არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 99

ზემოთა ოთახში

ზემოთა ოთახში

გავიდა ორი დღე. დადგა ხუთშაბათი საღამო. იესო და მისი 12 მოციქული პასექის აღსანიშნავად ამ დიდ ზემოთა ოთახში შეიკრიბნენ. სურათზე ჩანს, რომ იუდა ისკარიოტელი ოთახიდან გადის. ის მიდის მღვდლებთან, რომ იესოს ადგილსამყოფელი გააგებინოს.

წინა დღეს იუდა მივიდა მღვდლებთან და ჰკითხა: ‘რას მომცემთ, თუ იესოს შეპყრობაში დაგეხმარებით?’ მათ უპასუხეს: ‘ვერცხლის ოცდაათ მონეტას’. ასე რომ, იუდა მღვდლებთან მიდის, რომ ისინი იესოსთან მიიყვანოს. რა საშინელებაა, არა?!

საპასექო ვახშმის შემდეგ იესომ სხვა განსაკუთრებული ვახშამი დააწესა. მან აიღო პური, მოციქულებს მისცა და უთხრა: ‘ჭამეთ, რადგან ეს ნიშნავს ჩემს სხეულს, რომელსაც თქვენთვის გავიღებ’. შემდეგ აიღო ღვინით სავსე სასმისი, მისცა მათ და უთხრა: ‘დალიეთ, რადგან ეს ნიშნავს ჩემს სისხლს, რომელიც თქვენთვის დაიღვრება’. ეს ვახშამი ბიბლიაში ‘უფლის ვახშმად’ არის მოხსენებული.

პასექის ჭამა ისრაელებს შეახსენებდა იმ დროს, როცა ღვთის ანგელოზმა ეგვიპტეში გვერდი აუარა მათ სახლებს, ეგვიპტელთა პირმშოები კი დახოცა. იესოს სურდა, მის მიმდევრებს არ დავიწყებოდათ ის და ხსომებოდათ, როგორ გასწირა მათთვის თავი. ამიტომ უთხრა, რომ ყოველ წელს აღენიშნათ ეს განსაკუთრებული ვახშამი.

უფლის ვახშმის დამთავრების შემდეგ იესომ მოციქულებს უთხრა, გაბედულები ყოფილიყვნენ და მტკიცე რწმენა ჰქონოდათ. ბოლოს მათ ღვთის სადიდებელი სიმღერები იმღერეს და წავიდნენ. უკვე გვიანი იყო, შესაძლოა შუაღამეც კი. მოდი გავიგოთ, სად წავიდნენ ისინი.