არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 84

მარიამს ანგელოზი გამოეცხადა

მარიამს ანგელოზი გამოეცხადა

ეს ლამაზი ქალი მარიამია. ის ებრაელია და ნაზარეთში ცხოვრობს. ღმერთმა იცის, რომ ის კარგი ადამიანია და ამიტომ გაუგზავნა ანგელოზი გაბრიელი. იცი, რის სათქმელად მივიდა ანგელოზი მარიამთან? მოდი გავიგოთ.

‘გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთან არის იეჰოვა’, — უთხრა გაბრიელმა მას. მარიამს ის არასოდეს ენახა და შეშფოთდა, რადგან არ ესმოდა მისი სიტყვების მნიშვნელობა. მაგრამ გაბრიელმა დაამშვიდა.

‘ნუ გეშინია, მარიამ, — უთხრა მან. — იეჰოვას კეთილგანწყობა პოვე. მალე ვაჟი გეყოლება, რომელსაც იესო უნდა დაარქვა’.

შემდეგ კი გაბრიელმა აუხსნა: ‘დიდი იქნება ის და უზენაესი ღმერთის ძე დაერქმევა. იეჰოვა მას დავითის მსგავსად გაამეფებს. იესო მარადიულად იმეფებს და მის სამეფოს ბოლო არ ექნება’!

‘როგორ მოხდება ეს? — ჰკითხა მარიამმა. — მე ხომ გათხოვილი არა ვარ და კაცი არ გამკარებია? როგორ მეყოლება ბავშვი?’

‘ღვთის ძალა გადმოვა შენზე, — უპასუხა გაბრიელმა. — ამიტომ ბავშვს ღვთის ძე დაერქმევა’. შემდეგ დასძინა: ‘შენს ნათესავ ელისაბედზე ხალხი ამბობდა, რომ სიბერის გამო ბავშვს ვერ გააჩენდა, მაგრამ მალე ბიჭი ეყოლება. ასე რომ, ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია’.

მარიამმა მაშინვე მიუგო: ‘იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს’. ამ სიტყვების შემდეგ ანგელოზი წავიდა.

მარიამი ელისაბედის სანახავად გაეშურა. როცა ელისაბედმა მისი ხმა გაიგონა, მუცელში ბავშვი შეუთამაშდა. ელისაბედი ღვთის სულით აივსო და მარიამს უთხრა: ‘კურთხეული ხარ ქალებს შორის’. მარიამი სამ თვეს დარჩა ელისაბედთან და მერე ნაზარეთში დაბრუნდა.

მარიამი იოსებს უნდა გაჰყოლოდა ცოლად. მაგრამ, როცა იოსებმა შეიტყო, რომ ის ფეხმძიმედ იყო, აღარ მოისურვა მასზე დაქორწინება. ღვთის ანგელოზმა უთხრა მას: ‘ნუ გეშინია მარიამის ცოლად მოყვანა. ვაჟი მას ღვთისგან ეყოლება’. მარიამი და იოსები დაქორწინდნენ და იესოს დაბადებას დაელოდნენ.