არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 93

უამრავი ადამიანის დაპურება

უამრავი ადამიანის დაპურება

მოხდა საშინელება — მოკლეს იოანე ნათლისმცემელი. მეფის ცოლს, ჰეროდიას, ის არ მოსწონდა და მეფეს მისთვის თავი მოაკვეთინა.

იესო ძალიან დაამწუხრა ამ ამბავმა. მას უკაცრიელ ადგილზე განმარტოება სურდა, მაგრამ ხალხი უკან გაჰყვა. როცა იესომ დიდძალი ხალხი დაინახა, შეეცოდა ისინი, ღვთის სამეფოს შესახებ ელაპარაკა და ავადმყოფები განკურნა.

საღამოს მასთან მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს: ‘უკვე გვიანია, თანაც უკაცრიელ ადგილზე ვართ. გაუშვი ეს ხალხი, რომ ახლომდებარე სოფლებში საკვები იყიდონ’.

‘მათი წასვლა საჭირო არ არის, — მიუგო იესომ. — თქვენ მიეცით საჭმელი’. მერე ფილიპეს ჰკითხა: ‘სად ვიყიდოთ ყველასთვის საკმარისი საკვები?’

‘ყველას ცოტაც რომ შეხვდეს, ძალიან ბევრი ფულია საჭირო’, — უპასუხა ფილიპემ. მაშინ ანდრიამ თქვა: ‘ამ პატარა ბიჭს ხუთი პური და ორი თევზი აქვს. მაგრამ ამდენ ხალხს რას ეყოფა’.

‘უთხარით ხალხს, ბალახზე დასხდნენ’, — უთხრა იესომ მოწაფეებს. შემდეგ ღმერთს მადლობა გადაუხადა საკვებისთვის და პური დაამტვრია. მოწაფეებმა პური და თევზი ხალხს ჩამოურიგეს. იქ 5 000 კაცი და ათასობით ქალი და ბავშვი იყო. ყველანი დანაყრდნენ. მორჩენილი ნატეხებით მოწაფეებმა 12 კალათი აავსეს.

იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, ნავში ჩამსხდარიყვნენ და გალილეის ზღვის მეორე ნაპირზე გასულიყვნენ. ღამით დიდი ქარიშხალი ამოვარდა და ტალღები ნავს აქეთ-იქით ახეთქებდა. მოწაფეებს ძალიან შეეშინდათ. შუაღამისას დაინახეს, რომ წყლის ზედაპირზე ვიღაც მათკენ მიდიოდა. მათ მოჩვენება ეგონათ და შიშისგან შეჰყვირეს.

‘მე ვარ, ნუ გეშინიათ!’ — დაამშვიდა ისინი იესომ. მოწაფეებმა არ დაიჯერეს. პეტრემ უთხრა: ‘უფალო, თუ ეს ნამდვილად შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ’. იესომ უთხრა: ‘მოდი!’ პეტრე ნავიდან გადავიდა და წყალდაწყალ წავიდა იესოსკენ, მაგრამ შეეშინდა და ჩაძირვა დაიწყო. იესომ ხელი გაუწოდა და გადაარჩინა.

მოგვიანებით იესომ კვლავ დააპურა ათასობით ადამიანი; ამჯერად შვიდი პურითა და რამდენიმე პატარა თევზით და მაშინაც ყველა დანაყრდა. იესო საოცრად ზრუნავდა ხალხზე. მომავალში, როცა ის ზეციდან იმეფებს, აღარაფერზე ვიდარდებთ.