არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 92

იესომ მკვდრები გააცოცხლა

იესომ მკვდრები გააცოცხლა

გოგონა, რომელსაც სურათზე ხედავ, 12 წლისაა. იესოს მისი ხელი უჭირავს, მისი მშობლები კი საწოლთან დგანან. იცი, რა უხარიათ მათ? მოდი გავიგოთ.

გოგონას მამა, იაიროსი პატივდებული კაცი იყო. ერთ დღეს გოგონა ცუდად გახდა და ლოგინში ჩააწვინეს. მაგრამ გამოჯანმრთელების ნაცვლად, მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. იაიროსი და მისი ცოლი ძალიან წუხდნენ, რადგან ხვდებოდნენ, რომ გოგონა ხელიდან ეცლებოდათ. ის მათი ერთადერთი შვილი იყო. ამიტომ იაიროსი იესოს მოსაძებნად წავიდა. მას გაგონილი ჰქონდა, რა სასწაულებს ახდენდა იესო.

იესოსთან უამრავი ხალხი იყო, როცა იაიროსმა ის იპოვა. მან ბრბო გაარღვია და იესოს ფეხებში ჩაუვარდა. ‘ჩემი გოგონა ძალიან, ძალიან ცუდად არის. გთხოვ, წამომყევი და განკურნე’, — ეხვეწებოდა ის. იესო დაჰპირდა, რომ გაჰყვებოდა.

მიმავალ იაიროსსა და იესოს ხალხი ზედ აწყდებოდა. უცბად იესო შეჩერდა და იკითხა: ‘ვინ შემეხო?’ მან იგრძნო, რომ მისგან ძალა გავიდა და მიხვდა, რომ ვიღაც შეეხო. მაგრამ ვინ იყო ის? ის იყო ქალი, რომელიც 12 წლის მანძილზე ავადმყოფობდა. ქალი მივიდა ახლოს, შეეხო იესოს ტანსაცმელს და განიკურნა!

ამან იაიროსი გაამხნევა, რადგან დაინახა, რომ იესოსთვის ადვილი იყო ავადმყოფის განკურნება. ამასობაში მაცნე მივიდა იაიროსთან და უთხრა: ‘ნუღარ შეაწუხებ იესოს. შენი ქალიშვილი მოკვდა’. იესომ გაიგონა ეს და დაამშვიდა იაიროსი: ‘ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება’.

ბოლოს ისინი მივიდნენ იაიროსის სახლთან, სადაც ხალხი მოთქვამდა. იესომ უთხრა მათ: ‘ნუ ტირით. ბავშვი არ მომკვდარა. მას მხოლოდ სძინავს’. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო და იესოს ნათქვამი სიცილად არ ეყოთ.

იმ ოთახში, სადაც ბავშვი იწვა, იესომ მხოლოდ გოგონას მშობლები და სამი მოციქული შეიყვანა. მან გოგონას ხელზე ხელი მოჰკიდა და უთხრა: ‘ადექი!’ როგორც სურათზე ხედავ, გოგონა გაცოცხლდა. ის ფეხზე წამოდგა და ოთახში გაიარა! დედ-მამის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

იესოს მხოლოდ ეს გოგონა არ აღუდგენია მკვდრეთით. პირველი, ვისზეც ბიბლია მოგვითხრობს, რომ იესომ მკვდრეთით აღადგინა, იყო ნაინში მცხოვრები ქვრივის ვაჟი. მოგვიანებით იესომ მკვდრეთით აღადგინა მართასა და მარიამის ძმა ლაზარე. როცა იესო ზეციდან იმეფებს, ის უამრავ მკვდარს გააცოცხლებს. რა სასიხარულო იქნება, არა?!