არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 76

იერუსალიმის განადგურება

იერუსალიმის განადგურება

ათი წელი გავიდა, რაც მეფე ნაბუქოდონოსორმა განათლებული ისრაელები ბაბილონში გადაასახლა. მაგრამ ნახე, რა ხდება! იერუსალიმი იწვის, ისრაელები კი, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ, ბაბილონში ტყვედ მიჰყავთ.

გაიხსენე, სწორედ ამის შესახებ აფრთხილებდნენ იეჰოვას წინასწარმეტყველები ბოროტ ხალხს, მაგრამ ისრაელებმა არ დაუჯერეს. იეჰოვას თაყვანისცემას მათ ცრუღმერთების თაყვანისცემა არჩიეს. ისინი იმსახურებდნენ სასჯელს. ღვთის წინასწარმეტყველი ეზეკიელი მოგვითხრობს, რა ბოროტებას სჩადიოდნენ ისრაელები.

იცი, ვინ იყო ეზეკიელი? ის იმ ახალგაზრდებთან ერთად იყო, რომლებიც მეფე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის განადგურებამდე ათი წლით ადრე წაიყვანა ბაბილონში. დანიელი და მისი სამი მეგობარიც — შადრაქი, მეშაქი და აბედნეგოც, იმ ხანებში წაიყვანეს ბაბილონში.

როცა ეზეკიელი ჯერ კიდევ ბაბილონში იყო, იეჰოვამ ახილვინა ის ბოროტი საქმეები, რომელთაც ისრაელები იეჰოვას ტაძარში სჩადიოდნენ იერუსალიმში. იეჰოვამ ეს სასწაულებრივად გააკეთა. თუმცა ეზეკიელი სინამდვილეში ბაბილონში იყო, იეჰოვამ დაანახვა ის, რაც ტაძარში ხდებოდა. ეზეკიელის ხილვა შემაძრწუნებელი იყო!

‘ნახე, რა სისაძაგლეს სჩადის ხალხი ტაძარში, — უთხრა იეჰოვამ ეზეკიელს. — ისრაელები კედლებზე ამოკვეთილ გველებსა და სხვა ცხოველებს სცემენ თაყვანს!’ ეზეკიელმა ნახა ყველაფერი და ჩაიწერა, რაც ხდებოდა.

‘ხედავ, რას სჩადიან ფარულად ისრაელის თავკაცები?’ — ჰკითხა იეჰოვამ ეზეკიელს. ეზეკიელი ამასაც ხედავს. 70 ისრაელი მამაკაცი ცრუ ღმერთებს სცემდა თაყვანს. ისინი ამბობდნენ: ‘იეჰოვა ვერ გვხედავს. მიატოვა მან ეს მიწა’.

ამის შემდეგ იეჰოვა ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭესთან მყოფ ქალებს უჩვენებს ეზეკიელს. ისინი თაყვანს სცემენ ცრუღმერთ თამუზს. ეზეკიელი ხედავს დაახლოებით 25 კაცსაც, რომლებიც იეჰოვას ტაძრის აღმოსავლეთ შესასვლელთან მზის წინაშე ემხობიან!

‘ეს ხალხი პატივს არ მცემს, — ამბობს იეჰოვა. — ისინი ჩემს ტაძარში მოდიან და სისაძაგლეებს სჩადიან!’ ამიტომ იეჰოვას განაჩენი გამოაქვს მათთვის: ‘ისინი ვერსად გაექცევიან ჩემს რისხვას და არ შევიბრალებ, როცა განადგურდებიან’.

ამ ხილვიდან სამი წლის შემდეგ ისრაელები მეფე ნაბუქოდონოსორს აუჯანყდნენ. მეფე აჯანყების ჩასახშობად გაემართა. წელიწად-ნახევრის შემდეგ ბაბილონელებმა დაანგრიეს იერუსალიმის კედლები და გადაწვეს ქალაქი. ისრაელების უმეტესობა დახოცეს ან ბაბილონში ტყვედ წაასხეს.

რატომ დაუშვა იეჰოვამ ისრაელების ასეთი საშინელი განადგურება? იმიტომ, რომ მათ არ მოუსმინეს იეჰოვას და არ დაემორჩილნენ მის კანონებს. აქედან ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია, ყოველთვის გავაკეთოთ ის, რასაც ღმერთი გვეუბნება.

ისრაელის მიწაზე თავიდან მცირე რაოდენობის ხალხს მისცეს დარჩენის უფლება. მეფე ნაბუქოდონოსორმა ეს ხალხი იუდეველ გედალიას ჩააბარა. მაგრამ მათ მოკლეს გედალია. ხალხს შეეშინდა, რომ ბაბილონელები მოვიდოდნენ და დახოცავდნენ მათ ჩადენილი ბოროტებისთვის. ამიტომ აიძულეს იერემია, მათთან ერთად გაქცეულიყო ეგვიპტეში.

ისრაელში აღარავინ დარჩა. 70 წლის განმავლობაში იქ არავის უცხოვრია და სრულიად გაუკაცრიელდა. მაგრამ იეჰოვა დაჰპირდა ხალხს, რომ 70 წლის შემდეგ სამშობლოში დააბრუნებდა. რა მდგომარეობაში იყო ამ ხნის მანძილზე ღვთის ხალხი ბაბილონში? მოდი გავიგოთ.