არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 79

დანიელი ლომების ხაროში

დანიელი ლომების ხაროში

შეხედე, დანიელი ლომების ხაროშია, მაგრამ ლომები არაფერს უშავებენ! იცი, რატომ? იცი, ვინ ჩააგდო დანიელი იქ? მოდი გავიგოთ.

ბაბილონში დარიოსი გამეფდა. მას ძალიან მოსწონდა დანიელი, რადგან ის კეთილი და ჭკვიანი კაცი იყო. დარიოსმა თავის სამეფოში მას დიდი ძალაუფლება მისცა. ამან სხვები შურით აღავსო და აი რა გააკეთეს მათ.

ისინი მივიდნენ დარიოსთან და უთხრეს: ‘ჩვენ შევთანხმდით, მეფეო, რომ უნდა გამოიცეს კანონი, რომლის თანახმადაც 30 დღის განმავლობაში შენ გარდა, მეფეო, არავის უნდა მიმართონ თხოვნით. ვინც არ დაემორჩილება ამ კანონს, ლომების ხაროში უნდა ჩააგდონ’. დარიოსმა მათი ზრახვების შესახებ არაფერი იცოდა. მას მოეწონა ეს აზრი და კანონი გამოსცა. ამ კანონის შეცვლა არავის შეეძლო.

დანიელმაც გაიგო ახალი კანონის შესახებ, მაგრამ სახლში მისულმა ჩვეულებისამებრ ღმერთს მიმართა თხოვნით. ბოროტმა კაცებმა იცოდნენ, რომ ის არ შეწყვეტდა იეჰოვასადმი ლოცვას. მათ უხაროდათ, რადგან მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა.

როცა დარიოსმა გაიგო, რისთვის უნდოდათ ამ კაცებს ასეთი კანონის გამოცემა, შეწუხდა, მაგრამ კანონის შეცვლა არ შეეძლო და იძულებული გახდა, დანიელი ლომების ხაროში ჩაეგდო. მანამდე კი დანიელს უთხრა: ‘იმედი მაქვს, რომ გიხსნის ღმერთი, რომელსაც ემსახურები’.

დარიოსი დანაღვლიანდა და ძილი გაუკრთა. როგორც სურათზე ჩანს, მან მეორე დილას ლომების ხაროსთან მიირბინა და დანიელს დაუძახა: ‘დანიელ, ცოცხალი ღვთის მსახურო, შეძლო შენმა ღმერთმა ლომებისგან შენი დაცვა?’

‘ღმერთმა ანგელოზი გამოგზავნა, — უპასუხა დანიელმა. — ლომებს პირები აუკრა და ვეღარაფერი დამიშავეს’.

მეფეს ძალიან გაუხარდა და დანიელის ხაროდან ამოყვანა ბრძანა. მან ლომების ხაროში ის ბოროტი კაცები ჩააყრევინა, რომლებსაც დანიელის დაღუპვა სურდათ. ვიდრე ხაროს ძირამდე ჩააღწევდნენ, ეცნენ მათ ლომები და ძვლები გადაუმტვრიეს.

ამის შემდეგ მეფე დარიოსმა მთელ სამეფოში ბრძანება გასცა: ‘ვბრძანებ, რომ ყველამ პატივი მიაგოს დანიელის ღმერთს. ის სასწაულებს ახდენს; დანიელი ლომების პირიდან იხსნა’.