არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 94

იესო და ბავშვები

იესო და ბავშვები

შეხედე, იესო პატარა ბიჭს ეხვევა. ჩანს, რომ მას უყვარს პატარები. ეს კაცები კი მოციქულები არიან. რას ეუბნება იესო მათ? მოდი გავიგოთ.

იესო და მისი მოციქულები ახლახან დაბრუნდნენ შორეული მოგზაურობიდან. გზაში მოციქულები ერთმანეთში კამათობდნენ. იესომ ჰკითხა მათ: ‘რაზე კამათობდით გზაში?’ მან იცოდა, რაზეც კამათობდნენ, მაგრამ აინტერესებდა, თავად მოციქულები რას ეტყოდნენ.

მათ იესოს არაფერი უპასუხეს, რადგან გზაში იმაზე კამათობდნენ, ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის. ზოგ მოციქულს სურდა, რომ სხვებზე გამორჩეული ყოფილიყო. როგორ აუხსნა იესომ მათ, რომ ასეთი სურვილი არასწორია?

იესომ დაუძახა პატარა ბიჭს, მოციქულების წინ დააყენა და უთხრა მათ: ‘მინდა, რომ ნათლად გაიგოთ: თუ არ შეიცვლებით და ბავშვებივით არ გახდებით, ვერ შეხვალთ ზეციერ სამეფოში. ვინც ამ ბავშვივით იქნება, ის ყველაზე დიდი იქნება ზეციერ სამეფოში’. იცი, რატომ თქვა იესომ ეს სიტყვები?

ჩვეულებრივ, პატარა ბავშვებს არ აღელვებთ, რამდენად დიდები ან გამორჩეულები არიან. მოციქულებს უნდა მიებაძათ ბავშვებისთვის და არ უნდა ეკამათათ იმაზე, ვინ უფრო დიდი ან გამორჩეული იყო.

იესომ არაერთხელ ცხადყო, რომ უყვარდა პატარები. ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ ხალხმა თავიანთი შვილები იესოსთან მიიყვანა. მოციქულებს არ უნდოდათ, რომ ბავშვებს იესო შეეწუხებინათ. მაგრამ იესომ უთხრა მათ: ‘თავი დაანებეთ ბავშვებს, ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო’. ის მოეხვია ბავშვებს და აკურთხა. ხომ გიხარია, რომ იესოს ბავშვები უყვარს?!