არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 88

იესოს ნათლობა

იესოს ნათლობა

ნახე, ამ კაცის თავზე მტრედი ეშვება. ეს კაცი იესოა. ის ახლა დაახლოებით 30 წლისაა. მეორე კაცი იოანეა. ჩვენ უკვე წავიკითხეთ მის შესახებ. გახსოვს, როცა მარიამი ეწვია თავის ნათესავ ელისაბედს, მას მუცელში ბავშვი შეუთამაშდა? ის ბავშვი იოანე იყო. მაგრამ, რას აკეთებენ ახლა იოანე და იესო?

იოანემ ეს-ეს არის მდინარე იორდანეში მონათლა იესო. აი როგორ ხდება ნათლობა. ადამიანს მთლიანად ფარავენ წყლით და შემდეგ ამოჰყავთ იქიდან. სწორედ ასე ნათლავდა იოანე ხალხს და ამიტომ უწოდეს იოანე ნათლისმცემელი. მაგრამ რატომ მონათლა იოანემ იესო?

იოანეს იესომ სთხოვა, მოენათლა. ის მათ ნათლავდა, ვინც ცოდვებს ინანიებდა. მაგრამ ცოდვილი იყო იესო, რომ მოენანიებინა? არა. იესოს არასოდეს შეუცოდავს, რადგან ღვთის ძე იყო. მან იოანეს სხვა მიზეზით სთხოვა, რომ მოენათლა. მოდი ვნახოთ რა მიზეზით.

სანამ მოინათლებოდა, იესო დურგალი იყო. დურგალი ხისგან ამზადებს მაგიდებს, სკამებსა და სხვა ნივთებს. იესოს ეს ხელობა შეასწავლა იოსებმა, რომელიც დურგალი იყო. მაგრამ იეჰოვას თავისი ძე დედამიწაზე ამ მიზნით არ გამოუგზავნია. მას ღვთისგან განსაკუთრებული დავალება ჰქონდა მიცემული და დადგა დრო, რომ შეესრულებინა ის. ამის საჩვენებლად იესომ იოანეს სთხოვა, რომ მოენათლა. მოიწონა ღმერთმა იესოს ნათლობა?

დიახ. როცა იესო წყლიდან ამოვიდა, ზეციდან ხმა გაისმა: ‘ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე’. ამის შემდეგ თითქოს ცა გაიხსნა და მტრედი დაეშვა იესოზე. მაგრამ ეს ნამდვილი მტრედი არ იყო. ის უბრალოდ ჰგავდა მას. სინამდვილეში ის ღვთის წმინდა სული იყო.

იესოს ბევრ რამეზე უნდა ეფიქრა, ამიტომ 40 დღით განმარტოვდა უდაბნოში. იქ სატანა მივიდა მასთან და სამჯერ შეეცადა, რომ იესოს ღვთის კანონი დაერღვია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ამის შემდეგ იესო დაბრუნდა უდაბნოდან და შეხვდა რამდენიმე კაცს, რომლებიც მისი პირველი მიმდევრები ანუ პირველი მოწაფეები გახდნენ. ესენი იყვნენ ანდრია, პეტრე (მას სიმონიც ერქვა), ფილიპე და ნათანაელი (მას ბართლომეც ერქვა). იესო და მისი მოწაფეები გალილეაში გაემგზავრნენ. ისინი ნათანაელის მშობლიურ ქალაქ კანაში გაჩერდნენ. კანაში იესო მიიწვიეს ქორწილში, სადაც მან პირველი სასწაული მოახდინა. იცი, რა იყო ეს? მან წყალი ღვინოდ გადააქცია.