომ მან დაავალა მსახურებს, რომ მათთვის ისეთივე ნოყიერი საჭმელი და ღვინო მიეცათ, როგორსაც თავად მეფე და მისი ოჯახი მიირთმევდა.

შეხედე დანიელს. იცი, რა უთხრა მან ნაბუქოდონოსორის კარისკაცთა უფროსს, აშფენაზს? დანიელმა უთხრა მას, რომ არ სურდა მეფის სუფრიდან გამოგზავნილი ნოყიერი საკვების ჭამა. აშფენაზი შეწუხდა. ‘მეფემ გადაწყვიტა, რას შეჭამთ და რას დალევთ, — თქვა მან. — და სხვა ახალგაზრდებივით ჯანმრთელი იერი თუ არ გექნებათ, შეიძლება მომკლას’.

დანიელი მივიდა მეურვესთან, რომელიც აშფენაზმა დაუნიშნა მას და მის სამ მეგობარს, და უთხრა: ‘გთხოვ, გამოგვცადე ათი დღე. მოგვეცი საჭმელად ბოსტნეული და სასმელად წყალი. შემდეგ შეგვადარე ჩვენ და ისინი, ვინც მეფის სუფრიდან იკვებებიან, ვის უფრო ჯანმრთელი იერი ექნება’.

მეურვე დასთანხმდა. ათი დღის შემდეგ დანიელსა და მის სამ მეგობარს უფრო ჯანმრთელი იერი ჰქონდათ, ვიდრე სხვა ახალგაზრდებს. ამიტომ მეურვემ ამის შემდეგაც დართო ნება, რომ მეფის ნუგბარის ნაცვლად, ბოსტნეული ეჭამათ.

სამი წლის შემდეგ ყველა ახალგაზრდა მიიყვანეს ნაბუქოდონოსორთან. მათთან გასაუბრების შემდეგ, მეფემ აღმოაჩინა, რომ დანიელი და მისი სამი მეგობარი ყველაზე ჭკვიანები იყვნენ. ამიტომ ისინი სასახლეში მსახურებისთვის დატოვა. როცა მეფე დანიელს, შადრაქს, მეშაქსა და აბედნეგოს რთულ კითხვებს უსვამდა, ისინი ქურუმებსა და ბრძენკაცებზე ათჯერ უკეთეს პასუხებს სცემდნენ.