არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 87

პატარა იესო ტაძარში

პატარა იესო ტაძარში

ნახე, ეს პატარა ბიჭი უფროს კაცებს ესაუბრება. ეს კაცები იერუსალიმის ტაძარში ღვთის კანონებს ასწავლიან, ბიჭი კი იესოა. ის უკვე 12 წლისაა.

მასწავლებლებს უკვირთ, რომ იესომ ძალიან ბევრი იცის ღვთისა და ბიბლიის შესახებ. მაგრამ რატომ არის იესო ტაძარში მარტო? სად არიან იოსები და მარიამი? მოდი გავიგოთ.

იოსებს ყოველ წელს მიჰყავდა თავისი ოჯახი იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. ნაზარეთიდან იერუსალიმამდე დიდი გზა იყო. მაშინ არც მანქანა ჰყავდა ვინმეს და არც მატარებლები არსებობდა. უმეტესობა ფეხით დადიოდა და იერუსალიმში ჩასასვლელად სამი დღე სჭირდებოდათ.

იოსებს ამ დროისთვის უკვე დიდი ოჯახი ჰყავდა. იესოს პატარა და-ძმებს მიხედვა სჭირდებოდა. ამ წელსაც იოსები და მარიამი შვილებთან ერთად იერუსალიმიდან ნაზარეთში ბრუნდებოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ იესო სხვებთან ერთად იყო, მაგრამ საღამოს ვერსად იპოვეს. მათ მოიკითხეს ის ნათესავებთან და მეგობრებთან, მაგრამ არსად იყო. ბოლოს ისინი მის მოსაძებნად იერუსალიმში დაბრუნდნენ.

როგორც იქნა, მათ იპოვეს იესო. ის ტაძარში მასწავლებლებს უსმენდა და კითხვებს უსვამდა. ყველა გაოცებული იყო მისი ცოდნით. მარიამმა უსაყვედურა იესოს: ‘შვილო, ეს რა გვიყავი? მე და მამაშენი გულშემოყრილები დაგეძებთ’.

‘რატომ მეძებდით? — ჰკითხა იესომ. — ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში ვიქნებოდი?’

იესოს მოსწონდა იქ ყოფნა, სადაც ღვთის შესახებ სწავლობდა. განა ჩვენც იმავეს არ უნდა ვგრძნობდეთ?! ნაზარეთში დაბრუნებული იესო ყოველკვირა ესწრებოდა თაყვანისმცემლობის შეხვედრებს. ის ყოველთვის ყურადღებით ისმენდა და ბიბლიიდან ბევრი რამე ისწავლა. მოდი ჩვენც მივბაძოთ იესოს და მივყვეთ მის მაგალითს.