არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 95

კარგი მასწავლებელი

კარგი მასწავლებელი

ერთხელ იესომ უთხრა ერთ კაცს, რომ უნდა ჰყვარებოდა თავისი მოყვასი. კაცმა ჰკითხა იესოს: ‘ვინ არის ჩემი მოყვასი?’ იესომ იცოდა, რას ფიქრობდა ეს კაცი. ის მოყვასად მხოლოდ თავისი ეროვნებისა და რელიგიის ადამიანებს მიიჩნევდა. მოდი ვნახოთ, რა უპასუხა იესომ.

სწავლებისას იესო ზოგჯერ მაგალითებს იყენებდა. ამ შემთხვევაშიც ასე მოიქცა და ამ კაცს იუდეველისა და სამარიელის შესახებ ერთი ამბავი მოუყვა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ იუდეველთა უმეტესობას არ უყვარდა სამარიელები. აი ეს ამბავიც:

ერთ დღეს იუდეველი კაცი იერიხონში მიდიოდა. გზაში ყაჩაღები დაესხნენ თავს. ფული წაართვეს, მაგრად სცემეს და ცოცხალმკვდარი დააგდეს.

მოგვიანებით გზაზე იუდეველმა მღვდელმა ჩაიარა და ნაცემი კაცი დაინახა. როგორ ფიქრობ, რა გააკეთა მან? ის გზის მეორე მხარეს გადავიდა და გზა განაგრძო. შემდეგ სხვა მორწმუნემ ჩაირა. ის ლევიანი იყო. არც ის გაჩერდა ნაცემი კაცის დასახმარებლად. როგორც ამ სურათზე ხედავ, მღვდელიც და ლევიანიც უკვე შორს არიან მისგან.

მაგრამ ეს ვინ გაჩერდა ნაცემ კაცთან? სამარიელი. ის იუდეველს ეხმარება, ჭრილობებს უხვევს და სასტუმროში მიჰყავს, რომ ცოტა დაისვენოს და მომჯობინდეს.

ამ ამბის მოყოლის შემდეგ იესომ ჰკითხა იმ კაცს: ‘რომელია ამ სამიდან ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი: მღვდელი, ლევიანი თუ სამარიელი?’

კაცმა უპასუხა: ‘სამარიელი. მან გულმოწყალება გამოავლინა’.

იესომ უთხრა: ‘მართალი ხარ. წადი და შენც ასევე მოიქეცი’.

იესო მართლაც კარგი მასწავლებელი იყო. თუ მის სიტყვებს ბიბლიაში წავიკითხავთ, ძალიან ბევრ რამეს ვისწავლით.