არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 81

ღმერთზე მინდობილნი

ღმერთზე მინდობილნი

ათასობით ადამიანი ბაბილონიდან შორეულ იერუსალიმში გაემგზავრა, მაგრამ იქ ჩასულთ ქალაქი დანგრეული და გაუკაცრიელებული დახვდათ. მათ თავიდან უნდა აეშენებინათ ყველაფერი.

უპირველესად, მათ სამსხვერპლო ააგეს, რომელზეც იეჰოვასთვის ცხოველებს სწირავდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ისინი ტაძრის მშენებლობას შეუდგნენ. მაგრამ ახლომახლო მცხოვრებთ არ სურდათ, ისრაელებს ქალაქი აღედგინათ და მათ დაშინებას ცდილობდნენ. ბოლოს ისრაელის მტრები მოელაპარაკნენ სპარსეთის ახალ მეფეს, მშენებლობის შესაჩერებლად კანონი გამოეცა.

ისრაელების ბაბილონიდან წამოსვლის შემდეგ 17 წელი გავიდა. იეჰოვამ ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველები გაუგზავნა ხალხს, რომ მშენებლობა გაეგრძელებინათ. ხალხმა ღვთისადმი ნდობა გამოავლინა და წინასწარმეტყველებს დაემორჩილა. ისინი კვლავ შეუდგნენ მშენებლობას მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეკრძალებოდათ.

სპარსეთის მოხელე თათენაი მივიდა მათთან და ჰკითხა, ვინ მისცათ ტაძრის მშენებლობის უფლება. ისრაელებმა მიუგეს, რომ ბაბილონში ყოფნისას მეფე კიროსმა უთხრა მათ: ‘ახლა წადით იერუსალიმში და ააგეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ტაძარი’.

თათენაიმ წერილი გაგზავნა ბაბილონში, რომ გაეგო, მართლა ასე იყო თუ არა. კიროსი იმ დროისთვის ცოცხალი აღარ იყო. თათენაიმ მალევე მიიღო საპასუხო წერილი სპარსეთის ახალი მეფისგან. ის იტყობინებოდა, რომ კიროსმა ნამდვილად გასცა ეს ბრძანება. ის სწერდა: ‘აუგონ ისრაელებმა თავიანთ ღმერთს ტაძარი. გიბრძანებ, შენც დაეხმარო მათ’. ტაძრის მშენებლობა დაახლოებით ოთხ წელიწადში დამთავრდა და ისრაელები ძალიან ბედნიერები იყვნენ.

ტაძრის მშენებლობის დასრულებიდან თითქმის 48 წელი გავიდა. იერუსალიმის მკვიდრნი გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. ქალაქიც და ღვთის ტაძარიც ცუდ მდგომარეობაში იყო. ბაბილონში მცხოვრებმა ეზრამ გაიგო, რომ ღვთის ტაძარს შეკეთება სჭირდებოდა. იცი, რა გააკეთა მან?

ეზრა სპარსეთის მეფე არტაქსერქსესთან მივიდა და ამ კეთილმა მეფემ უამრავი საჩუქარი გაატანა იერუსალიმში. ეზრამ ბაბილონში მცხოვრებ ისრაელებს სთხოვა, იერუსალიმში საჩუქრების ჩატანაში დახმარებოდნენ. მას დაახლოებით 6 000 კაცი გამოეხმაურა. იერუსალიმში მათ დიდძალი ოქრო-ვერცხლი და სხვა ძვირფასი ნივთები წაიღეს.

ეზრა შიშობდა, რომ გზაში ყაჩაღები ოქრო-ვერცხლს წაართმევდნენ, მათ კი დახოცავდნენ. ამიტომ, როგორც სურათზე ხედავ, ეზრამ შეკრიბა ხალხი და იეჰოვას დახმარება სთხოვა, რომ დაეცვა ისინი მგზავრობის დროს.

იეჰოვამ დაიცვა ისინი. ოთხი თვის შემდეგ ისინი მშვიდობით ჩავიდნენ იერუსალიმში. აქედან ვსწავლობთ, რომ იეჰოვა იცავს მათ, ვინც მას ენდობა.